21:34, Wednesday, 08.04.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყველაზე მკაცრი და ყველაზე მოცულობითი ანგარიში საქართველოს შესახებ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ

15.04.2010
ანა შეშაბერიძე

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მარტის დასაწყისში გამოქვეყნდა. დოკუმენტი მეტად კრიტიკული ხასიათისაა და 2009 წლის განმავლობაში ადამიანის უფლების დარღვევის მრავალი ფაქტია წარმოდგენილი. ანგარიშში გამოყენებულია ქართული თუ უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ანგარიშის მონაცემები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევას შეეხება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ფაქტობრივად, აღიარებს, რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არსებობენ.

ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა: პოლიტიკური მოტივით გატაცება და თავდასხმები, გაუჩინარებები, სასამართლოს არასამართლიანი გადაწყვეტილებები, მედიის თავისუფლებისადმი უპატივცემულობა, პოლიტპატიმრების არსებობა და ა.შ. კრიტიკასთან ერთად აღნიშნულია ის დადებითი ცვლილებებიც, რაც საქართველოში განხორციელდა, როგორიცაა - თბილისის მერის პირდაპირი წესით არჩევის გადაწყვეტილება და ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის კომენტირებისას, პარლამენტის წევრმა სახელისუფლებო გუნდიდან, გოკა გაბაშვილმა „იმედთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს ანგარიში სწორედ იმისთვის არის, რომ იყოს კრიტიკული. მისივე თქმით, ხელისუფლებაში ყველა საკითხს არ ეთანხმებიან: „რა თქმა უნდა, კრიტიკა არის. ეს ანგარიში სწორედ ამისთვის მზადდება, რომ ადამიანის უფლებების მხრივ გადაცდომები და კრიტიკული შენიშვნები იყოს ყველა ქვეყნის მისამართით. ჩვენზე უფრო განვითარებული და წარმატებული ქვეყნების მისამართითაც არის კრიტიკა და სწორედ ამაშია ამ ანგარიშის არსი. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს ვეთანხმებით, რაც ამ დოკუმენტში არის წარმოდგენილი, მაგრამ რა თქმა უნდა, ყურადღებით ვეცნობით და პატივს ვცემთ ჩვენი მთავარი მეგობრის და მოკავშირის აზრს“.

გაბაშვილის მსგავსად გარკვეულ საკითხებს არც ოპოზიციის წარმომადგენლები ეთანხმებიან, მაგრამ - სხვა კუთხით. კონსერვატიული პარტიის ლიდერი, კახა კუკავა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს ტონი შერბილებული აქვს და შეიძლებოდა, უფრო კრიტიკული მიდგომაც, როგორც ეს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში გაკეთდა, სადაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ.

კახა კუკავა: „ანგარიში მეტნაკლებად ობიექტურია და  ძირითად ფაქტებს ასახავს. რა თქმა უნდა, ტონი ძალიან შერბილებულია სხვა ქვეყნებთან შედარებით, სადაც პოლიტპატიმრები არაიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ფაქტებზე მთლიანად თვალი არ დაუხუჭავთ. ვთქვათ, უზბეკეთში ან სხვა ქვეყნებში, ბევრად უფრო ხაზგასმულია და ბევრად უფრო კრიტიკული შეფასებებია, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში.

ამ ანგარიშით, ფაქტობრივად, აღიარებულია პოლიპატიმრების არსებობა საქართველოში, მაგრამ პირდაპირ არ წერია. ბევრად უფრო უკეთესი იქნებოდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების პროცესისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებითაც ისევე მკაცრად თქმულიყო, როგორც უზბეკეთთან დაკავშირებით ითქვა. მაინც ერთგვარი თავის დაზღვევა თუ დელიკატური ტონი შენარჩუნებულია. კერძოდ, მინიშნებული აქვთ, რომ ეს მტკიცება და დასკვნა ეკუთვნის სხვადასხვა წყაროებს და არა უშუალოდ დეპარტამენტს“.

ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი და რესპუბლიკური პარტიის წევრი თინა ხიდაშელი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წინა წლების ანგარიშებთან შედარებით ამ დოკუმენტში უკეთეს შედეგს ხედავენ. სოზარ სუბარი 2009 წლის შემაჯამებელი ანგარიშის მნიშვნელოვან სიახლეზე საუბრობს. კერძოდ - იმ ფაქტზე, რომ მასში პოლიტიკური პატიმრების თემა გაჩნდა.

სოზარ სუბარი: „წლევანდელი ანგარიში, შეიძლება ითქვას, ყველაზე მკაცრი და ყველაზე მოცულობითია იმათთან შედარებით, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში, ანუ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ გამოქვეყნებულა. წინა ანგარიშები იყო საკმაოდ სრულყოფილი, ანუ ფაქტები არ იყო გამოტოვებული, მაგრამ შეფასებებისგან თავს იკავებდა ხოლმე სახელმწიფო დეპარტამენტი. აღნიშნული ჰქონდათ - „სახალხო დამცველი იუწყება“, „არასამთავრობოები იუწყებიან“,  მერე იქვე წერდენ - „ხელისუფლება პასუხობს“... თავად სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიცია კი ნაკლებად ჩანდა. 2009 წლის შემაჯამებელ ანგარიშში კი დეპარტამენტის პოზიცია საკმაოდ ნათლად და მკაცრად არის, თანაც ძალიან კრიტიკულია  საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების  მიმართ. დამატებით, ერთ თვისობრივ სიახლეზეც შეიძლება აღინიშნოს - ანგარიშში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულების თემა გაჩნდა. სახელმწიფო დეპარტამენტი პრაქტიკულად აღიარებს საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობას და ეს ჩემი აზრით, სწორია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ცუდი სიგნალი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლებისთვის“.

თინა ხიდაშელი ბოლომდე სრულყოფილად არ აფასებს ანგარიშს და მიიჩნევს, რომ დოკუმენტის ის ნაწილი, სადაც არჩევნებზეა საუბარი, გაცილებით უფრო მკვეთრი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მისივე თქმით, ეს ანგარიში მაინც მოსალოდნელზე მეტად კრიტიკული აღმოჩნდა.

თინა ხიდაშელი: „გასული წლების ანგარიშებისგან განსხვავებით, 2009 წლის ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ, გაცილებით უფრო ადეკვატურია და უფრო მეტად ახლოა ქვეყანაში არსებულ რეალობასთან. ამ ანგარიშში იგრძნობა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სრული გათავისუფლება მოხდა იმ ილუზიებისგან, რაც ჩვენს ქვეყანაში არსებულ რეჟიმთან დაკავშირებით ჰქონდათ. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მე რომ ვწერდე ამ ანგარიშს, სხვა სახე ექნებოდა, მაგრამ ჩვენ თუ შევადარებთ 2006–2007 წლების ანგარიშებს, რა თქმა უნდა, ეს გაცილებით უფრო ადეკვატურია და ახლოს არის რეალობასთან. მე ვფიქრობ, რომ მაგალითად, არჩევნებთან დაკავშირებული ნაწილი  გაცილებით უფრო მკვეთრი უნდა ყოფილიყო და ამის ყველა საფუძველი არსებებობს“.

ამ დღეებში აშშ-ის საელჩომ საქართველოში 2009 წლის ანგარიშის ოფიციალური ქართული თარგმანი გამოაქვეყნა: http://www.state.gov/g/drl/rls/hrrpt/2009/eur/136032.htm 

ანგარიშის PDF ვერსიას humanrights.ge  გთავაზობთ „ანგარიშების“ განყოფილებაში: ლინკი http://humanrights.ge/admin/editor/uploads/pdf/12%20Human%20Rights%20Report%202009%201.pdf

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

უჩინარი მტერი
2020 წელი სულ ახლახან დაიწყო და მალევე მსოფლიოს დაუჯერებელი ინფორმაცია ეცნო - ინფორმაცია მკვლელი ვირუსის შესახებ, რომელიც ჩინეთში, უჰანის პროვინციაში გაჩნდა, შემდეგ კი
ვრცლად...
აპოკალიფსი არ იქნება
საგანგებო მდგომარეობის გავლენა საპარლამენტო არჩევნებზე
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC