კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კომპიუტერი წიგნის ნაცვლად - საგზური მომავალში, თუ ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი?

12 აპრილი, 2010

ანა შეშაბერიძე

6 აპრილს, ქუთაისში მთავრობის გასვლით სხდომაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს განათლების  სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო, რომელსაც „კომპიუტერული და ლინგვისტური რევოლუცია“ უწოდა. „კომპიუტერები წიგნების ნაცვლად“ - ასეთია სააკაშვილის ახალი ინიციატივა.

სხდომაზე პრეზიდენტმა XO ტიპის ლეპტოპი წარმოადგინა,  რომელიც ამ ეტაპზე წიგნებს მხოლოდ პირველკლასელებს შეუცვლის. მასში მთელი სასწავლო კურსი ჩაიტვირთება და მოსწავლეები წიგნის ნაცვლად „აი - იას“ თანამედროვე კომპიუტერებიდან ისწავლიან.

პრეზიდენტის თქმით, საყოველთაო კომპიუტერიზაცია „ისტორიული საკითხია“ და ეს რეალურად იქნება „ახალი თაობის საგზური მომავალ ცხოვრებაში“. მისივე თქმით, კომპიუტერები დიდ ქალაქებში, ტურისტულ ზონებში და დევნილთა დასახლებებში დარიგდება: ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, მესტიაში, თბილისში. პირველკლასელებს კომპიუტერები ე.წ. „პრეზიდენტის საჩუქრის“ ფარგლებში დაურიგდებათ.

„მომავალი წლიდან წიგნებს კომპიუტერები ჩაენაცვლება, რომელიც ყველაზე თანამედროვეა - რომელიც წყალში არ იძირება, შეგიძლიათ, დააგდოთ და არ ტყდება... ეს არის კომპიუტერები სპეციალურად ჩვენი ბავშვებისათვის, მათ შორის - იმათთვისაც, ვინც წერა-კითხვა არ იცის. კომპიუტერები სიმბოლოებით ოპერირებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშილმა.

„წიგნის სახელოსნოს“ ხელმძღვანელი, გამომცემელი მამუკა ხანთაძე პრეზიდენტის ინიციატივას უარყოფითად აფასებს. იგი აღნიშნავს, რომ კომპიუტერები ცუდად იმოქმედებს ბავშვების ფსიქიკაზე. მისი თქმით, მრავალნაცადი ხერხია და დამტკიცებულია , რომ ბავშვმა წიგნით უნდა ისწავლოს. ის წიგნის სხვა პლიუსებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ წიგნში მასალის აღქმადობა უფრო მეტადაა წარმოჩენილი.

მამუკა ხანთაძე:  „სახელმძღვანელოების შექმნა რთული პროცესია, რომელშიც ჩართულები არიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები: პედაგოგები, ფსიქოლოგები, სოციოლოგები. უამრავი ნაშრომი არსებობს, სადაც ნაჩვენებია, როგორ კეთდება სახელმძღვანელოები დაწყებითი კლასებისთვის. ასე ხელაღებით თქმა, რომ პირველკლასელმა მხოლოდ კომპიუტერით უნდა ისწავლოს, არ შეიძლება. ამით რა შეიცვლება? წიგნით თუ არ ისწავლე, კომპიუტერითაც ვერ ისწავლი. ეს ახალი გამოგონება არ არის. ასეთი ნაჩქარევი გადაწყვეტილებები ბავშვის ფსიქიკაზე არის ჯოჯოხეთური ექსპერიმენტი. მრავალნაცადი ხერხია, რომ ბავშვს უნდა ასწავლო წიგნით. იგი წიგნთან მუშაობას ეჩვევა პატარაობიდანვე. კომპიუტერი, ვიდეოპროექტორი, DVD, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი - სწავლების პროცესში შესაძლებელია, იყოს დამხმარე საშუალებები, მაგრამ ბავშვმა მხოლოდ კომპიუტერით რომ ისწავლოს და მით უმეტეს, მთელი კურსი, ასეთი რამ არსად გამიგია“.

მამუკა ხანთაძე ერთადერთი არაა, ვინც ამ იდეის განხორციელებას არ ეთანხმება. რესპუბლიკური პარტიის წევრს, დავით ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ როგორც ბევრი სხვა ინიციატივა, ესეც არ განხორციელდება. ხოლო, თუ პირიქით მოხდა, ცხადი გახდება, რომ ამას ნორმალური შედეგი არ მოყვება.

დავით  ზურაბიშვილი: „სერიოზული მსჯელობა ამაზე შეუძლებელია. პირველკლასელმა ბავშვმა რომ წერა-კითხვა ისწავლოს მონიტორიდან, ასეთი რამ ჯერ არ გამიგია. იმედი მაქვს, ეს ინიციატივა არ განხორციელდება. „ნაციონალებს“ ასეთი იდეები მოსდით ხოლმე თავში, მაგრამ ნელ-ნელა ჩაკვდება ხოლმე. ახლაც ამის იმედი მაქვს, მაგრამ თუ განხორციელება დაიწყო, ცხადია, ადვილად დაინახავს ყველა, რომ ეს არის სისულელე და არავითარი ნორმალური შედეგი არ მოაქვს. ასეთი რამ არავის მოსვლია თავში განვითარებულ ქვეყნებშიც კი. კომპიუტერს თავისი ადგილი აქვს, წიგნს - თავისი. შეიძლება, ამათ ჰგონიათ, რომ დააძრობენ ბავშვები პატარა ლეპტოპებს, დაკრავენ ხელს კლავიატურაზე და ყველაფერი კარგად იქნება?“

კომპიუტერები, რომლებშიც წიგნები ჩაიტვირთება არაკომერციულმა ორგანიზაციამ One Laptop Per Child-მა შეიმუშავა. კომპიუტერის ფასი 80–100 დოლარია. მისი საშუალებით სწავლება დანერგილია შემდეგ ქვეყნებში: ამერიკა, კამბოჯა, კოსტა რიკა, ვენესუელა, პაკისტანი... ხოლო თუკი სააკაშვილის იდეა განხორციელდა, 2010 წლის სექტემბრიდან ამ კომპიუტერის საშუალებით წერა-კითხვის შესწავლას ქართველი პირველკლასელებიც შეუდგებიან.

ახალი ამბები