კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის საკრებულო კვლავ „ნაციონალური“ უმრავლესობით დაკომპლექტდა

18 ივნისი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

„უხმაურო, თუმცა ხარვეზებით ჩატარებული არჩევნები, რომელიც დარღვევებით და გაყალბებებით წინამორბედებს არაფრით ჩამორჩებოდა“, - ასე აფასებს ოპოზიცია 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომელსაც შედეგად ადგილობრივ ხელისუფლებაში კვლავ მმართველი პარტიის მოსვლა მოჰყვა.

21 „ნაციონალი“, 3 „ქრისტიან-დემოკრატი“ და ერთი „ალიანსელი“ - ასეთია შემადგენლობა, რომლითაც გუშინ ქუთაისის საკრებულო პირველად შეიკრიბა. მომდევნო ოთხი წლის მანძილზე ქალაქს „რჩეულთა“ 25 კაციანი სათათბირო კვლავ ძველის (ამირან ხვადაგიანი) თავმჯდომარეობით უხელმძღვანელებს. ასევე, ათივე მაჟორიტარი მმართველი პარტიიდან იქნება. ათივე - ხმების შთამბეჭდავად მაღალი პროცენტული მაჩვენებლით.

64, 45% „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, 21, 27% „ქრისტიან დემოკრატიული გაერიანება“, 5, 25% „ალიანსი საქართველოსთვის“ - ეს ის მონაცემებია, რომლის  გაპროტესტებამ (როგორც ოპოზიციის, ისე არასამთავრობო სექტორის მხრიდან) საბოლოო ჯამში შედეგი ვერ შეცვალა.

„არჩევნები მხოლოდ უშუალოდ არჩევნების დღით არ ფასდება. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ადამიანებს არ ჰქონდათ თანაბარი პირობები. სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები უბნებზე იდგნენ და პირდაპირ აღნიშნავდნენ, ვინ მოვიდა არჩევნებზე და ვინ არა. ეს არის წმინდა წყლის ფსიქოლოგიური ზეწოლა ამომრჩეველზე. ფსიქოლოგიური წნეხი, იგივე საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანებისთვის. ამას დაემატა საზოგადოების ნიჰილისტური განწყობა, რომელიც პირდაპირ აისახა არჩევნების შედეგებზე“, - ასეთია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელთა შეფასება.

ორგანიზაციის ადგილობრივი ხელმძღვანელობის განმარტებით, მიმდინარე არჩევნები არასწორად შედგენილი მიღება-ჩაბარების ოქმებისა და არაკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული საუბნო კომისიების პირობებში ჩატარდა. „ჩვენ ამოვიღეთ 129 (აქედან 3 სპეციალური) საარჩევნო უბნის კომისიის წევრთა სიები, რათა მომავალში შეცდომები კვლავ არ განმეორდეს. ფაქტია, ეს ხალხი არ იყო მოწოდების სიმაღლეზე, რაც არჩევნების საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვნად აისახა. ჩვენ გვჭირდება სერთიფიცირებული კომისიის თავმჯდომარეები, მოადგილეები და მდივნები, რათა ტექნიკური ხარვეზები მომავალში აღარ გვქონდეს“, - ამბობს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის პროგრამების დირექტორი ნოდარ ჯიქია.

მიუხედავად იმისა, რომ საკრებულო უკვე შეიკრიბა და მუშაობასაც დიდი ენთუზიაზმით შეუდგა, არჩევნების თემა კვლავ აქტუალურია. შედეგებს არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციის გარდა, საზოგადოებაც აპროტესტებს. ხალხის წინასაარჩევნო განწყობა - „მაინც ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს“ - გამართლდა.

ექსპერტთა აზრით, საზოგადოების ამგვარმა განწყობა არჩევნების შედეგებზე აბსოლუტურად აისახა. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემების  მიხედვით, საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლის საერთო რაოდენობის მხოლოდ 34,35 პროცენტი, 55 466 ქუთაისელი გამოცხადდა. აქედან უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე თავად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა მიიყვანეს.

ახალი ამბები