კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პედაგოგები პრეზიდენტის დაპირებების შესრულებას ითხოვენ

6 ოქტომბერი, 2009

თაკო ხუციშვილი

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა პროფკავშირმა მასწავლებელთა მსოფლიო დღე პარლამენტის წინ აქციით აღნიშნა. პროტესტის მიზეზი იმ საკანონმდებლო ინიციატივის უგულებელყოფა იყო, რომელიც 60 000 მდე პედაგოგის ხელმოწერით პარლამენტში  ჯერ კიდევ დეკემბერში შევიდა. „ღირსეული ხელფასი განათლების სისტემის ყველა თანამშრომელს, უვადო ხელშეკრულებები პედაგოგებს,  მასწავლებელთა უკანონო გათავისუფლების შეწყვეტა“ - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომლებსაც პედაგოგები აქციაზე აყენებდნენ. კანონპროექტის მიხედვით პედაგოგები კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო სახსრების სახელმწიფოსგან გაღებას, სკოლების დეოპტიმიზაციას და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებისათვის საგანმანათლებლო სტატუსის აღდგენას მოითხოვენ.

„აუცილებელია მასწავლებელთა ზოგადი წახალისების სწორი სისტემა შეიქმნას. ვინაიდან თუ საქართველოში არ გაიზარდა განათლებული თაობა, არ იქნება საქართველო, არ გვექნება მომავალი და არ გვექნება პერსპექტივა, არც მსოფლიოში იქნება ჩვენი ადგილი და არც ქართველებს ექნებათ კეთილდღეობა“, - პრეზიდენტმა ეს სიტყვები ჯერ კიდევ გასული წლის 8 მაისს  წყნეთის პედაგოგთა სახლში მასწავლებლებთან შეხვედრის დროს წარმოთქვა. თუმცა მისი იდეები პარლამენტის განათლების მეცნიერების და კულტურის კომიტეტს დღემდე არ გაუზიარებია.

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტის მანანა ღურჭუმალიძის განცხადებით პედაგოგთა საკანონმდებლო ინიციატივა სხვა არაფერია, თუ არა პრეზიდენტის დანაპირებებისთვის  საკანონმდებლო სახის  მინიჭება.

„კონსტიტუციის 67-ე მუხლით ჩვენ უფლება გვქონდა პარლამენტში კანონპროექტი შეგვეტანა. ყველა პროცედურული ნორმით გათვალისწინებული ვადა გავიდა, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა კი სამწუხაროდ  არავინ განიხილა. 10 დღის წინ ჩვენ დავუკავშირდით განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ქალბატონ ხათუნა ოჩიაურს. მან გვიპასუხა, რომ მასწავლებლების არცერთი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული.  ჩვენი აქციის მიზანია, ხმა მივაწვდინოთ საქართველოს პრეზიდენტს, რათა  რეალურად შესრულდეს მისი დაპირებები“, - განაცხადა აქციაზე მანანა ღურჭუმალიძემ.

პედაგოგთა საპროტესტო აქციას სოლიდრობა პროფკავშირების გაერთიანებამაც გამოუცხადა.

თამარ ლობჯანიძე - ისტორიის მასწავლებელი: „პედაგოგებს ისეთი სერიოზული მოთხოვნები გვაქვს, რომ მხოლოდ ეს პატარა აქცია ვერ უშველის. დღეს მასწავლებელი დაუცველია, როგორც სოციალურად ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ხელისუფლებამ უნდა გაიგონოს ჩვენი პროტესტი“.

პედაგოგებს მხარი ქრისტიან-დემოკრატებმაც დაუჭირეს. გიორგი თარგამაძის განცხადებით, საქართველოს მომავალი განათლების სისტემის განვითარებაზეა  დამოკიდებული: „ჩვენ მხარს ვუჭერთ პარლამენტში შემოსულ საკანონმდებლო ინიციატივას „ზოგადი განათლების კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის პრიორიტეტული მიმართულება, ვინაიდან საქართველო მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუკი გვეყოლება უფრო მეტი კვალიფიციური და განათლებული ადამიანი“.

ლევან ვეფხვაძემ ბიუროს სხდომაზე საკითხი კანონპროექტის განხილვის შესახებ არაერთხელ დააყენა, მაგრამ მის ინიციატივებს პარლამენტი უარით პასუხობდა, ხოლო მიზეზად განათლების სამინისტროსთან წარმოებულ კონსულტაციებს ასახელებდნენ.

„არსებობს ვადები, და ამ ვადებში კომიტეტს ეს კანონპროექტი უნდა განეხილა, თუმცა ეს პროცესი უცნაურად ჭიანურდებოდა. გოკა გაბაშვილი და ხათუნა ოჩიაური მპასუხობდნენ, რომ ერთიანი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად განათლების სამინისტროსთან კონსულტაციები მიმდინარეობდა. ჩვენ ამ კვირაში ფრაქციის სხდომა გვექნება და თუ კომიტეტს ამის შემდეგაც არ ექნება ნება განიხილოს კანონპროექტი, მაშინ ჩვენი ინიციატივით ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე კომიტეტის დასკვნის გარეშე გავა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. 

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა ოჩიაური კი ფიქრობს, რომ „ზოგადი განათლების კანონში“ ცვლილებების შეტანის აუცილებლობა არ არსებობს, ვინაიდან ის ცვლილებები, რომლებსაც პედაგოგები მოითხოვენ უკვე მოქმედებს. 

მასწავლებელთა მოთხოვნის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განათლების კომიტეტს კანონპროექტის განხილვისთვის ორკვირიანი ვადა მისცა.

პედაგოგთა მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მანანა ღურჭუმელაძე არც დემონსტრაციების გამართვასა და შიმშილობის აქციის დაწყებას არ გამორიცხავს.

ახალი ამბები