კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლაპარაკი საქმის ნაცვლად - წინასაარჩევნოდ ხელისუფლებას მოქალაქეებისთვის აღარ სცალია

20 აპრილი, 2010
შორენა ღლონტი
 
ბოლო დროს მოქალაქეებისგან ხშირად გაიგონებთ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: „არ მიმიღო“, „არ მომისმინა“, „არ დამეხმარა“, „თათბირზე იყო“... ასეთ უარყოფით პასუხებს ისინი საჯარო მოხელეების კაბინეტებთან საათობით ლოდინის შემდეგ იღებენ. არადა, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ძალიან ბევრს საუბრობს გამჭვირვალობაზე, ანგარიშვალდებულებაზე, ხალხზე ზრუნვაზე და რაღა თქმა უნდა - ქვეყნის აღმშენებლობაზე.

რიგით მოქალაქეებთან შესახვედრად მაღალჩინოსნების მოუცლელობის ერთ-ერთ მიზეზად წინასაარჩევნო პერიოდი სახელდება. კაბინეტებში რომ სამსაათიანი თათბირები იმართება ამას არც მაღალჩინოსნები უარყოფენ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ გამგეობისკენ გადამისამართებული მოქალაქეები ვერც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელებს ხვდებიან. ამის მიზეზი კი ნამდვილად არჩევნებს უკავშირდება - გამგებელი და მისი მოადგილე თანამდებობიდან გათავისუფლებული არიან. ისინი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში გადაბარგდნენ. გამგებლის მოვალეობის ახლადდანიშნული შემსრულებელი კი ჯერჯერობით თვითგამორკვევის პროცესშია.

„ვერა და ვერ მოვახერხე გუბერნატორთან შესვლა. მეშვიდე თუ მერვე ორშაბათია, ამაოდ ველოდები. დღესაც უარი მივიღე. მდივანმა მაცნობა, გუბერნატორს არ სცალია, ვერ მიგიღებს, ან მოადგილესთან შედი, ან გამგებელთანო. თუმცა, ჩვენთვის არც ერთს არ სცალია“, - გვითხრა ონკოლოგიური სენით დაავადებულმა ახალგაზრდა ქალმა.
 
გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი მედიასთან უარყოფს, რომ მოქალაქეებს მასთან შეხვედრის საშუალება არ ეძლევათ.

ვალერი ჩიტაიშვილი, გურიის გუბერნატორი: „თავისუფალი თუ ვარ, ვერავინ იტყვის, რომ მოქალაქეების მიღებაზე უარი მეთქვას. ჩემს კაბინეტს ცარიელს ვერასოდეს ნახავთ. შეიძლება, მოქალაქეთა ერთი ნაწილი მიღებაზე მყავდეს, მეორე ნაწილი კი მისაღებში იდგეს და მელოდებოდეს. ერთი რამ მინდა აღვნიშნო: არის ადამიანთა კატეგორია, ვინც თითქმის ყოველ ორშაბათს ითხოვს ჩემთან შეხვედრას და ჩემგან დახმარებას. არის ერთი ადამიანი, ვინც მილიონ ლარს ითხოვს რაღაც სკულპტურის დადგმისთვის. არიან ადამიანები, რომელთაც რამდენჯერმე დავეხმარეთ ერთჯერადად. ასევე არიან ოჯახები, რომელთაც რამდენიმე ათასი ლარით დავეხმარეთ და ისევ ითხოვენ დახმარებას. ჩვენ კი ამდენჯერ თანხის გაცემის საშუალება ნამდვილად არა გვაქვს. სამწუხაროდ, არის მოქალაქეთა ისეთი კატეგორიაც, ვისაც აუცილებელ ჩვევად ექცა, ითხოვოს დახმარება. ამას უკვე ქრონიკული ხასიათი მიეცა. ცდილობენ, თავიანთი შთაბეჭდილებები მოახდინონ ადამიანებზე. ლაპარაკობენ, რომ ყველაზე მეტად უჭირთ და მუდმივად აქვთ პრეტენზიები“.

იურისტი ირაკლი პაპავა ამბობს, რომ ხელისუფლების პირდაპირი, უპირობო და, რაც მთავარია, უალტერნატივო კანონისმიერი ვალდებულებაა მოქალაქეებს შეხვდეს და მოუსმინოს.

ირაკლი პაპავა, იურისტი: „ამ „გაუთავებელი თათბირებისა და ბანკეტების“ საკითხი დღემდე აქტუალურ და ყბადაღებულ თემად რჩება. ეს საუკეთესო საშუალებაა, მოსახლეობის წარმომადგენელთა „მომაბეზრებელი და შემაწუხებელი“ (რა თქმა უნდა, ჩინოვნიკის გადასახედიდან შეფასებით) ვიზიტების თავიდან ასარიდებლად. როგორც ჩანს, გუბერნატორობისა და გამგებლობის (ისევე, როგორც ზოგადად, თანამდებობის) „ხიბლი“ ისაა, რომ ჩვეულებისამებრ, შემოქმედებით წვასა და პროცესში ჩაფლულ ჩინოვნიკს, ცოტა არ იყოს, უჭირს თავისი დროის ფასდადუდებელი ოქროს ფონდიდან რიგითი მოქალაქისთვის ძვირფასი წუთების გამოყოფა და დათმობა... აი, ჩვენი ვაი-ვიში და გასაჭირი მაშინ ნახეთ, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები „დალოდების საათების“ ბედნიერებასაც თუ წაართმევენ საკუთარ ამომრჩევლებს... მართალია, აქტიურად საუბრობენ გამჭვირვალობაზე, მაგრამ რაც ხდება, არანაირად არ არის გამჭვირვალობა. უბრალოდ, ხელისუფლება იმიტომ საუბრობს გამჭვირვალობაზე, რომ ეს, ჯერ ერთი, მოდურია და მერე კიდევ, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობას კანონი ცალსახად ითხოვს. ეს არის და ეს. როცა ჩინოვნიკი ხარ, საქმით თუ არა, საუბრით მაინც ხომ უნდა წარმოაჩინო, რომ გამჭვირვალობის პრინციპის ერთგული ხარ. გამჭვირვალობაზე ესოდენ ხშირ  საუბრებსაც სწორედ ეს მომენტი განაპირობებს“.

ახალი ამბები