კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რიკარდოს ბედნიერ ახალ წელს ჰპირდებიან

24 ნოემბერი, 2009

შორენა ღლონტი, ოზურგეთი

ნატანებელი რიკარდოს შესახებ humanrights.ge-ზე გამოქვეყნებულ ადამიანურ ისტორიას დიდი რეზონანსი მოჰყვა. გამოჩნდნენ კეთილი ნების ადამიანები, რომლებიც 9 წლის მოზარდის დახმარებაზე ალაპარაკდნენ. ოზურგეთელი სახელმწიფო მოხელეებიც გამოცოცხლდნენ და მიხაევების ოჯახის მდგომარეობა კიდევ ერთხელ შეისწავლეს.  ისინი გვპირდებიან, რომ ახალ წლამდე რიკარდოს კეთილმოწყობილი სახლი ექნება.

რიკარდო მიხაევის დედა უნარშეზღუდულია, რის გამოც მიხაევების ორსულიან ოჯახს, ფაქტობრივად, 9 წლის ბავშვი უძღვება. ადრე, რიკარდოს არაჩვეულებრივი ძაღლი ჰყავდა - შეისვამდა თავის პატარა პატრონს ზურგზე და დააჭენებდა ხალხმრავალ ადგილებში. ამ უცნაური სანახაობით განცვიფრებული ადამიანები რიკარდოსთვის ფულს არ იშურებდნენ. ახლა, როცა  ძაღლი არა ჰყავს, რიკარდო დარსა თუ ავდარში ქუჩაში დგას, გამვლელ-გამომვლელს აჩერებს და მძღოლებს დახმარებას სთხოვს.თუმცა, ასე ოჯახისთვის ფულის შოვნა ძალიან ძნელია. თანაც, ნატანების საგზაო მონაკვეთი ჩქაროსნულია და გზაზე მსგავსი „საქმიანობა“ სახიფათოა (წინაისტორია, ვრცლად, იხილეთ: http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4358&lang=ge).

humanrights.ge-ს სტატიამ ოზურგეთის მიძინებული ბიუროკრატია გამოაცოცხლა. სტატიის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს - 12 ნოემბერს ოზურგეთის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წარმომადგენლები მიხაევების ოჯახს ეწვივნენ და ადგილზე შეისწავლეს ვითარება.

„რიკარდო მიხაევის შესახებ ნატანების საშუალო სკოლის დირექტორმა შეგვატყობინა. ჩვენ მოზარდის დედას, ფიოდორა მიხაევას განცხადება დავაწერინეთ, რაც ბავშვის დაბადების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დასადგენად არის საჭირო. აგრეთვე, მოვიპოვეთ დამატებითი მასალები და სამი მოწმე, რომლებიც ბავშვის დაბადებას დაადასტურებენ“, - გვითხრა სამოქალაქო რეესტრის ოზურგეთის სამსახურის უფროსმა, ვანო მენაბდემ.

თუმცა, დაბადების მოწმობის გაცემა არც თუ ისე იოლი ყოფილა. ბიუროკრატიული პროცედურები კიდევ არის საჭირო. განმცხადებელი, ფიოდორა მიხაევა რაკი შეზღუდული შესაძლებლობების მოქალაქეა, 27 ნოემბერს, ადგილზე დაინიშნა ზეპირი მოსმენა. ამის შემდეგ სახელმწიფო მოხელეები 5 დღის ვადაში მიიღებენ გადაწყვეტილებას და დაბადების ფაქტის რეგისტრაციაც დასრულდება. დაბადების მოწმობა ოჯახის პატარა მარჩენალს სკოლაში სწავლის სრულფასოვნად გასაგრძელებლად სჭირდება.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ახალ წლამდე რიკარდოს კეთილმოწყობილი სახლიც ექნება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის, გიორგი ტაკიძის თქმით, სოფელ ნატანებში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც რიკარდოს ყოფითი პრობლემების მოგვარებაზე იზრუნებს. ისინი მიმართავენ მოსახლეობას, მეწარმეებს და შემოწირულობებით მოხდება ამ ოჯახის საცხოვრებელი პირობების მდგომარეობის გაუმჯობესება.

სოფელ ნატანების რწმუნებულის, ირაკლი ცერცვაძის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა რიკარდომ უკეთეს პირობებში იცხოვროს.

ცერცვაძე აღნიშნულ თანამდებობაზე 3 წელია, მუშაობს და მისთვის ამ ფაქტის შესახებ ჯერ კიდევ მაშინ გახდა ცნობილი, როცა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა“ რიკარდოს შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. პრეზენტაციაზე ყველა ის ადამიანი იყო მიწვეული, ვისაც აღნიშნული პრობლემის მოგვარება ევალება.

თუმცა, როგორც  „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ თავმჯდომარე მარინა თოფურია აცხადებს, მოზარდის პრობლემები დღემდე მოუგვარებელია.

„ისეთი სერვისი, რომელიც ამ ოჯახს შეესაბამება, ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. ამისთვის ფსიქოლოგიური სარეაბილიტაციო ცენტრია საჭირო. ამ ეტაპზე მხოლოდ მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაა შესაძლებელი და ეს პრობლემა დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს“, _ ამბობს თოფურია.

მისივე თქმით, არსებული სოციალური სერვისები ბევრი ოჯახისთვის ხელმიუწვდომელია. მიზეზი მათი ქმედითუუნარობაა. მუნიციპალიტეტში უნდა არსებობდეს მოქნილი რგოლი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას და ამ ადამიანებს პრობლემებს მოუგვარებს.

მარინა თოფურია აქცენტს ისეთ ოჯახებზე აკეთებს, რომლებიც არ შეესაბამებიან არც ერთ სოციალურ პროგრამას, რომელიც გურიის რეგიონში მუშაობს.

„აღნიშნულ შემთხვევებზე რეაგირებისთვის მუნიციპალიტეტის სოციალურ სამსახურს  პროცედურები გაწერილი უნდა ჰქონდეს. მზად ვართ, მონაცემები გადავცეთ შესაბამის სამსახურებს და ერთად ვიმუშაოთ, რა თქმა უნდა, თუ ამის სურვილი ექნებათ“, _ გვითხრა „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ თავმჯდომარემ.

რიკარდო და ფიოდორა მიხაევები დაპირებების შესრულებას ელოდებიან.

ახალი ამბები