კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის ინტერსშია საქართველოს პატრიარქის დისკრედიტაცია?

27 ოქტომბერი, 2009

კობა ლიკლიკაძე, ლიზ ფულერი

ვიდეოკადრებში, რომლებიც გასულ კვირას ქართულ ვებ-საიტებსა და YouTube-ზე გამოქვეყნდა, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსჩანს, ხოლო კადრს მიღმა დადებული ხმა საქართველოს პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე შეურაცხმყოფელ კომენტარს აკეთებს. ამ ვიდეოკადრებმა საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციური პარტიებისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კრიტიკის ქარიშხალი გამოიწვია.

ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვობს, რომ ეს ვიდეოკადრები საქართველოს მთავრობამ ილია მეორის დისკრედიტაციისთვის გაავრცელა, რადგან მან გასულ კვირას სააკაშვილი მინიშნებით გააკრიტიკა რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ნაჩქარევი ომის გამო. ილია მეორემ განაცხადა, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა და ასეც უნდა მომხდარიყო.

42 წამიანი ვიდეოკლიპი პირველად YouTube-ზე 13 ოქტომბერს აიტვირთა. თეა თუთბერიძემ, არასამთავრობო ორგანიზაციის თავისუფლების ინსტიტუტის წევრმა ეს ვიდეო Facebook-ზე გამოაქვეყნა. თუთბერიძემ შემდგომში ახსნა, რომ ის ასე მოიქცა, რადგან ილია მეორის კომენტარი ქართული სახელმწიფოსთვის საზიანოდ მიიჩნია.

თუთბერიძემ ისიც სთქვა, რომ ის ერთ რამეს შიშობს - რუსეთი ცდილობს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია საქართველოს მთავრობაზე ზეწოლისთვის გამოიყენოს და პროცესში პირადად პატრიარქი ჩართოს. ის ამტკიცებდა, რომ როდესაც „ორგანოზე სიმსივნე ჩნდება, მას ქირურგიული ოპერაცია სჭირდება და არა ტკივილგამაყუჩებლები იმ იმედით, რომ სიმსივნე გაქრება“.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თუთბერიძე პატრიარქს აკრიტიკებს. 2007 წლის მარტში, ის პატრიარქის მიერ საკუთარი ტელევიზიისა და რადიოს გახსნის წინააღმდეგ გამოვიდა, მაგრამ როგორც სჩანს, ბევრი ქართველი თუთბერიძის შიშებს სერიოზულად არ აღიქვამს. პირიქით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, პარლამენტის წევრებმა და ოპოზიციამ ერთნაირად დაგმეს ვიდეომონტაჟი, როგორც „საძაგელი“, „მიუღებელი“ და „არაეთიკური“.

საპატრიაქომ გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო ვიდეოკლიპების გავრცელება და მას „ჩვენი სახელმწიფოებრიობის საფუძვლების მოშლისა“ და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დისკრედიტაციის კამპანიის ნაწილი უწოდა.

თავის მხრივ, სააკაშვილმა 21 ოქტომბერს დაადასტურა პატრიარქისადმი საკუთარი მხარდაჭერა და პატივისცემა. იმავე დღეს შეიქმნა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც „ჩვენი ღირსების დამცველი მოძრაობა“ უწოდეს და რომელმაც თავის მიზნად ილია მეორის რეპუტაციის დაცვა დაასახელა.

76 წლის ილია მეორე, უკვე სამი ათეული წელია პატრიარქია. ის ჩრდილო-ოსეთში, ვლადიკავკაზში დაიბადა და 1952 წელს სასწავლებლად მოსკოვის სასულიერო სემინარიაში შევიდა, ერთი წლით ადრე სტალინის გარდაცვალებამდე.

თავისი სასულიერო განათლების დასრულების შემდეგ, ის 1960 წელს საქართველოში დაბრუნდა, სადაც 1963 წელს ბათუმის ეპისკოპოსად აკურთხეს, ხოლო 1967 წელს კი - ცხუმ-აფხაზეთის. ილია მეორე პატრიარქად 1977 წელს აირჩიეს, „სამიზდატ“-ის მიერ გამოცემული იმ დოკუმენტის გავრცელების შემდეგ, სადაც აღწერილი იყო საქართველოს სასულიერო პირთა შორის სავარაუდოდ გავრცელებული კორუფცია და ჰომოსექსუალიზმი.

1980-იანი წლების ბოლოს ილია მეორემ ნაციონალისტურ ლიდერთან და მომავალ პრეზიდენტთან, ზვიად გამსახურდიასთან, „სამიზდატ“-ის დოკუმენტების ერთ-ერთ ანონიმურ ავტორთან არაფორმალური კავშირი ჩამოაყალიბა და ამაოდ სცადა თავიდან აეცილებინა ქართველ დემონსტრანტთა მასობრივი მკვლელობა, რომელიც საბჭოთა ჯარმა თბილისში 1989 წლის 9 აპრილს განახორციელა.

როდესაც საქართველომ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დამოუკიდებლობა მოიპოვა, ილია მეორემ საქართველოში თანმიმდევრულად განამტკიცა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის უზენაესობა და დაგმო სხვა რელიგიური სექტები, როგორც „მისი ავტორიტეტის შემლახავნი“.

ის ასევე თანმიმდევრულად უჭერდა მხარს სააკაშვილის ძალისხმევას აღედგინა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. სააკაშვილის ინაუგურაციის წინ, 2004 წლის იანვარში მან აკურთხა საქართველოს ახალი ეროვნული დროშა და განაცხადა, რომ - „ახალი დროშის ქვეშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მალე აღსდგება... ჩვენ მალე შევალთ სოხუმში და ცხინვალში ამ დროშით. ეს დროშა გააერთიანებს მთელ საქართველოს“.

მაგრამ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საქართველოს ოპოზიცია 2007 წლის შემოდგომაზე სააკაშვილის წინააღმდეგ პროტესტით გამოვიდა, ილია მეორე ფრთხილად დისტანცირდა სააკაშვილის მმართველობისგან, ოპოზიციურ პარტიებსა და სააკაშვილს დიალოგისკენ მოუწოდა და პოლიციას სთხოვა არ მიეღო ზომები იმ თანამემამულეების წინააღმდეგ, ვინც სააკაშვილის რეჟიმს საპროტესტო აქციებით უპირისპირდებოდა.

13 ოქტომბერს მასწავლებელთა დამოუკიდებელი პროფკავშირების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, მან მინიშნებით გააკრიტიკა სააკაშვილი რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ნაჩქარევი ომის გამო, იმ ომის გამო, რომელიც რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის ოფიციალური აღიარებით დასრულდა.

„ეს არ უნდა მომხდარიყო, ეს შეიძლებოდა არ მომხდარიყო“, - განაცხადა მან. „ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ თავი აგვერიდებინა ამ მოვლენებისთვის, როცა გემი ზღვაში მიდის, კაპიტანმა უნდა იცოდეს სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს და არ დაზიანდეს, როგორც ეს საქართველოს მოუვიდა“, - დასძინა მან.

2008 წლის დეკემბერში ილია მეორე რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა და თბილისში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ მათ „საკმაოდ პოზიტიურ და კარგ შეთანხმებას“ მიაღწიეს, მაგრამ ამასთანავე ეს შეთანხმება მოითხოვს „ფრთხილ და დიპლომატიურ ძალისხმევას“, მაგრამ ამ ბოლო თვეებში მედვედევმა სულ უფრო ცხადი გახადა, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთს სურს კარგი ურთიერთობები საქართველოსთან, ის პირადად თავს შეიკავებს სააკაშვილთან კონტაქტისგან, რადგან მისი რწმენით, ამ უკანასკნელმა „ჩაიდინა დანაშაული საკუთარი, აფხაზი და ოსი ხალხების წინაშე“.

ორიგინალი:

http://www.rferl.org/content/Who_Has_An_Interest_In_Discrediting_Georgias_Patriarch/1859177.html 

წყარო: foreignpress.ge

ახალი ამბები