კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ასე გვითხრეს - თქვენ შევარდნაძის დევნილები ხართ და მიშას პასუხს ნუ მოთხოვთო“

8 აპრილი, 2010

თამთა კაკაურიძე, ზესტაფონი

„მაგათ რაც არ უნდა დაურიგოთ, მაინც ყველაფერზე უკმაყოფილოები არიან. ზოგი ისეთია, სასახლეში რომ შეიყვანო, მაინც საყვედურს იტყვის“, - აცხადებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის უფორსი, ლენა ფერაძე დევნილების პრობლემებზე humanrights.ge-სთან საუბრისას.

საქართველოში მცხოვრები დევნილებიდან 850 ზესტაფონის რაიონში ირიცხება. რაიონის მასშტაბით სულ 13 ობიექტი იყო დევნილებით კომპაქტურად დასახლებული.

„დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით, პირველ ეტაპზე დახმარება ორგანიზებულ სექტორში მცხოვრებმა დევნილებმა მიიღეს. ასეთი ზესტაფონის რაიონში 99 ოჯახი იყო. მათთვის რეაბილიტირებულია 2 კორპუსი - მაღლაკელიძის #5 (ქალაქის საერთო საცხოვრებელი) და #11 (ყოფილი პროფ. სასწავლებელი). თუმცა, სარემონტო სამუშაოები უხარისხოდაა შესრულებული. დევნილები აცხადებენ, რომ ბევრმა უარი თქვა ამ ბინებში შემოსვლაზე.

„ჯერ ორი თვეც არ არის, რაც ამ ბინებში ვცხოვრობთ და ჭერი უკვე თავზე გვენგრევა, რამდენიმე წელიწადში, წარმოიდგინეთ, როგორ ვიქნებით?!“ –შეშფოთებულია გალიდან დევნილი ლია შამათავა.

„ბინები რომ გაარემონტეს, შესრულებული სამუშაოს ხარისხი არავის შეუმოწმებია. ექსპერტიზა არ ჩატარებულა. ზოგ ბინაში ისე წვიმს, როგორც გარეთ. შენობა ცუდად არის გადახურული“, - ამბობს ელისო ჟვანია, სოხუმიდან დევნილი.
 
ორივე კორპუსის (მაღლაკელიძის #5, #11) მცხოვრებლებს ერთნაირი პრობლემები აქვთ - სარდაფებში წყალი დგას, იატაკი უკვე აყრილია, დანესტილი და დაობებულია კედლები, ონკანები დახსნილია და წყალი გადმოდის.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადასტურებენ, რომ მათ მართლაც არ შეუმოწმებიათ ბინების ხარისხი. „ეს იმ კომპანიას უნდა გაეკეთებინა, ვინც სარემონტო სამუშაოებს აწარმოებდა. ჩვენ ამ კომპანიასთან არანაირი კონტრაქტი არ დაგვიდია. ყველაფერი თბილისში გადაწყდა. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ გააფორმა კონტრაქტი „ბლოკ ჯორჯიასთან“. ამიტომ მაგ საკითხზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიმართეთ“, - გვითხრეს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

ჩვენ ვცადეთ დავკავშირებოდით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენელს დავით აფციაურს. 17 მარტს შეხვედრაც გვქონდა დანიშნული, მაგრამ აფციაური არც შეხვედრაზე მოსულა და მას შემდეგ არც ტელეფონის ზარებს პასუხობს. ამიტომ გადავწყვიტეთ, დევნილების პოზიცია წარმოგიდგინოთ, იმ იმედით, რომ პატივცემული ჩინოვნიკი ამ პრეტენზიების გამოქვეყნების შემდეგ მაინც დაგვდებს პატივს და გვიპასუხებს.

ელისო ჟვანია, სოხუმიდან დევნილი: „ხელოსანმა გვითხრა - კედლებს 6 თვის ვადა აქვს, მერე ბათქაში ჩამოცვივდებაო. თუ რამე ფუჭდება, ვეღარ ვაკეთებთ. ჩვენ არაფრის საშუალება არა გვაქვს“.

ელისო ჯაოშვილი, სოხუმიდან დევნილი: „მეტლახი რომ აცვივდა, ხელოსანი მოვიყვანეთ. გადაირია - სულ გაფუჭდება, თუ დროზე არ გააკეთეთო. გაუსწორებელ ბეტონზე დაუგიათ. წებო ფილებს მხოლოდ შუაში აქვს წასმული და ცარიელი ადგილები ადვილად ტყდება. მე რისი საშუალება მაქვს, რომ გავაკეთო? ორი მცირეწლოვანი ბავშვი მყავს, 22-ლარიანი დახმარებით საჭმელს ძლივს ვყიდულობ. ხელოსანს როგორ გადავუხადო რემონტის ფული?!“

დევნილების განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათ ხშირად სტუმრობენ, მაგრამ ამ ვიზიტებს ჯერჯერობით შედეგი არ მოჰყოლია.

ქეთო ცქვიტარია, სოხუმიდან დევნილი: „10 მარტს ევროკავშირის წარმომადგენლები იყვნენ მოსულები. ყველაფერი გადაიღეს. მოუსმინეს ჩვენს პრობლემებს. ისიც კი გვითხრეს - თქვენი მთავრობა გვეუბნება დევნილები ყველანაირად დაკმაყოფილებულები არიანო. ჩვენი პირობები რომ ნახეს, გაოცებულები დარჩნენ – ეს არის ნორმალური საცხოვრებელი პირობებიო?!“

დევნილები ასევე ჩივიან, რომ მთავრობისგან დახმარებასაც ვერ იღებენ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის განცხადებით, USAID-ის დახმარება, რომელიც ახალ ბინებში შესახლებულებმა მიიღეს, მათთვის არ იყო გათვალისწინებული.

„ეს დახმარება დარჩენილი გვქონდა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს შემოსული დევნილების დახმარებიდან. მაგათ რაც არ უნდა დაურიგოთ, მაინც ყველაფერზე უკმაყოფილოები არიან. ზოგი ისეთია, სასახლეში რომ შეიყვანო, მაინც საყვედურს იტყვის“, - ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის უფორსი, ლენა ფერაძე.

ელისო ჯაოშვილი: „USAID-ის დახმარება მოგვცეს - ჰიგიენური საშუალებები, მაგრამ ვერ ვიყენებთ. ყველაფერი უხარისხოა. ამ შამპუნით ბავშვი როგორ დავბანო?!“

ანზორ აბდალაძე, სოხუმიდან დევნილი: „ადამიანს რომ დაეხმარები, ის დახმარება ხომ უნდა გამოიყენოს?! ჩვენ რით გვეხმარებიან? ზოგს დასაწოლიც არა აქვს. ცარიელ ოთახებში შემოგვიყვანეს და კიდევ იმას გვეუბნებიან, თუ არ გინდათ, აქ ნუ იცხოვრებთ, სხვებიც გვყავს თქვენნაირებიო“.
მაღლაკელიძის #5, #11-ში შესახლებულ დევნილებს არანაირი ტექნიკა და ავეჯი არა აქვთ. ამ სახის დახმარებაზე მათ უარი უთხრეს.

ელისო ჯაოშვილი: „ხონში და რუსთავში ჩვენ ნათესავები ცხოვრობენ და ვიცით, რომ მათ ტექნიკა დაურიგეს. ჩვენთვის კი სკამებიც არ მოუციათ.  სტუმარი რომ მოგვდის, ფეხზე ვესაუბრებით. კობა სუბელიანს ვთხოვეთ -  იქნებ ავეჯი ჩვენც მოგვცეთ-თქო და გაკვირვებულმა გამოგვხედა, სხვას ვის მივეცი, თქვენ რომ მიიღოთო?“

ინგა ცობეხია, გალიდან დევნილი: „ამ ბინების გარემონტება რომ დაიწყეს, სხვაგან გადავედით საცხოვრებლად. როცა დავბრუნდით, ჩვენი ავეჯი აღარ დაგვხვდა. ავადმყოფი გვყავს და თქვენც ხედავთ, იატაკზე წევს, საწოლები არ გვაქვს“.

ელისო ჯაოშვილი: „სუბელიანმა ასე გვითხრა - 18 წელი რომ იცხოვრეთ აქ, ვერაფერი შეიძინეთო? 22 ლარს გვაძლევენ თვეში და ამ ფულით თავი ვირჩინოთ თუ ავეჯი შევიძინოთ? პრობლემებზე რომ ველაპარაკებოდით, საერთოდ არ მოგვისმინა. ჩაჯდა მანქანაში და წავიდა“.

მარინა ნიკოლაძე, სოხუმიდან დევნილი: „ასე გვითხრეს - თქვენ შევარდნაძის  დევნილები ხართ და მიშას პასუხს ნუ მოთხოვთო“.

დევნილების უამრავ პრობლემას ისიც დაემატა. რომ ელექტროენერგიის გადასახადს თვითონ იხდიან. არადა, 6 თვის მანძილზე თითო ადამიანს საჩუქრად 100 კილოვატი ელექტროენერგია უნდა მიეღო. ამ დახმარების ვადა მაისში იწურება, თუმცა დევნილებს დავალიანების ქვითრები უკვე მიუვიდათ. 

მარინა ნიკოლაძე: „გვითხრეს - 6 თვე დენის ფულს არ გადაიხდითო. ახლა დავალიანება მომივიდა 143 ლარი, თან 20 მარტამდე უნდა გადავიხადო. საიდან მოვიტანო ამდენი ფული?! იმის საშუალებაც კი არ მაქვს, გასაშლელი საწოლი ვიყიდო. უფროსი შვილი ბებიასთან მყავს გაშვებული, დასაწოლი რომ არ გვაქვს“.

ელისო ჯაოშვილი: „გვეგონა, ელექტროენერგიაზე მაინც გვექნებოდა შეღავათი, მაგრამ მოვტყუვდით. სხვა პრივილეგიებით ჩვენ ვერ ვსარგებლობთ. დაზღვევაც კი არ გვაქვს. ფეხმძიმედ ვარ და ჩემით უნდა დავფარო სამშობიარო ხარჯები. რა უნდა ვქნათ, არ ვიცით. გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ“.

ელექტროენერგიის საფასურს მხოლოდ იმ აბონენტებს არ ახდევინებენ, ვისაც დავალიანება აქვს. არიან ისეთები, ვინც ამ მისამართზე ჯერ არ გადმოსულა საცხოვრებლად და ქვითრები მაინც მიუვიდათ.

ელისო ჯაოშვილი: „მეზობელს ბინაში საერთოდ არ უცხოვრია და 28 ლარი მიუვიდა დენის გადასახადი. ამ თანხებს საიდან გვიწერენ, არ ვიცით“.
 
მსგავს პრობლემებზე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არაფერი იციან. სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ლელა ფერაძის განცხადებით, ელექტროენერგიის გადასახადებთან დაკავშირებით მათთვის არავის მიუმართავს.

„არ ვიცოდით, ასეთი პრობლემა თუ ჰქონდათ. შეიძლება ძველი დავალიანებები იყო დარჩენილი და ისიც დაემატათ. სულ პლიტები აქვთ ჩართული და გადასახადები როგორ არ მიუვათ?!“

„დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის“ მიხედვით, მეორე ეტაპზე დახმარებას კერძო საქტორში ჩასახლებულები მიიღებენ. მესამე ეტაპზე კი ის დევნილები დაკმაყოფილდებიან, ვისაც თავიანთი სახსრებით აქვთ ფართები შეძენილი. სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის განცხადებით, მათთვის კომპენსაციის თანხები გამოიყოფა, თუმცა რამდენი იქნება ეს თანხა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. დევნილების სრულად 2012 წლამდე უნდა დაკმაყოფილდნენ. 

ახალი ამბები