კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტი „სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს

12 ივლისი, 2010

გელა მთივლიშვილი

პარლამენტი „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე  კანონპროექტს განიხილავს. თუ აქამდე სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშს წელიწადში ორჯერ წარადგენდა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მას მხოლოდ ერთხელ წარადგენს. ამასთან, შემოდის რწმუნებით აღჭურვილი პირის ცნება, რომელსაც სახალხო დამცველის მსგავსად შეეძლება მიიღოს საჭირო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან, საჯარო დაწესებულებებიდან და თანამდებობის პირებისგან.

„სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადდა. სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნინო ერემაშვილის თქმით, კანონპროექტში ომბუდსმენის მოსაზრებებიც გათვალისწინებულია.

„ბოლო ხუთი წლის განამვლობაში ვითხოვდით, რომ კანონში შესულიყო ცვლილება, რათა პარლამენტისთვის წელიწადში მხოლოდ ერთხელ წარგვედგინა ერთი სრული ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. 2009 წლის 16 ივლისიდან  „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, სახალხო დამცველი ასრულებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს. ამ ფუნქციების მიხედვით კი, ომბუდსმენმა წელიწადში ორი ანგარიში უნდა მოამზადოს. საერთო ჯამში ოთხი ანგარიშის მომზადებას ძალიან დიდი რესურსი მიაქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტს აღარ ექნება უფლება, ომბუდსმენის ოფისს იმაზე ნაკლები ბიუჯეტი დაუმტკიცოს, ვიდრე წინა წელს ჰქონდა“, - ამბობს  ნინო ერემაშვილი.

„სახალხო დამცველის შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების თანახმად, ხდება სახალხო დამცველის უფლებამოსილების განმსაზღვრელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია. იმიჯნება სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია კომერციული საიდუმლო ინფორმაციისგან და სახელმწიფო საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია სახალხო დამცველს გადაეცემა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. სახალხო დამცველის ანგარიშის წარდგენა პარლამენტში მოხდება წელიწადში ერთხელ, მარტში, საგაზაფხულო სესიის დროს. იხვეწება რეგულაციები და პროცედურული საკითხებიც, რაც მთლიანობაში სახალხო დამცველის ინსტიტუტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნავს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი კახა ანჯაფარიძე.

კანონპროექტის მიღებას საპარლამენტო ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან ვეფხვაძე და პარლამენტის წევრი ჯონდო ბაღათურია კანონპროექტის იმ პუნქტს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველი პარლამენტს ანგარიშს წლის განმავლობაში ორის ნაცვლად ერთხელ წარუდგენს.

მათი განცხადებით, პარლამენტს სახალხო დამცველის ანგარიშის გაცნობის საშუალება წლის განმავლობაში უფრო მეტჯერ უნდა მიეცეს, რათა საკანონმდებლო ორგანოს მიეწოდოს სრული ინფორმაცია თუ რა ვითარებაა ქვეყანაში როგორც ადამიანის უფლებების, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის და კერძო საკუთრების ხელყოფის შემთხვევების მხრივ.

ყოფილი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის თქმით, პარლამენტი ისევ ისე უყურადღებოდ თუ მოეკიდა სახალხო დამცველის ანგარიშში მოცემულ დარღვევებს, როგორც ეს მისი ომბუდსმენობის პერიოდში ხდებოდა, კანონში ცვლილებების შეტანას აზრი არ აქვს. „საკანონმდებლო ორგანომ ყველაფერი უნდა გააკეთოს სახალხო დამცველის მხარდასაჭერად. ანგარიშში მოცემულ დარღვევებზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, მათ შორის მინისტრები, პარლამენტში უნდა დაიბარონ და ახსნა - განმარტებები და პასუხი მოსთხოვონ“, - აღნიშნავს სუბარი.

დღეს მოქმედი კანონით, საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისა და სახელმწიფოს მიერ მათი უზრუნველყოფის მიზნით, ზედამხედველობს სახელმწიფო ხელისუფლებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა, თანამდებობისა და იურიდიულ პირთა საქმიანობას, აფასებს მათ მიერ მიღებულ აქტებს, აძლევს რეკომენდაციებსა და წინადადებებს. ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად. შემოწმების პროცესში ან საქართველოს სახალხო დამცველის მოთხოვნის საფუძველზე ის სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილება მოწმდება, ან გასაჩივრებულია, ვალდებულია, საქართველოს სახალხო დამცველს წარუდგინოს ახსნა-განმარტება გამოსაკვლევ საკითხზე. მასალები, საბუთები, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებიდან 15 დღის ვადაში.აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს საქართველოს სახალხო დამცველის თანხმობით.

ახალი ამბები