კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაჰმადიან მესხთა პრობლემა პრობლემად რჩება

18 აგვისტო, 2009

ირინა ჭოჭუა

ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულების თანახმად ე. წ. „თურქი მესხების“ რეპატრიაციის პროცესი 2002 წელს უნდა დაწყებულიყო და 2011 წლისთვის უნდა დასრულებულიყო. დადგენილი ვადის ამოწურვამდე რჩება მხოლოდ 2 წელი, მაგრამ მაჰმადიან მესხთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებისთვის არც საჭირო თანხა არსებობს, არც შესაბამისი ეკონომიკური თუ პოლიტიკური ამინდი ქვეყანაში. მესხეთიდან დეპორტირებული მაჰმადიანი ქართველები კი სრულიად სამართლიანად ითხოვენ საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ წლების განმავლობაში მასიურად და უხეშად ირღვეოდა მათი უფლებები. დეპორტირებულ მესხებს კი სამშობლოში დასაბრუნებლად მხოლოდ იურიდიული საფუძველი გააჩნიათ.

1999 წელს ევროსაბჭოში გაწევრიანებისას საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე, რომლის საფუძველზე უნდა შექმნილიყო საკანონმდებლო ბაზა 1944 წელს მესხეთიდან დეპორტირებული მაჰმადიანი ქართველების რეაბილიტაციის, რეპატრიაციის და ინტეგრაციისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც საქართველო ევროსაბჭოსს წევრი ქვეყანა გახდა, კანონპროექტის მიღების საკითხმა ნაკლებად პრიორიტეტული თემების რიგში გადაინაცვლა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი ევროსაბჭოს წინაშე ნაკისრი ვლადებულება რიგი მიზეზების გამო კვლავ აქტუალურია. 2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი რეპატრიაციის შესახებ, მაგრამ, შეიძლება ითქვას, არასრული სახით. კანონი მესხების დაბრუნების მხოლოდ იურიდიული საფუძველია და მასში არ არის შეტანილი მუხლები რეპატრიაციის პროცესისა და სარეაბილიტაციოს ცენტრების დაფინანსების შესახებ. კანონი ამავდროულად ქმნის ბიუროკრატიულ სიძნელეებს, რაც აფერხებს პროცესის მიმდინარეობას.

წლების განმავლობაში დეპორტირებული მესხების თემა პოლიტიკური სპეკულაციისა და ანტიმესხური კამპანიის საგანი იყო. არსებობს მთელი რიგი ფაქტორები, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს რეპატრიაციის პროცესზე: ქვეყნის დღევანდელი რთული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა, დემოგრაფიული ბალანსის დარღვევის საფრთხე, შესაძლო ეთნიკური კანფლიქტი სომხებსა და მაჰმადიან მესხებს შორის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით 300 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირის არსებობა. ამგვარი დამოკიდებულების შედეგად ჩნდება წარმოგდენა, რომ საქართველოს ხელისუფლება მესხთა პრობლემების გადასაწყვეტად რეალურად არაფერს აკეთებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია მესხების სახელდების პრობლემა. ქართული საზოგადოების ნაწილი მათ „თურქი მესხების“ სახელით იცნობს, რაც არასწორია. ტერმინის წარმოშობა განაპირობა იმ ისტორიულმა პროცესებმა, რაზეც მოგვიანებით გვექნება საუბარი.
 
რეაპტრიაციის ხელშეწყობის საერთაშორისო ფონდის 2005 წლის მონაცემებით მაჰმადიანი მესხები ცხრა ქვეყანაში ცხოვრობენ, ესენია: შუა აზიის სამივე ქვეყანა, რუსეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები. საქართველოში რეგისტრირებულია 755 რეპატრიანტი. აზერბაიჯანში მცხოვრები 70 000 მესხიდან დაახლოებით 40 ათასმა უკვე წარადგინა განაცხადი, რუსეთში 30 ათასი განაცხადია მიღებული. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეპატრიაციის სამმართველოს ოფიციალური მონაცემებით საქართველოში განსახილველად ჯერ მხოლოდ 2 200 ანკეტა არის ჩამოსული. კანონის მიხედვით საჭიროა 13 საბუთისგან შემდგარი დოკუმენტაცია, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე. მესხების უმრავლესობამ ეს ენები არ იცის, ამიტომ თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება უწევთ, რაც თანხებთანაა დაკავშირებული. ამ მიზეზით ანკეტირების დასრულების ვადა უკვე მეორეჯერ გადაიდო. რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების შესახებ განცხადების განხილვა 2010 წლის 1 იანვრიდან დაიწყება.

ცოტა რამ ისტორიიდან

1944 წელს სსრკ შინაგან საქმეთა მინისტრმა ლავრენტი ბერიამ სტალინისგან მოითხოვა სამხრეთ საქართველოდან მთელი მაჰმადიანი მოსახლეობის გასახლება „საქართველოში სახელმწიფო საზღვრის დაცვის გაუმჯობესების მიზნით“. მოთხოვნაში მოხსენიებულნი არიან აქამდე „აზერბაიჯანელებად“ აღრიცხული „თურქები“. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთიდან დეპორტირებული მაჰმადიანების ძირითადი ნაწილი მესხეთის მკვიდრი მოსახლეობა იყო, ტომით ქართველები.

მესხები ერთ-ერთი უძველესი ქართული ტომია, ქართული ეთნოსის მთავარი წევრი. ქრისტიანობა მესხეთში I საუკუნეში ვრცელდება. XVI ს-ში თურქეთმა მიიტაცა მესხეთი და დაარქვა მას „გურჯისტანის ვილაიეთი“. თურქული ადმინისტრაციის მიერ ფიზიკური ძალადობითა და ეკონომიკური ზეწოლით განხორციელებული მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგს მოჰყვა მესხთა დიდი ნაწილის გამაჰმადიანება.  ისლამიზაციის შედეგად მესხები ივიწყებდნენ ქართულ ენას, რადგან სალაპარაკო ენად თურქული ითვლებოდა. 1744 წელს კი მესხეთმა დაკარგა ავტონომია. ტერმინი „თურქი მესხები“ საბჭოთა კავშირის საინფორმაციო საშუალებების მიერ 70-იან წლებში დამკვიდრდა. „ქართველი მაჰმადიანის“ ფენომენი კი  ქართული კულტურის წიაღში აჭარის დაბრუნების შემდეგ წარმოიშვა. მიუხედავად დიდ წნეხისა თურქული ადმინისტრაციის მხრიდან აჭარლებმა მაინც შეინარჩუნეს ქართული ტრადიციები და გვარები. მართალია გამაჰმადიანდნენ, მაგრამ თავს მაინც ქართველებად თვლიან.

მგდომარეობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა. იმპერიის ხელისუფლება მესხეთში ამკვიდრებდა თურქულ ენასა და ისლამს, ხსნიდა თურქულ საერო და მუსლიმანურ სასულიეო სკოლებს, ქართველ მაჰმადიანებს ძალდატანებით ასახლებდა თურქეთში, გათავისუფლებულ ადგილებზე კი სომხები იმკვიდრებდნენ ბინას. აღსანიშნავია, რომ მაჰმადიანი მესხები ზეწოლის მიუხედავად იცავდნენ ქართულ ტრადიციებს და უფრთხილდებოდნენ ქართულ გვარებს.

აღმსარებლობის მიხედვით მესხების დაყოფის პოლიტიკა საბჭოთა ხელისუფლების პირველ ათეულ წლებშიც გაგრძელდა. ამჯერად მაჰმადიანი მესხები მიაკუთვნეს აზრებაიჯანულ ეროვნებას. საქმეთა წარმოება ხდებოდა აზერბაიჯანულ ენაზე, გამოდიოდა აზერბაიჯანული გაზეთები, იხსნებოდა აზერბაიჯანული სკოლები და თეატრი. შესაბამისი კადრები ბაქოდან ჩამოჰყავდათ. მასობრივად დაიწყო ქართული გვარების აზერბაიჯანულით შეცვლა.

1944 წელს მესხეთიდან დეპორტირებულ ქურთებთან, ხემშილებთან და იეზიდებთან ერთად დეპორტირებული იყო 105 ათასი ე. წ. „თურქი“. მომდევნო წლებში დეპორტირებული მესხები ცხოვრობდნენ შუა აზიასა და ყაზახეთის რესპუბლიკაში საკომენდანტო ზედამხედველობის ქვეშ. 1956 წლის 28 აპრილს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით მესხები სპეცდასახლებათა აღრიცხვიდან მოხსნეს და შინაგან საქმეთა ორგანოების ადმინისტრაციული ზედამხედველობიდან გაათავისუფლეს.

„დღეს საქართველოს უფრო სჭირდება მესხები, ვიდრე მესხებს საქართველო“

უკვე 65 წელია გასული იმ ავადსახსენებელი გადასახლებიდან. ამ წლების განმავლობაში მაჰმადიან მესხებს არასდროს შეუწყვეტიათ სამშობლოზე ფიქრი და ზრუნვა. ე. წ. „თურქი მესხების“ პრობლემების შესახებ გვესაუბრება რეაპტრიაციის ხელშეწყობის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარის მოადგილე თემურ ლომსაძე.

- ბატონო თემურ, რამდენად სრულყოფილია 2007 წელს მიღებული რეპატრიაციის კანონი?

- ორი წელი მიმდინარეობდა ამ კანონპროექტზე მუშაობა. ჩართული იყვნენ საუკეთესო ქართველი იურისტები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციები, ლტოლვილთა საბჭო და ა. შ. შედგენილი კანონპროექტი ორჯერ გაიგზავნა საერთაშორისო ექსპერტიზაზე, რის შემდეგაც ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ტერი დევისმა კიდევ ერთხელ მიგვიწვია სტრასბურგში კანონპროექტის აპრობაციისათვის. ეს გახლდათ სასტარტოდ ნორმალური კანონი, სადაც იყო ლაპარაკი სოციალურ დაცვაზე, საპენსიო უზრუნველყოფაზე, დაფინანსებაზე, სარეაბილიტაციო ცენტრების არსებობაზე. პირველ რიგში მოტივირებული იყო ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებაზე, არ უნდა დარღვეულიყო მესხების უფლებები, შეიცავდა უამრავ ისეთ საკითხს, რომელსაც ითვალისწინებს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები და ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ევროპაში არსებობს ადამიანის უფლებათა, ლტოლვილთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა შესახებ. კანონს თანდართული ჰქონდა სამოქმედო გეგმა. ჩვენ შევიმუშავეთ კვოტირების საკითხი. ჩვენი ქვეყნისა და მესხების ინტერესების გათვალისწინებით, ინტეგრაციის პრობლემებიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ მესხები არ დასახლდნენ კომპაქტურად. რეპატრიაცია არ არის ადვილი პროცესი. საჭიროა შეიქმნას და დამუშავდეს კონკრეტული სტრატეგია. დაწვრილებითი უნდა იყოს შემუშავებული ყოველკვირეული სამოქმედო გეგმა, პროგნოზები, გათვლები, თუ რა რაოდენობის ოჯახი ჩამოვასახლოთ კონკრეტულ ვადებში. დღესდღეობით არაფერი არ არის გაკეთებული. 40 ათასი ანკეტა რომ შემოვიდეს, საქმე ძალიან გართულდება. შემდგომში გადამუშავდა ეს კანონი. რასაკვირველია, 2007 წელს მიღებული კანონი სრულყოფილებისაგან ძალიან შორს არის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, არამედ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კანონი არის საქართველოში ბოლო პერიოდში  მიღებულ კანონთაგან უმნიშვნელოვანესი, უპირველეს ყოვლისა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველომ შეასრულა თავისი ვალდებულებები ევროსაბჭოს წინაშე.
 
- არსებობს თუ არა რეპატრიაციის პროცესისათვის საჭირო დაფინანსება და რატომ არ გამოჰყო საქართველოს პარლამენტმა ბიუჯეტიდან კონკრეტული თანხა?

დაფინანსება - ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. რეპატრიაცია ძვირადღირებული პროცესია. დაფინანსების თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი ნამდვილად არ არიან ვალდებულნი, რომ დახარჯონ რაღაც თანხა. საერთაშორისო თანამეგობრობასთან არაერთხელ განისაზღვრა, რომ მესხების დეპორტაციაში საქართველოს არანაირი მონაწილეობა არ მიუღია და, შესაბამისად, არც დაბრუნება არ არის მისი საქმე. არ გამოვრიცხავ, რომ საქართველოს მთავრობა გადაიხდის გარკვეულ თანხებს თავისი ბიუჯეტიდან და ეს იქნება კეთილი ნების გამოხატულება ჩვენი მხრიდან. ტერი დევისის განცხადებით, რეპატრიაციის დასაფინანსებლად უშუალოდ ევროპა გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თაოსნობით უნდა ჩატარებულიყო დონორების კონფერენცია, სადაც სერიოზული თანხების მობილიზაცია მოხდებოდა, მაგრამ მსოფლიოში არსებულმა კრიზისმა შეაფერხა ეს პროცესი. თუმცა 1 წლის წინ, ტერი დევისმა რეპატრიაციის ხელშეწყობის საერთაშორისო ფონდის თავმჯდომარესთან, სულეიმან ბარბაქაძესათან შეხვედრისას განაცხადა, რომ ანკეტირების პერიოდის დამთავრების შემდეგ ის აუცილებლად მოიძიებს თანხებს. ჩვენ რეგულარულად ვხვდებით საერთაშორისო ორგანიზაციებს და ვიმედოვნებთ, რაღაც დაფინანსება იქნება, მაგრამ არა ისეთი, როგორიც იყო გათვალისწინებული.

რა პირობებში ცხოვრობენ ამჟამად მაჰმადიანი მესხები?

ცუდ პირობებში არ არიან. მესხები შრომისმოყვარე და მიწათმოქმედი ხალხია, ამასთან ერთად ძალიან კანონმორჩილნიც. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იმ სირთულეებიდან, რაც მათ გაიარეს დეპორტაციის წლებში. შარშანდელი მონაცემებით 12 ათასამდე ადამიანია ამერიკაში, თუმცა ეს არ არის ზუსტი რიცხვი. ბოლო პერიოდში კრასნოდარის მხარეში საკმაოდ სერიოზულად ირღვეოდა მესხების უფლებები. მათ მძიმე მდგომარეობა შეექმნათ მოქალაქეობის მიღების მხრივ, გარდა ამისა სხვადასხვა მოძრაობები თუ დაჯგუფებები იჩენდნენ მათ მიმართ განსაკუთრებულ აგრესიულობას. ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მსოფლიო მიგრაციის ორგანიზაციასთან და კიდევ რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ გაუკეთეს დეპორტაცია მაჰმადიან მესხებს. საინტერესოა, რომ არ მოხდა მათი კომპაქტურად დასახლება. მაჰმადიანი მესხები სხვადასხვა შტატებში არიან დასახლებულნი. აღსანიშნავია, რომ ამერიკელებს მხოლოდ ლმობიერების გამო არ ჩაუდენიათ ეს აქტი. მათ ეს მშრომელი ადამიანები დაასახლეს სოფლად, ფერმერებად და დღესდღეობით 12 ათასი მესხი ემსახურება ამერიკული სახელმწიფოს აღორძინებას. საქართველოში კი ამდენი მიტოვებული სოფელია. დღეს საქართველოს უფრო სჭირდება მესხები, ვიდრე მესხებს საქართველო. ამიტომ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მათ ჩამოყვანაზე. თვითიდენტიფიკაციის საკითხი მათაც აინტერესებთ. ამისათვის საჭიროა სრულყოფილი, კარგად გათვლილი სახელმწიფო პოლიტიკა და გარწმუნებთ, რომ ეს ადამიანები ძალიან სწრაფ ინტეგრაციას მოახდენენ. 

აგვისტოს ომის მოვლენებმა რამდენად შეამცირა რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელთა რაოდენობა?

მესხებისათვის ამ მხრივ სერიოზული პრობლემები შეიქმნა. მათზე იმოქმედა რუსულმა პროპაგანდამ, ხელახლა თავდასხმის საშიშროებამ. თუმცა მესხთა საერთაშორისო ორგანიზაცია „ვათანი“ და ჩვენი ფონდი ყველანაირად ცდილობს დაარწმუნოს მესხები, რომ მათ მოიპოვონ რეპატრიანტის სტატუსი. ხოლო ქვეყანაში ჩამოსვლა შეეძლებათ ნებისმიერ დროს. თავისთავად ცხადია რეპატრიაციის დასრულების თარიღს ვერავინ იტყვის. თუ პროცესი არ ჩაეტია დათქმულ ვადებში, ევროსაბჭოში დაისმება საკითხი მისი გაგრძელების თაობაზე.

ქვეყნის შიგნით არსებობს 300 ათასზე მეტი დევნილი და ეს საკითხი დღესაც მოუგვარებელია, ამის ფონზე რამდენად მნიშვნელოვანია მესხთა რეპატრიაცია?

თუ ევროსაბჭო და მსოფლიოს თანამეგობრობა შეასრულებს თავის თავზე აღებულ ვალდებულებას, რათა დაფინანსდეს ეს პროცესი, მინდა დაგარწმუნოთ, რომ დევნილებისთვის ეს ყველაფერი გამოიღებს კარგ შედეგს. შემოსული თანხის მოხმარება უნდა მოხდეს სახელმწიფოებრივი სტრატეგიით გათვლილი აზროვნებით, რაც გულისხმობს, რომ უნდა აშენდეს სოფლები, სადაც მოხდება როგორც მესხების, ასევე დევნილების ჩასახლება.

რა საშიშროება არსებობს იმისა, რომ მოხდეს შემოსული თანხების არამიზნობრივი გაფლანგვა კერძო ან სახელმწიფო სტრუქტურების მიერ?

ეს საკმაოდ სერიოზული საკითხია. ჩემი აზრით ეს ნაკლებად შესაძლებელია. ამ ბოლო პერიოდში თანხების მოძიება ისედაც გართულდა. დაფინანსების შემთხვევაში კი განხორციელდება ძალიან სერიოზული მონიტორინგი. ამიტომ შემოსული თანხების არამიზნობრივი გაფლანგვის საფრთხე მინიმალურია.

ახალი ამბები