00:28, Sunday, 25.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„დიდების მემორიალის“ აფეთქებისას მომხდარმა ტრაგედიამ ხელისუფლებისადმი აგრესია გაზარდა

21.12.2009
 შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„დიდების მემორიალის“ დემონტაჟი ქუთაისში  ტრაგედიით დასრულდა. აფეთქებას ორი ადამიანის, 8 წლის ნინო ჯინჭარაძის და მისი დედის სიცოცხლე შეეწირა. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფი იძიებს. ამ დროისთვის დაკავებულია შპს „საქფეთქმრეწვის“ ხელმძღვანელი ავთანდილ დარსაველიძე. ეს ის ორგანიზაციაა, რომელმაც მემორიალის დემონტაჟი განახორციელა. 

აფეთქების ხმა ქუთაისში 19 დეკემბერს ზუსტად დღის 4 საათზე გაისმა. მანამდე იყო პოლიციელების სრული მობილიზება და ორი გამაფრთხილებელი გასროლა. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა უბედური შემთხვევის გარეშე დასრულებულიყო ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის დემონტაჟი, რაც საზოგადოების მხრიდან  საზოგადოების მხრიდან  ისედაც ტრაგედიად იყო აღქმული.

ხელისუფლების ოფიციალურ განცხადებებში გაჟღერდა,  რომ დემონტაჟის დროს უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, რისთვისაც გარკვეულ პირთა მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. აღნიშნულმა განცხადებებმა უკვე გამოიწვია ქუთაისელთა პროტესტი.

„რაღა დამნაშავეს ეძებენ?! ამას რა ძებნა უნდა?! ხელისუფლებაა დამნაშავე, რომელმაც მანამ არ მოისვენა, სანამ ქუთაისში ეს ტრაგედია არ დაატრიალა. ვერანაირად რომ ვერ დაანგრიეს, აფეთქება გადაწყვიტეს. მაშინვე ვთქვით, ეს ნგრევას და უბედურებას გამოიწვევს-თქო, მაგრამ არავინ მოგვისმინა. ეს ღვთის რისხვა იყო, რომელიც ნიკოლოზობა დღეს ომზე და ძალადობაზე გამარჯვების სიმბოლოს განადგურების გამო დავიმსახურეთ. პარლამენტი კი არა, რა უნდა აშენდეს აქ, ამ ადგილზე, რომ ეს სისხლი და ტრაგედია გადაფაროს?! დღეს გამოდიან ტელევიზიით და ამბობენ, რომ საქმე გამოძიებაშია და დაუსჯელი არავინ დარჩება. ეს ყალბი სიტყვებია და სხვა არაფერი. სიმართლე ისაა, რომ ძეგლი არ უნდა აფეთქებულიყო“, - გვითხრა ტრაგედიის ადგილას ქუთაისელმა ქალბატონმა, რომელიც ემოციისგან ცრემლებს ვერ იკავებდა.

ხალხის აგრესია ქუთაისში ჯერ კიდევ ძეგლის აფეთქებამდე გაჩნდა. მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ არაერთხელ მოეწყო საპროტესტო აქციები. მომზადდა წერილობითი მიმართვები როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. პროტესტის მონაწილეები „დიდების მემორიალის,“ როგორც ომზე და ძალადობაზე გამარჯვების სიმბოლოს უგულებელყოფას ეწინააღმდეგებოდნენ. აფეთქების შემდეგ ქუთაისში ძნელად თუ იპოვით ადამიანს, რომელიც „დიდების მემორიალის“ აფეთქების იდეას იწონებდეს.

„ქვეყანაში, სადაც აფეთქებების ხმა სულ ცოტა ხნის წინ გაისმოდა და ხალხს შიშს გვრიდა, არ შეიძლება ძეგლებს აფეთქებდნენ. რით ვეღარ გაიგო ამ მთავრობამ, რომ ნგრევის კი არა შენების დრო უნდა დადგეს?! მოგვწყინდა სისხლი და უბედურება! ძეგლის წაქცევის დროს იქ გახლდით და გულწრფელად გეუბნებით, ცრემლი მომადგა, ამხელა ნაგებობა კვამლში რომ გაეხვია და მერე, ერთ წამში ბეტონის ნამტვრევებად იქცა. თავისუფლად შეიძლებოდა, ან მე, ან ნებისმიერ ადამიანს, ვინც ეს ფაქტი იხილა და განიცადა, არც მეტი, არც ნაკლები, ემოციისგან გული გასკდომოდა“, - ამბობს ქუთაისელი ირაკლი ბასილაძე.

მომხდარი გააპროტესტეს ადგილობრივმა არასამთავრობო და პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა. საგანგებო ბრიფინგზე მათ 19 დეკემბრის ფაქტს ვანდალური უწოდეს.

„ბოლოსდაბოლოს, როდის უნდა შეიგნოს ამ ხელისუფლებამ, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია 2003 წელს არ იწყება. ის, რაც მოხდა, ჩვენს წარსულთან კავშირის გაწყვეტის მცდელობაა და სხვა არაფერი. ალბათ, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, ერთ მშვენიერ დღეს „ქართლის დედაც“ რომ აღარ მოეწონოთ და ააფეთქონ. ეს ძეგლი სამამულო ომში დაღუპული 300 ათასი ქართველის პატივსაცემად აიგო და დღეს მისი განადგურება, პირველ რიგში, იმ ხალხის სულის და მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფაა... საქართველოში არ არსებობს ოჯახი, რომლის ერთი წევრი მაინც იმ ომში არ იყოს ნაბრძოლი. ესაა მცდელობა, ერს საკუთარი წარსული დაავიწყონ“, - ამბობს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი მანანა მანაგაძე.

იმ ფაქტს, რომ მომხდარის გამო გარკვეულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი დადგა, ოპოზიციის წარმომადგენლები გაუმართლებლად მიიჩნევენ. მათი განმარტებით, ერთადერთი დამნაშავე ამ ქვეყნის ხელისუფლებაა და დღეს გუბერნატორის ან კონკრეტული ფირმის ხელმძღვანელის კი არა, დამნაშავე ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC