კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნოღაიდელის სტუმრობამ გურიაში დიდი აურზაურით ჩაიარა

30 მარტი, 2010

შორენა ღლონტი, ოზურგეთი

„ეროვნული საბჭოს“ ლიდერები ოზურგეთის დრამატულ თეატრში 24 მარტს თავის მხარდამჭერებს და წევრებს შეხვდნენ. შეხვედრის დაწყებამდე ღონისძიების ორგანიზატორებმა სამოქალაქო ომში დაღუპული ჟურნალისტის დავით ბოლქვაძის ოჯახის წევრებს დარბაზში შესვლის საშუალება არ მისცეს და განუმარტეს, რომ „ეროვნული საბჭო“ მხოლოდ აქტივისტებსა და თავის მხარდამჭერებს ხვდებოდა. დავით ბოლქვაძის დედა და და ხელს ლოთი ქობალიას ადებს, რომელიც დღეს ნოღაიდელის თანაგუნდელია. გარდაცვლილი ჟურნალისტის ოჯახის წევრებმა ნოღაიდელთან გასაუბრება შეხვედრის დასრულების შემდეგ მოახერხეს.

„არ გვიშვებენ თეატრში. მე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ვარ. ხელი კინაღამ მომამტვრიეს, მითხრეს, რომ ეს არის დახურული პარტიული აქტივის კრება. არადა, ოზურგეთის საზოგადოებას ხვდებიან, ვაჩვენე მოწმობა, გავიბრძოლე კიდეც, მაგრამ კარებში ვინც იდგა, ფიზიკურად ძლიერი აღნაგობისა იყო. მაინტერესებს, როგორც ჟურნალისტს, ხელი რატომ უნდა შემეშალოს პროფესიულ საქმიანობაში?“ - კითხულობდა დავით ბოლქვაძის და, თამარ ბოლქვაძე.

„ნოღაიდელს პარტიაში ექვსი კაცისმკვლელი ჰყავს. მათგან ერთ-ერთმა - ქობალიამ, ამ ნაძირალამ, ამ მედროვე კაცმა ჩემი შვილი, პერსპექტიული ახალგაზრდა კაცი, დათო ბოლქვაძე სახალხოდ მოკლა მოედანზე. განაჩენი გამოუტანა - ხუნტის ტელევიზიიდან მოსული შპიონი ხარ, რა გინდოდა, დასავლეთ საქართველოში რომ მოდიოდიო?! დასავლეთში, გურიაში დათოს, გინდ ბაბუისგან, გინდ მამისგან, ისეთი ნათესაობა ჰყავს, ქობალიას მოჯამაგირედაც არ იკადრებენ. ნოღაიდელს, სათავეში მოსათრევად, სწორედ ასეთი შემსრულებელი სჭირდება. ამიტომ არის იგი ყველანაირ სიბინძურეზე, ყველა სიგლახეზე ხელის მომწერი. ერთი იმ ადამიანების ტვინში ჩამახედა, ვინც ასეთებს ხმას მისცემს. ასეთი ბიჭის მკვლელი რომ პარტიაში გეყოლება, რაღა კაცი ხარ?!“ - ამბობდა ჟურნალისტის დედა, ლიანა ბოლქვაძე.

„მრცხვენია, რომ ვარ ოზურგეთის მუნიციციპალიტეტის საკრებულოს წევრი უმცირესობიდან. 2006 წლის მოწვევის მუნიციპალიტეტის საკრებულო ეს არის მხდალთა საკრებულო. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ დღეს ასეთი თავხედი ხელისუფლება გვყავს. ოთხი წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ სკამები შეინარჩუნეს, საკუთარი ცხოვრება მოიწყვეს, ნათესავები დაასაქმეს და ძალიან დიდი თანხებიც ჩაიდეს ჯიბეში“, - განუცხადა „მოძრაობა სამართლიანი საქართველოს“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლელა ნაცვალაძემ თეატრში შეკრებილ პარტიის აქტივისტებს.

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ინტერესდება, რაში დაიხარჯა სოფლის „აღმშენებლობის“ პროგრამისთვის გამოყოფილი 2 მილიონი ლარი.
„ვერც ერთი ხელისუფალი ვერ დამაჯერებს, რომ სოფელში, სადაც არ არის გზა, დაუსრულებელია გაზიფიკაცია, სოციალურად გაჭირვებულია და უკანასკნელ დღეშია მოსახლეობა, 5 000 ლარად ღირებული სველი წერტილი იყოს პრიორიტეტი. ვერც იმას დამაჯერებენ, რომ სოფელში, სადაც ყველა მეორე ეზოში ჭაა, ხალხმა 7 000 ლარად ღირებული შახტური ჭის დადგმა ისურვა“, - აღნიშნა ნაცვალაძემ.

„ეროვნული საბჭოს“ წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, თუ ხელისუფლება ხშირად არ შეცვალე, მერე ჭაობის სინდრომი ემართება: „ძალიან ცუდი პროცესები მიმდინარეობს შიგნით და ამ ხელისუფლებას უკვე ეს სენი დაემართა - ძალიან დამყაყებულია და ძალიან ცუდი სუნი დგას ქვეყანაში პოლიტიკური, ფსიქოლოგიური და ადამიანების მდგომარეობის თვალსაზრისით“.
 
„ამ ოცი წლის წინათ, როცა ბევრი ჩვენგანი ეროვნულ მოძრაობაში ვიმყოფებოდით, გვქონდა ერთი მიზანი და ოცნება - საქართველო დამოუკიდებელი და თავისუფალი გამხდარიყო. ეს ოცნება აგვისრულდა, მაგრამ ჩვენ ასეთ საქართველოზე არ გვიოცნებია მაშინ“, - ასე დაიწყო საუბარი „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერმა და ექსპრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა.

„საქართველო დღეს დაბნეული და დაშლილია სააკაშვილის  წელიწადნახევრის წინანდელი უჭკუო და ლაჩრული მოქმედებების გამო. 20 წლის წინ ყველა ოჯახში კეთილდღეობა იყო, დღეს კეთილდღეობის ნატამალი აღარ არის ოჯახების დიდ უმრავლესობაში, თითო-ოროლას გამოკლებით. დღეს ერთმა ახალგაზრდა კაცმა მითხრა ჩოხატაურში,  კომუნისტების დროს უფრო მეტი დემოკრატია იყო, ვიდრე დღეს არისო. შემზარა ამ სიტყვებმა. ჩვენ ჩვენი ოცნებისგან ისე შორს ვართ, როგორც არასდროს, სააკაშვილის ლაჩრული, უაზრო და უჭკუო მოქმედებების გამო. ამიტომ შევიკრიბეთ ეროვნული საბჭო, რომ დავიწყოთ ახალი ეროვნული მოძრაობა საქართველოში. თქვენ კარგად ნახეთ, ომმა რა შედეგი მოგვიტანა ამ ლაჩარი მთავარსარდლის ხელში. ამიტომ ჩვენ და ჩვენმა თაობამ უნდა დავიბრუნოთ აფხაზეთი და ოსეთი, მაგრამ ისიც კარგად ვიცით ყველამ, რომ სოხუმთან და ცხინვალთან ვერ მოვილაპარაკებთ, თუ პარალელურად რუსეთის დედის გინება განავაგრძეთ. ამიტომ ჩვენ აღვადგენთ რუსეთთან ურთიერთობებს ორი მთავარი მიზნით - საქართველო გავაერთიანოთ და რუსეთის ბაზარი დავიბრუნოთ. ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ ამას, როცა ხელისუფლებაში დავბრუნდებით“, - ნოღაიდელი ამ მგძნებარე სიტყვებით როცა გამოდიოდა, ოზურგეთელმა მალხაზ წიქორიამ მისთვის პუტინთან გახშირებულ შეხვედრებთან დაკავშირებით კითხვის დასმა მოისურვა.

ნოღაიდელმა უთხრა, რომ პასუხს საუბრის დასრულების შემდეგ გასცემდა. მას შემდეგ, როცა წიქორიამ დაჟინებით განაგრძო საუბარი, ნოღაიდელმა  დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა და პროვოკატორი უწოდა.

წიქორიას თავის ათამდე თანამოზრესთან ერთად დარბაზი დაატოვებინეს. თუმცა, ეს
შეხვედრა საინფორმაციო სააგენტოებმა სხვადასხვაგვარად გაავრცელეს:

„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერის ზურაბ  ნოღაიდელის დაცვამ ოზურგეთის თეატრში მოსახლეობასთან შეხვედრისას საწინააღმდეგო აზრის მქონე ადამიანებს კითხვის დასმის საშუალება არ მისცა“... „პროტესტის ნიშნად 200-მდე აქტივისტმა ოზურგეთში „ეროვნულ საბჭოსთან“ შეხვედრა დატოვა“... „ნოღაიდელს საკუთარი აქტივისტები დაუპირისპირდნენ“... „ნოღაიდელთან შეხვედრას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია“.

ახალი ამბები