კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდასხმა პრესაზე 2009, საქართველო - „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის“ ანგარიში

1 მარტი, 2010

საერთაშორისო  ორგანიზაციამ, „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ საქართველოში მედიის მდგომარეობაზე ანგარიში გამოაქვეყნა. მასში დეტალურად არის საუბარი ქართულ ტელევიზიებში არსებულ ვითარებაზე. კერძოდ, ნათქვამია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც თავის დროზე დემოკრატიული მოძრაობის ფლაგმანი იყო, 2009 წლიდან საბოლოოდ მოექცა სამთავრობო კონტროლის ქვეშ და შესაბამისად, შეწყდა მოვლენების კრიტიკულად გაშუქება. საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა „იმედის“ დარბევისა და მასზე სამთავრობო კონტროლის დამყარების ფაქტი. ასევე საუბარია „მაესტროს“ დაბრკოლებების შესახებ, რომელსაც იგი განსხვავებული პოზიციის გამო აწყდება. humanrights.ge სრულად გთავაზობთ ანგარიშის იმ ნაწილს, რომელიც საქართველოს ეხება.


მთავარი მოვლენები

• სატელევიზიო საინფორმაციო საშუალებები მთავრობის მანიპულაციების შედეგად პოლიტიზირებულია
• ოპოზიციის მომხრე მაუწყებლებზე ზეწოლა

მთავარი სტატისტიკა

ინტერნეტ მისაწვდომობა მთელს ქვეყანაში 7 პროცენტს არ აღემატება.

2009 წელს საქართველოში არც ერთი ჟურნალისტი არ მოუკლავთ ან დაუპატიმრებით; მაგრამ სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაში პრესის თავისულფლება სტაგნაციას განიცდის საინფორმაციო საშუალებების სახელმწიფო მანიპულაციის გამო, განსაკუთრებით - სატელევიზიო მაუწყებლობაში. გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა მიეხილ სააკაშვილმა იტრაბახა საქართველოში მედიაპლურარიზმის გამო; განაცხადა, რომ ქვეყანაში „მოქმედებს 27 ტელე-კომპანია“. მან არ აღნიშნა, რომ მათი უმრავლესობა ქვეყნის მასშტაბით არ მაუწყებლობს. აღსანიშნავია ისიც, რომ მისმა ხელისუფლებამ და მომხრეებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა ეროვნული ტელეკომპანიები საკუთარ კონტროლქვეშ მოექციათ. ბოლო დროს საკმაოდ აგრესიული ფორმებით სცადეს საკაბელო ტელევიზიების მაუწყებლობის შეფერხება.

სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის,  ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დიდი მხარდაჭერით სარგებლობდა. მაგრამ მისი ხელისუფლების მიმდინარე მედიამანიპულაციებმა შეარყიეს სააკაშვილის, როგორც დემოკრატიის მშენებლის, რეპუტაცია. 2009 წლის ივლისში საქართველოში ვიზიტის დროს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მოუწოდა სააკაშვილს, მისი ხელისუფლება უფრო გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გაეხადა დამოუკიდებელი და პროფესიული მედიის ხელშეწყობით. GHN-თან მიცემულ ოქტომბრის ინტერვიუში გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა ლაშა ტუღუშმა განაცხადა, რომ მისი რწმენით, ქვეყანაში მედიის თავისუფლება სუსტდებოდა - „აღარ არსებობს სატელევიზიო დებატები რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაიცემა; საინფორმაციო პროგრამების მუშაობა გაუარესდა, საკუთრების უფლება არ არის დარეგულირებული და დაცული“, - განაცხადა ტუღუშმა ხელისუფლების მხრიდან კერძო მედიაკომპანიებზე ზეწოლის შესახებ.

წლების განმავლობაში მთავრობის მცდელობა, დამყარებინა კონტროლი ეროვნულ ტელევიზიებზე, კარგად არის დასაბუთებული. ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც ერთ დროს ქვეყანაში დემოკრატიული მოძრაობის წინამძღოლი იყო, 2009 წელს მთავრობის მომხრე ძალების ხელში აღმოჩნდა. ხელისუფლებამ პირველად აღნიშნულ კომპანიაზე კონტროლი 2004 წელს მოიპოვა, როცა მისი მფლობელი აიძულეს, ტელევიზია ძალოვანი სტრუქტურის მაღალჩინოსნებზე მიეყიდა. მოგვიანებით, 2006 წელს, კომპანია რამდენჯერმე გაიყიდა, ვიდრე ხელისფულებისადმი ლოიალურად განწყობილმა ძალებმა არ ჩაიგდეს ხელში. „რუსთავი 2“-მა ნელ-ნელა შეწყვიტა კრიტიკული ინფორმაციის გავრცელება. საბოლოოდ, ტელეკომპანიამ შეისყიდა მანამდე დამოუკიდებელი ტელევიზია „მზე“, რომლის ხელმძღვანელი გახდა სააკაშვილის თანამოაზრე და პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი. თავისუფალ მედიაში მეორე სპეკულაცია იყო ტელეკომპანია „იმედი“, რომელშიც 2007 წელს პოლიცია შეიჭრა მასზე კონტროლის დამყარების მცდელობით,  რადგან ტელევიზია ხელისუფლებას სხვადასხვა მკვლელობებში მონაწილეობას სდებდა ბრალად. 2008 წელს მის მფლობელზე, ბადრი პატარკაციშვილზე ზეწოლის შედეგად ტელეკომპანიამ დაკარგა დამოუკიდებლობა; პატარკაციშვილი საზღვარგარეთ წავიდა და მოგვიანებით გულის შეტევით გარდაიცვალა. მისმა შორეულმა ბიძაშვილმა, ქართველ-ამერიკელმა ბიზნესმენმა ჯოსეფ კეიმ ხელში ჩაიგდო ტელევიზია „იმედი“, დაარწმუნა რა თბილისის საქალაქო სასამართლო, რომ ის პატარკაციშვილის ანდერძის აღმსრულებელი იყო. მას შემდეგ ტელევიზიამ სამთავრობო პოლიტიკის გატარება დაიწყო.

2009 წელს სატელიტური ტელეკომპანია „მაესტრო“, რომელიც ორი წელია, საინფორმაციო და გასართობ გადაცემებზე მუშაობს, ხელისუფლების ზეწოლის მსხვერპლი გახდა, რადგან მათ სცადეს, მაუწყებლობის არე უფრო გაეფართოებინათ. 2008 წლის ბოლოს „მაესტრომ“ მიიღო ხელისუფლებისაგან ნებართვა, რეგიონალური საკაბელო ტელევიზიების საშუალებით, მაუწყებლობა განეხორციელებინა სხვადასხვა რეგიონში; ეს იყო სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან საქართველოში ძალიან ცოტას აქვს სატელიტური ანტენა. მიუხედავად იმისა, რომ „მაესტრო“ კერძო კომპანიაა, მისი სარედაქციო საქმიანობა დაკავშირებული იყო ოპოზიციონერი ლიდერისა და პარლამენტის ყოფილი თავჯდომარის, ნინო ბურჯანაძის სახელთან; ასევე ტელეკომპანიაზე გადიოდა საკმაოდ პოპულარული გადაცემა „საკანი # 5“, სადაც ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს შეეძლოთ, აქტიურად გამოეხატათ თავისი უკმაყოფილება სააკაშვილის მიმართ.

საქართველოს ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 2009 წელს
დაიწყო ზეწოლა რამდენიმე საკაბელო ტელევიზიაზე, რომელთა საშუალებით, „მაესტრო“ რეგიონში მაუწყებლობდა; ზოგიერთი მათგანი დახურეს კიდეც სხვადასხვა „ტექნიკური მიზეზის“ გამო. „მაესტრო“ ზეწოლის მსხვერპლი გახდა. მაისში დაუდგენელმა პირებმა ტელევიზიის შესასვლელში ააფეთქეს ყუმბარა, რის შედეგადაც დაზიანდა კარები. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ტელევიზია კვლავ განაგრძობს საქმიანობას. „მაესტროს“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი მამუკა ღლონტი ამბობს, რომ მას სჯერა, აფეთქებით სცადეს ტელეკომპანიისთვის ხელი შეეშალათ, რათა არ ეჩვენებინათ 2006 წელს ახალგაზრდა ბანკირის, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე მომზადებული ფილმი. ეს ინფორმაცია ამერიკის მიერ დაფინანსებულმა რადიოსადგურმა „თავისუფლებამ“ გაავრცელა. თბილისის ერთ-ერთ ბარში შსს-ს მაღალჩინოსნებთან მომხდარი კამათის შემდეგ, ბანკირი მკვდარი იპოვეს.
 
2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის შესახებ მომზადებული ევროკავშირის საგამოძიებო ანგარიში ადგილობრივი ტელევიზიისათვის ლაკმუსი არ აღმოჩნდა. ტელეკომპანიებმა არჩიეს, ან საერთოდ არ გაეშუქებინათ ანგარიშში განხილული ფაქტები ან მხოლოდ საქართველოსთვის მისაღები დასკვნების შესახებ გაევრცელებინათ ინფორმაცია. გამოცდილი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელიც 2009 წლის ოქტომბერში გამოქვეყნდა, ნათქვამია - მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მოახდინა სხვადასხვა პროვოკაციები და ხელი შეუწყო ომის დაწყებას, საქართველო პასუხისმგებელი იყო ომის დაწყებაში ცხინვალზე საარტილერიო თავდასხმის სახით. ევროკავშირის ანგარიში მოუწოდებდა მედიას, თავი შეეკავებინა ქსენოფობიური გამონათქვამებისგან და გაევრცელებინათ მხოლოდ დაბალანსებული ინფორმაცია კონფლიქტის ორივე მხარის შესახებ.

„გარდიანში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ოპოზიციის ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ანგარიშს ქართული ტელეკომპანიები ცალმხრივად აშუქებენ. ვინაიდან ოპოზიციურ ლიდერებს საკუთარი აზრის გამოხატვა მხოლოდ გაზეთებში შეუძლიათ, ბურჯანაძის თქმით, საზოგადოებაზე მათი ზეგავლენა ძალიან მცირეა ეროვნული ტელეკომპანიების სამთავრობო კონტროლის გამო. ქვეყნის ორი-მესამედისათვის ინფორმაციის ერთადერთ წყაროს ეროვნული ტელევიზიები წარმოადგენს „და ყველა მათგანი პრეზიდენტის შიდა წრის კონტროლის ქვეშაა“.

საინფორმაციო საიტზე - „ღია დემოკრატია“ გამოქვეყნებულ კვლევაში მედიის განვითარების შესახებ ანალიტიკოსი რობინ ლიუელინი საუბრობს საქართველოში ტელევიზიების პოლარიზაციაზე; მაუწყებლები არიან ან მთავრობის ან ოპოზიციური  პარტიების აქტიურად მომხრეები. „ქართული მაუწყებლების პრობლემა არის შეხედულებების პლურალიზაცია; ჩვენ გვყავს ან მთავრობის მომხრე ან მოწინააღმდეგე ტელევიზიები, არაფერი შუალედური“, - განაცხადა ჟურნალისტმა გიორგი ახვლედიანმა.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, ოქტომბერში მედიას დაუპირისპირდა, ვინაიდან სააკაშვილის ერთ-ერთმა ყველაზე აქტიურმა მხარდამჭერმა და მთავრობის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფლების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა თეა თუთბერიძემ „ფეისბუკზე“ გამოაქვეყნა საქართველოს პატრიარქ ილია II-ზე სატირული ვიდეო-რგოლი; მასზე პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. საქართველოს პატრიარქმა მანამდე გააკრიტიკა პრეზიდენტი სააკაშვილი რუსეთთან ომის წარმოების გამო. სააკაშვილმა ამხილა უპატივცემულობა და ცენზურის შიში გააღვივა განცახადებით, რომ „ის არავის მისცემს უფლებას, თავისუფლების პრინციპი არასწორად გამოიყენოს“. ადგილობრივი პრესა ავრცელებდა ამ განცხადებას.

წინა რთული წლის შემდეგ, როდესაც კიბერნეტიკულ ომში რუსი ჰაკერები თავს ესხმოდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების საიტებს, ეს ტენდენცია 2009 წელსაც გაგრძელდა. ბრძოლა ახალი ენერგიით დაიწყო აგვისტოში, როგორც რუსეთის უარი ქართულ ბლოგებზე, რამაც რამდენიმესაათიანი გათშვა გამოიწვია ისეთი პოპულარი საიტებისა, როგორიცაა „ტვიტერი“ და „ფეისბუკი“; შედეგად მილიონობით მომხმარებელი დაზარალდა. საქართველოში ინტერნეტის მისაწვდომობა შეზღუდულია განსაკუთრებით დედაქალაქში; საერთაშორისო კვლევისა და გაცვლის გამგეობამ დაადგინა, რომ მხოლოდ 7 % არის ინტერნეტის მომხმარებელი.

რუსი რეპორტიორი ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის მსხვერპლი გახდა. 18 სექტემბერს, CPJ მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას შეეწყვიტა ბესიკ ფიფიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა თაღლითობის ყალბი ბრალდების საფუძველზე; ფიფია რუსული საინფორმაციო სააგენტოს „რია ნოვოსტის“ თბილისის ბიუროს ხელმძღვანელია. „რია ნოვოსტიმ“ აცნობა CPJ-ს, რომ ფიფიას საქმე დაემთხვა საქართველოს უარს, ქვეყანაში შეეშვათ ორი რუსი ჟურნალისტი, რომლებიც პოსტ-კონფლიქტურ თემებზე გამართულ საჯარო ფორუმზე დასასწრებად ჩამოვიდნენ. CPJ-ს მხარდაჭერის შემდეგ ფიფიას წინააღმდეგ საქმის წარმოება შეწყდა.

ორიგინალი:
 
http://cpj.org/2010/02/attacks-on-the-press-2009-georgia.php

ახალი ამბები