კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტები პარლამენტთან აქციას გამართავენ

21 ოქტომბერი, 2009

გელა მთივლიშვილი

რეგიონული მედიის ასოციაციისა და ჟურნალისტთა ქსელის ორგანიზებით, ხვალ, 21 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები, აჭარის ტელეკომპანია „25-ე არხის“ მხარდასაჭერად, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ხვალინდელი აქცია გამაფრთხილებელი იქნება. დაზუსტებული ინფორმაციით, აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

ჟურნალისტები ტელეკომპანიისთვის დაკისრებული იმ ვალების ჩამოწერას ითხოვენ, რომელიც „25-ე არხს“ მაშინ დააკისრეს, როცა ტელეკომპანია მის მეპატრონეებს წართმეული ჰქონდათ.

როგორც ცნობილია, 2009 წლის 9 ოქტომბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ტელეარხ 25“-ს სადაო თანხის – 277 547 ლარის გადახდა დააკისრა. აჭარის შემოსავლების სამსახური ტელეკომპანიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის, ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაგროვებული დავალიანების გადახდას სთხოვს. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ტელეარხს 14 დღის განმავლობაში აქვს.

„პრობლემები, რაც ჩვენ საგადასახადო სამსახურისგან წარმოგვეშვა, ხელოვნურად არის შექმნილი. დავალიანება იმ პერიოდზეა დარიცხული, როცა აჭარის ლიდერი ასლან აბაშიძე იყო და ტელეკომპანია წართმეული გვქონდა. „ტელეარხი 25“ თავისუფალი ტელევიზიაა და შეიძლება ეს არ მოსწონთ. ჩვენ ეთერში გადავცემდით ტელეკომპანია „მაესტროს“ პროგრამებს, თუმცა, ახალი სეზონიდან ეს აღარ გაგვიკეთებია. ასევე, ჩვენს ეთერში გადის საინფორმაციო გამოშვება „მაცნე“, ანალიტიკური გადაცემა „დიალოგი“ და რაც მათავარია, ტელეკომპანიის ეთერი ღიაა ყველასთვის“, - აცხადებს ტელეკომპანიის დამფუძნებელი მერაბ მერკვილაძე.

„ტელეარხი 25“ აჭარაში მოქმედი ერთადერთი დამოუკიდებელი არხია, რომლის მაუწყებლობა მეზობელ გურიის რეგიონშიც ვრცელდება. მერკვილაძე ირწმუნება, რომ ტელეკომპანია ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში აუცილებლად გაასაჩივრებს და საბოლოოდ, დამფუძნებლებმა შესაძლოა, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსაც მიმართონ. 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სპეციალური განმარტება გაავრცელა ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა შპს „ტელეარხ 25-ის“ სარჩელი და ძალაში დატოვა საგადასახადო აქტი, რომლის მიხედვით ტელეკომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტისა და არასაბიუჯეტო ფონდების სასარგებლოდ 277 547 ლარის გადახდა აქვს დაკისრებული. მოსარჩელემ 2009 წლის 28 ივლისის საგადასახადო აქტის გაუქმების სამართლებრივ საფუძვლად ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება დაასახელა, რომლის მიხედვით, ბათილად იქნა ცნობილი შპს „ტელეარხი 25-სთვის“ საგადასახადო შემოწმების აქტით 438 138 ლარის დარიცხვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის საგადასახადო ინსპექციას დავალებული ჰქონდა არსებითად გამოეკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიეღო ახალი ადმინისტრაციული აქტი. ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა 2004 წლის შემოწმების აქტზე დაყრდნობით გამოსცა საგადასახადო მოთხოვნა, რისი უფლებაც მას კანონით ჰქონდა მინიჭებული. რაც შეეხება სხვა სასარჩელო მოთხოვნებს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ საგადასახადო შემოწმება იყო გეგმიური ხასიათის და კანონის თანახმად, მოსამართლის ბრძანებას არ საჭიროებდა. ამასთან, მოსარჩელის მიმართ დარიცხულ თანხებზე არ ვრცელდება „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.

შესაბამისად, ბათუმის საქალაქო სასამართლომ შპს „ტელეარხი 25-ის“ სარჩელი უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა“, - ნათქვამია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ოფიციალურ განცხადებაში.

ნიშნავს თუ არა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განცხადება იმას, რომ ტელეარხი სააპელაციო სასამრთლოში პროცესს წააგებს, რადგან უკვე ცნობილია ბათუმის საქალაქო სასამართლოს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია? საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის უფროსის ნანა ვასაძის განცხადებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ განმარტება გააკეთა ძირითადად 2002 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. „უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე ეს განცხადება იმიტომ განვათავსეთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ვებპორტალს ნაკლები მომხმარებელი ჰყავს“, - აღნიშნავს ნანა ვასაძე.

ახალი საგადასახადო კანონმდებლობით, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს „ტელეარხი 25“ აუქციონზე გაყიდოს, მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე სასამართლო დავა დასრულებული არ არის. ცვლილებებით, რომელიც პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში ცოტა ხნის წინ შეიტანა, იმ შემთხვევაში, თუ ყადაღადადებული ქონება მეორედ ჩატარებულ აუქციონზეც ვერ გაიყიდა, შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია ქონებაზე ყადაღა მოხსნას და აღნიშნული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში მიაქციოს.

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარის ია მამალაძის განცხადებით, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილი აქციის ლოზუნგი იქნება „თავისუფლება სიტყვას“, რადგან სხვადასხვა სახის ზემოქმედებას ტელევიზიებთან ერთად გაზეთებიც განიცდიან. მისივე თქმით, ხვალინდელი აქცია გამაფრთხილებელი იქნება. აქციის ორგანიზატორები არ გამორიცხავენ, რომ ჟურნალისტების პროტესტს უფრო მასშტაბური სახე მიეცეს. დაზუსტებული ინფორმაციით, აქციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.

ამავე დღეს, ტელეკომპანია „25 – ე არხის“ მხარდასაჭერად აქციები გაიმართება საფრანგეთის ქალაქ ლილშიც, მოგვიანებით კი, 29 ოქტომბერს, ევროსამიტის დროს, ბრიუსელში. უცხოელ ჟურნალისტებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ყველა შეხვედრასა და პრესკონფერენციაზე, მხარდაჭერის ნიშნად, მკერდზე აჭარის ტელეკომპანია „25-ე არხის“ ლოგო ექნებათ მიმაგრებული.

ტელეკომპანია „25-ე არხთან“ დაკავშირებით დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ.

საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია შიშობს, რომ „25-ე არხთან“  დაკავშირებული პროცესები შეიძლება გახდეს პრეცედენტი სხვა ტელეკომპანიებთან დაკავშირებითაც. ასოციაციისთვის ცნობილია, რომ „25-ე არხის“ მსგავსად „ვარდების რევოლუციამდელი“ პერიოდის გაურკვეველი საგადასახადო ვალები აქვთ სხვა ტელემაუწყებლებსაც, რასაც, თავის დროზე, მათზე ზეწოლის იარაღად მიიჩნევდნენ ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

„მიგვაჩნია, რომ შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი იქნება საპარლამენტო კომისიის შექმნა, რომელიც შეისწავლის „გაურკვეველი ვალების“ წარმოშობის საფუძვლებს და მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომ მსგავსი პრობლემა მომავალშიც არ გახდეს ტელეკომპანიების საქმიანობის შეფერხების მიზეზი, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლის საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციას“, - აღნიშნულია რეგიონული მაუწყებლების ასოციაციის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები