კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვლადიმერ გაბარაევი: „რაც არ უნდა სისხლი გვემართოს, ერთმანეთთან საერთო ენა ისევ ქართველებმა და ოსებმა უნდა გამოვნახოთ“

10 მარტი, 2010

მარი ოთარაშვილი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, თომას ჰამარბერგის სამდღიანი ვიზიტი საქართველოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. თუმცა ევროკომისარმა ცხინვალში ორი საერთაშორისო ექსპერტი - ბრიუს რიჩარდ პეგი (ავსტრალიიდან) და ნიკოლას სებირი (საფრანგეთიდან) დატოვა. ისინი უგზო-უკვლოდ დაკარგული ოსების პრობლემას იკვლევენ და ამ დრომდე ცხინვალში მიყოფებიან.

ქართულ-ოსურ მხარეთა შორის ტყვეთა გაცვლის საკითხი კვლავ რჩება დაძაბულობის ფაქტორად საქართველოს ხელისუფლებასა და ოს სეპარატისტთა ჩინოვნიკებს შორის. ქართული მხარე კვლავ აცხადებს, რომ ოსი ტყვეები არ არსებობენ, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერები კი უკვე მუქარაზე გადადიან.

„ჩვენი მხრიდან კეთილი საქმის გაკეთებას ქართული მხარე აღარ უნდა ელოდოს, ვიდრე საქართველოს ოფიციალური პირები არ გადაწყვეტენ ჩვენი მოქალაქეების გადმოცემის საკითხს. დაე, ეს იცოდნენ საქართველოს იმ მოქალაქეთა ნათესავებმაც, რომლებიც ამ დროისთვის ოსურ ციხეში იმყოფებიან“, - აცხადებენ სეპარატისტები და დასძენენ, რომ ქართული მხარის ცოდვები ამ მხრივ თანდათან იზრდება. ამის მაგალითად კი ერთი ფაქტი მოჰყავთ - 28 თებერვალს თომას ჰამარბერგმა ცხინვალში რუსეთის 3 მოქალაქე ჩაიყვანა. ისინი ეთნიკურად ოსები არიან და ცოტა ხნის წინ გორში დააკავეს. ერთ-ერთი მათგანი გორში რუსეთიდან ავადმყოფი დედის სანახავად ჩავიდა. იქ კი, როგორც საინფორმაციო სააგენტო „კავკაზსკი უზელ“ იუწყება, ქართულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა გარდაცვლილი დედის დამარხვაც არ დააცალეს. აღნიშნული ქალბატონების გვარ-სახელები ჯერ არ ხმაურდება.  

როგორც ადგილობრივ ჟურნალისტებს ტყვეთა გაცვლის საკითხებში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, ბორის ჩოჩიევმა განუმარტა, 28 თებერვალს გადაცემული სამი ტყვე ქალბატონი არანაირ კავშირში არ არის ზოგადად ტყვეთა გაცვლის პროცესთან.

„გორში დააპატიმრეს ოსი ეროვნების სამი ქალბატონი, რომლებიც რუსეთის ფედერაციის მცხოვრებნი და მოქალაქეები იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი ჩავიდა გორში ავადმყოფ დედასთან, რომელიც იმავე დღეს გარდაიცვალა. საქართველოს ხელისუფლებამ მას არ მისცა საშუალება, საკუთარი დედა უკანასკნელ გზაზე გაეცილებინა. ისინი დაიჭირეს და მთელი ღამე წინასწარი დაკავების იზოლატორიაში ჰყავდათ. შემდეგ კი გადასცეს რუს მესაზღვრეებს. ამით ქართულ მხარეს სურდა, ვითომდა „კეთილი ნება“ ეჩვენებინა“, - განაცხადა ჩოჩიევმა.        

არ არის გამორიცხული, რუსეთის მოქალაქეები გორში უვიზოდ იმყოფებოდნენ და ისინი სწორედ ამის გამო დააკავეს, შემდეგ კი, როგორც წესი და რიგია, რუსეთს გადასცეს. თუმცა, ამ საკითხზე ქართული მხარე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს, რაც სეპარატისტებს საშუალებას აძლევს, განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ ამ შემთხვევაზე.

ჩოჩიევის თქმით, სამხრეთ ოსეთის მთავრობამ თომას ჰამარბერგს უთხრა, რომ თუ ქართველები მოინდომებენ გორში დაჭერილი სამი ქალის გადმოცემას, მაშინ ისინი უნდა გადასცენ რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს.

ბორის ჩოჩიევი: „სამხრეთოსურ მთავრობას ამ მოქალაქეებთან არანაირი კავშირი არა აქვს. მაგალითად, თუ სტამბულში დააკავებენ ოსი ეროვნების მოქალაქეებს, რომლებიც იქნებიან არა სამხრეთ ოსეთის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეები, ასეთ შემთხვევაში, მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება.

ტყვეთა გათავისუფლებასა თუ გაცვლაზე დღემდე არაფერია გადაწყვეტილი. თომას ჰამარბერგს განვუცხადეთ, რომ ჩვენი მხრიდან კეთილი საქმის გაკეთებას ქართული მხარე აღარ უნდა ელოდოს, ვიდრე საქართველოს ოფიციალური პირები არ გადაწყვეტენ ჩვენი მოქალაქეების გადმოცემის საკითხს. დაე, ეს იცოდნენ საქართველოს იმ მოქალაქეთა ნათესავებმაც, რომლებიც ამ დროისთვის ოსურ ციხეში იმყოფებიან. უკვე დამთავრდა თებერვალი, მაგრამ ჩვენი დაკავებული მოქალაქეების შესახებ არაფერი გაგვიგია. უფრო მეტიც, ქართველმა ძალოვანებმა წლის დასაწყისში კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე, გენადი პლიევი დააკავეს“.     

როგორც თომას ჰამარბერგი იტყობინება, ცხინვალში მყოფი 11 ქართველი პატიმრის მდგომარეობა ნორმალურია, არც ერთი ქართველი ნაცემი არ არის და თითოეული  ექიმის მეთვალყურეობის ქვეშაა. ჰამარბერგი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მმართველების წინაშე პატიმრების გათავისუფლების საკითხის ვერ დააყენა. „ცხინვალის ხელმძღვანელობა იმ დროს მოსკოვში იმყოფებოდა და ამიტომაც მათ ვერ შევხვდი“, – განაცხადა ჰამარბერგმა. 

ზოგადად, 2009 წლის დასასრულსა და 2010 წლის დასაწყისში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადამიანების დაკავება-გატაცება გახშირდა და ამას, როგორც ქართული, ისე ოსური მხარე ამტკიცებს. თომას ჰამარბერგის მონაწილეობით რამდენიმე ტყვე გაცვალეს კიდეც.

ცხინვალში ბოლო ვიზიტისას ჰამარბერგმა განაცხადა, რომ მსგავს პროცესებში გამოუვალი სიტუაციებიც არსებობს: „ასეთ დროს დგება ხოლმე რთული მომენტები, რის შესახებაც არ მინდა საუბარი. ამჯერად საკითხის შესახებ ვერაფერს გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, პროცესი გაგრძელდება“.

საინტერესოა, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ტყვეთა გაცვლის საკითხების მოგვარება ყველაზე კარგად შეუძლია არა ევროკომისარ თომას ჰამარბერგს, არამედ თავად ქართველებსა და ოსებს. ამისთვის კი საკმარისია მხოლოდ სურვილი.

ვლადიმერ გაბარაევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატი: „ორი მხარის მოსარიგებლად სახალხო დიპლომატიაზე კარგი დიპლომატია მსოფლიოში არ არსებობს. ორივე (ქართულ-ოსური) მხარე რაღაც შეთანხმებამდე უნდა მივიდეს. მეზობელი მეზობელს უნდა მოელაპარაკოს. რაც არ უნდა ერთმანეთის სისხლი გვემართოს, ვიღაცა უნდა გამოჩნდეს, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს კონსესუსის მიღწევას. ჩვენზე - ქართველებზე და ოსებზე ახლო ერი მსოფლიოში არ არსებობდა. ძალიან კარგია, ჰამარბერგი რომ ჩამოვიდა ჩვენი პრობლემების გადასაწყვეტად, მაგრამ შუამავალი უნდა იყოს არა ევროპელი ან აფრიკელი, არამედ ისევ ჩვენი წარმომადგენლები – ქართველები და ოსები“.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც ადასტურებს, რომ აღნიშნული პრობლემების მოგვარება მართლაც ადვილია ამ გზით, თუკი ქართული მხარე ამის სურვილს გამოიჩენს: „სამწუხაროდ, სააკაშვილის ხელისუფლებას აქვს აღებული ისეთი კურსი, რომ ქართულ-ოსურ კონფლიქტს საერთაშრისო სტანდარტები შესძინოს. საბოლოო ჯამში კი თავის დანაშულებებზე ეგება ხოლმე. მაგალითად, გორის სარდაფში რომ მალავდნენ ხუთ ოს ტყვეს და მერე გამოაშკარავეს... რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ვარიანტია ქართველებმა და ოსებმა თვად იპოვონ საერთო ენა. ამის გაკეთება ძალიან იოლია. საკმარისია სურვილი, რათა ქართული მხარე გავიდეს ოსებთან კონტაქტზე. მაგრამ სააკაშვილის ხელისუფლებას ეს არ სურს.   

ახალი ამბები