20:08, Wednesday, 08.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

16 წლის ბიჭის მკვლელობა დაუცველ საზღვრისპირა სოფელში

15.04.2010
 გელა მთივლიშვილი, კახეთი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მკვლელობა მოხდა. თვითმხილველების თქმით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ სიღნაღის რაიონის სოფელ  ერისიმედის მკვიდრს, 16 წლის ახმედ გაურგაშვილს  საქართველოს  ტერიტორიაზე  ესროლა. ადგილობრივების განცხადებით, ქართველი მესაზღვრეები საზღვარს არ აკონტროლებენ, მხოლოდ სოფლის შესასვლელში მოწყობილ გამშვებ - პუნქტთან დგანან.

მკვლელობა 13 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე მოხდა. ტყეში შეშის მოსატანად  წასულმა ახმედ გაურგაშვილმა დაინახა, რომ საქონელი სოფლის მაცხოვრებლების მიერ გაკეთებული ღობის იქით იყო გადასული და მათ მობრუნებას შეეცადა, რა დროსაც თავში ტყვია მოხვდა და ადგილზე დაეცა.
 

„ეს ღობე ხეებით ჩვენ ავაწყეთ, რომ საქონელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე  არ გადასულიყო. ღობე ჩვენს  ტერიტორიაზე გავაკეთეთ, დაახლოებით 8-10 მეტრის აქეთ, ვიდრე საზღვარია. ახმედი ღობის იქითაც კი არ გადასულა, რომ იარაღიდან ესროლეს, ჩვენს ტერიტორიაზე მოკლეს. ესროლეს თუ არა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მაშინვე მოვარდნენ იარაღებით და ახლოს არ გვიშვებდნენ. ახმედი შველას ითხოვდა, ფორთხავდა და ჩვენსკენ იწევდა, მაგრამ არ უშვებდნენ. დაახლოებით ნახევარი საათი ასე ეგდო და სისხლისგან იცლებოდა. შემდეგ ჩვენი თანასოფლელები მოვიდნენ საზღვართან და ბავშვი გამოვიყვანეთ, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო“, - ამბობს თვითმხილველი მინდია თავართქილაძე. მისივე თქმით, ინციდენტის დროს საზღვარზე ქართველი მესაზღვრეები არ ყოფილან.

„გარდაცვლილს რომ არ გვატანდნენ, შემთხვევის ადგილზე თითქმის მთელი სოფელი მივიდა. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ავტომატები მოგვიშვირეს და რუსულად გვაფრთხილებდნენ, არ მოხვიდეთ, თორემ გესვრითო. ბავშვი ჩვენს ტერიტორიაზე ეგდო და მიახლოების უფლებას არ გვაძლევდნენ, რის შემდეგაც ძალიან აღვშფოთდით და რაც უნდა მომხდარიყო, დაღუპულის გამოსაყვანად მივედით. მას შემდეგ საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მთელი ღამის განმავლობაში ყაზარმული ჰქონდათ გამოცხადებული“, - აღნიშნავს ერისიმედის მკვიდრი დათო მახარაძე.

გარდაცვლილს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ცხედარი პანკისის ხეობის სოფელ დუისში გადაასვენეს. გარდაცვლილი ეთნიკური ქისტი იყო.
 

მომხდართან  დაკავშირებით აღძრულია სისხლის  სამართლის საქმე. კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის დავით ქოქიაშვილის ცნობით,  გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ახმედ გაურგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

ქართველი მესაზღვრეები საზღვარს რომ იცავდნენ, მკვლელობა არ მოხდებოდა, - მიაჩნიათ სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მაცხოვრებლებს.

„სადაც მკვლელობა  მოხდა, მანდ ქართველი მესაზღვრეები საერთოდ არ ყოფილან. არც  მკვლელობის დროს არ მოვიდნენ. ინციდენტთან დაკავშირებით თელავიდან ჩამოსულმა პროკურორმაც კი იკითხა, მესაზღვრეები სად არიანო. მაგათ ტრასაზე ურჩევიათ სიარული და სოფლის შემოსასვლელში დგომა, რომ ბათინკები არ გაეთხუნოთ. საზღვარს რომ აკონტროლებდნენ, ეს მკვლელობაც არ მოხდებოდა“, - აღნიშნავს მურად თავართქილაძე. 

ბეგლარ აბაშიძე, სოფელ ერისიმედის გამგებელი: „ქართველი მესაზღვრეები მარტო იქ დგანან, სადაც პუნქტი აქვთ მოწყობილი, ერისიმედის შემოსასვლელში. გაივლიან იქ, გამოივლიან. მათ არ იციან საზღვარი სად არის. იმ მხარეზე, სადაც ეს მკვლელობა მოხდა, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და მწყემსები თავისუფლად შემოდიან, საქონელიც გადაჰყავთ ჩვენგან. ისინი ჩვენს მიერ გაკეთებულ ჭაბურღილზე წყალსაც სვამენ და იმის გამო, რომ შეაიარაღებულები არიან, სოფლის მაცხოვრებლები სასმელი წყლის მოსატანადაც კი ვერ მიდიან იმის შიშით, რომ არ ესროლონ. ამ ფაქტებზე საქართველოს საზღვრის დაცვის სამსახური არ რეაგირებს“.

ერისიმედის მოსახლეობა საქართველოს  შს სამინისტროსგან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ერისიმედის მონაკვეთის გაკონტროლებას ითხოვს. humanrights.ge ერისიმედში არსებულ პრობლემებზე და ქართველი მესაზღვრეების უმოქმედობაზე ვრცლად ცოტა ხნის წინ წერდა (იხ. http://www.humanrights.ge/index.php?a=article&id=4829&lang=ge ). აღნიშნულ პრობლემებზე საზღვრის დაცვის სამსახურის დედოფლისწყაროს სამმართველოში  კომენტარს არ აკეთებენ.

საქართველოს საზღვრის დაცვის სამსახური რომ საზღვარს არ აკონტროლებს, ამას სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძეც ადასტურებს. მისი განცვხადებით, საქართველოს  საზღვრები დაუცველია.

„სასაზღვრო  სამსახური, რომელიც ყველა  მოთხოვნას პასუხობდა, დაშალეს. დღეს საზღვრის დაცვის სამსახური აღარ არსებობს. სასაზღვრო სამსახური, რომელიც შსს - ს დაქვემდებარებაშია, მხოლოდ იმის გარკვევით არის დაკავებული, თუ რომელი ოპოზიციონერი სად, რომელ ქვეყანაში მიდის და ფული ხომ არ შემოაქვს. დღეს, საზღვრის დაცვის სამსახურის მთავარი ფუნქცია აეროპორტის და საკონტროლო გამტარი პუნქტების კონტროლია. გააუქმეს ავიაცია, არადა ავიაციის გარეშე კავკასიის ქედის და რუსეთ - საქართველოს საზღვრის გაკონტროლება წარმოუდგენელია. გააუქმეს სპეციალური დანიშნულების რაზმიც, იმ მოტივით, რომ ბადრი ბიწაძეს იმ რაზმში ბევრი ნაცნობი ჰყავსო. საქართველო აზერბაიჯანის საზღვარიც სრულიად დაუცველია“, - აცხადებს ბადრი ბიწაძე.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მკვლელობა 2003 წელსაც მოხდა. მაშინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ლაგოდეხის მკვიდრი, 27 წლის ოლეგ მატიაშვილი მოკლეს. მკვლელობისთვის არავინ დასჯილა
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC