კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია და კომენტარი 7 ივლისს მესტიაში ჩატარებული ოპერაციის შესახებ

15 ივლისი, 2010
2010 წელს კანადელმა ინვესტორმა უილიამ ჯეიმს სიმპსონმა დაბა მესტიაში გიორგი სვანიძისაგან შეიძინა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ყოფილი ტურისტული ბაზა "უშბა"-ს ამორტიზირებული შენობა, სადაც გეგმავდა სასტუმრო კომპლექსის აშენებას. მიწის ყიდვის ხელშეკრულება კანონიერი იყო და გატარებულ იქნა საჯარო რეესტრში (სვანიძეს აღნიშნული მიწის ნაკვეთი პრივატიზებული ჰქონდა რამდენიმე წლით ადრე). საქართველოში აღნიშნულ ბიზნესში უილიამ სიმპსონის ოფიციალური, ნოტარიულად დამოწმებული წარმომადგენელი იყო დაბა ჯვარში მცხოვრები დავით ქუხილავა.

დავით ქუხილავას ჩვენებით, 2010 წლის 30 ივნისს მესტიაში ჩასვლის შემდეგ, 1 ივლისს მასთან სასტუმროში მივიდა 6 ადგილობრივი მცხოვრები, მათ შორის შოთა ჯაფარიძე, ტარიელ ჯაფარიძე, დავით ჯაფარიძე და ნელი ნავერიანი, რომლებმაც განუცხადეს მას, რომ მიწა რომელზეც სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობდა ოდესღაც მათ წინაპრებს ეკუთვნოდა და, ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, მათი თანხმობის გარეშე სასტუმროს ვერავინ ააშენებდა. თანხმობის სანაცვლოდ, მათ მოითხოვეს ფულადი თანხა 220 ათასი ლარის ოდენობით (ტერიტორია 22 ათას კვ. მეტრს შეადგენს). წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლის დაღვრით დაიმუქრნენ. შეხვედრის თვითმხილველი იყო დავით ქუხილავას მეგობარიც.

ქუხილავამ აუხსნა მათ, რომ ამხელა თანხის ერთბაშად გადახდას ვერ შეძლებდა და ფულის რამდენიმე ეტაპად გადაცემაზე შეუთანხმდა. პირველ ჯერზე, 70 ათასი ლარი უნდა გადაეხადა.

2010 წლის 2 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს განცხადებით მიმართა დავით ქუხილავამ, რომელმაც აღნიშნა, რომ დაბა მესტიაში მცხოვრები შოთა ჯაფარიძე, ტარიელ ჯაფარიძე, დავით ჯაფარიძე, ნელი ნავერიანი და სხვა პირები მას 220 ათას ლარს სძალავდნენ. პოლიციამ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის #083100054 საქმეზე, დანაშაულის ნიშნებით, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის II ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით.

2010 წლის 7 ივლისს, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ფულადი თანხის ჯგუფურად გამოძალვის ფაქტზე, მესტიის რაიონის დაბა მესტიაში დაკავებულ იქნენ ადგილობრივი მკვიდრნი: დავით ზაურის ძე ჯაფარიძე - მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი; ტარიელ პალუშას ძე ჯაფარიძე - "ენერგო პრო ჯორჯიას" მესტიის სამსახურის მთავარი ინჟინერი; ნელი ვლადიმერის ასული ნავერიანი - მესტიის საკრებულოს წევრი და შოთა ანზორის ძე ჯაფარიძე - უმუშევარი.

ეჭვმიტანილთა დაკავების დროს მესტიის რამდენიმე მაცხოვრებელმა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს და დაკავებულების გათავისუფლება სცადა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანებები მიიღეს პოლიციელებმა და ოპერატორმა, რომელიც სპეცოპერაციას იღებდა.

გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებია: დაზარალებული დავით ქუხილავას ჩვენება, ფულის გადაცემის ამსახველი ვიდეო კადრები, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, ამოღებული ფულადი თანხა დანიშნული კუპიურებით და მოწმეთა ჩვენებები.
 
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის შოთა უტიაშვილის კომენტარი:
 მინდა გაოცება გამოვხატო ზოგიერთი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 10 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც 7 ივლისს მესტიაში ჩატარებულ ოპერაციას ეხება.

შეგახსენებთ, რომ საუბარია ბრალდებაზე, რომლის მიხედვითაც მესტიის რაიონში ადგილობრივი ხელისუფლების მაღალჩინოსნები და მათი თანამზრახველები კანადელ ინვესტორს, რომელმაც მესტიის რაიონში მიწა შეიძინა, საქმიანობაში ხელის არ შეშლის სანაცვლოდ, 70 ათას ლარს სძალავდნენ. ინვესტორმა ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა. პოლიციამ გამომძალველები თანხის აღების მომენტში დააკავა.

ეს საქმე, სამწუხაროდ, ადასტურებს, რომ საქართველოში, კვლავაც არსებობს კორუფციასთან დაკავშირებული პრობლემები და მათ გადასაჭრელად საჭიროა ყველას, მათ შორის, სახელმწიფოს, მასმედიის, არასამთავრობო სექტორის საერთო ძალისხმევა. 10 ივლისის განცხადება, რომელსაც ხელს ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს, ნამდვილად ვერ ჩაითვლება ამ ძალისხმევის ნაწილად.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ინვესტორმა "გავრცელებული ინფორმაციით, მესტიელებს თავად შესთავაზა ფული," თუმცა რაიმე განმარტებას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა გადაეწყვიტა ბიზნესმენს მესტიელი ჩინოვნიკებისათვის "თავად" ხარკის გადახდა, არ იძლევიან.

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი იყო სადავო, რადგან "მართალია, ნელი ნავერიანს აღნიშნული ტერიტორია საჯარო რეესტრში არ ჰქონდა დარეგისტრირებული, მაგრამ მისი ოჯახი სადავო მიწის ნაკვეთით უკვე რამდენიმე ათეული წელია სარგებლობს. ზოგადად, მთიან რეგიონებში მოსახლეობის დიდ ნაწილს კუთვნილი მიწები იურიდულად დაკანონებული არა აქვს". განცხადების ავტორებს შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს უძრავი ქონების მფლობელობის დამადასტურებელ რაიმე სხვა საბუთს, გარდა საჯარო რეესტრის ამონაწერისა და ეს კანონმდებლობა თანაბრად ვრცელდება მთაზეც და ბარზეც.

ერთი წუთით რომც წარმოვიდგინოთ, რომ მიწის ნაკვეთი მართლაც იყო სადავო სახელმწიფოსა და ნავერიანების ოჯახს შორის, გაუგებარია, რატომ აძლევს ეს უფლებას დავით ზაურის ძე ჯაფარიძეს - მესტიის მუნიციპალიტეტის სპორტის, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის განვითარების და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს,  ნელი ნავერიანს - მესტიის საკრებულოს წევრს  და მათ ნათესავებს, ფული გამოსძალონ ინვესტორს, რომელმაც აღნიშნული ნაკვეთი პატიოსნად იყიდა, რაშიც საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადა.

განცხადების ავტორების კიდევ ერთი არგუმენტი მდგომარეობს იმაში, რომ ტელევიზიებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში "არ ჩანს ინვესტორების წარმომადგენლის დაშინების ფაქტი, ან მის მიმართ განხორციელებული მუქარა". ჯერ ერთი, ბრალდებას ტელევიზიის საშუალებით არ წარმოუდგენია მის ხელთ არსებული ყველა მტკიცებულება, რაც გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენს, მეორეც, გაუგებარია, რატომ უნდა ჰქონოდა ამ შეხვედრაზე დაშინებას ან მუქარას ადგილი, როდესაც მათ გამოძალული თანხა უკვე მიიღეს. რეკეტისა და გამოძალვის შემთხვევებში "დაშინება ან მუქარა," როგორც წესი, ხდება მანამ, სანამ თანხას მოიტანენ, და არა მოტანის შემდეგ.

განცხადების ავტორები სინანულით აღნიშნავენ, რომ "რამდენიმე ადგილობრივ მაცხოვრებელს, რომლებიც შეეცადნენ გამოსარჩლებოდნენ დაკავებულებს, ფიზიკური ტრამვა აქვთ მიღებული". პატივცემულ ავტორებს უნდა შევახსენოთ, რომ როდესაც ადამიანთა ჯგუფი ხელს უშლის პოლიციას ეჭვმიტანილის დაკავებაში, ამას "პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა" ჰქვია და არა "გამოსარჩლება" და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. ამ ფაქტზე მესტიის პოლიციაში უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

განცხადების ავტორები ამოუცნობ "თვითმხილველზე" ან "თვითმხილველებზე" დაყრდნობით პოლიციას უყენებენ ბრალდებებს, თითქოს მან დაკავებულების მიმართ ძალადობა გამოიყენა, თუმცა როგორც თავად განცხადებაშია ნათქვამი, ამას არ ადასტურებენ არც თავად დაკავებულები, არც სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
განცხადების დასასრულს ნათქვამია: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" და "ადამიანის უფლებათა ცენტრი" მიიჩნევენ, რომ ნელი ნავერიანის დაკავება შესაძლოა მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდებოდეს". და რატომ უნდა უკავშირდებოდეს? იმიტომ რომ "ნელი ნავერიანმა საქმიანობა წინა საკრებულოს საქმიანობის შესწავლით დაიწყო და მისი ყურადღების ცენტრში უნებართვოდ გასხვისებული მიწების სამართლებრივი საფუძვლების შესწავლაც მოხდა". აქ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, კიდევ რამდენ მეწარმეს მიადგებოდნენ ნავერიანი და მისი ნათესავები და აუხსნიდნენ, რომ რაც ინვესტორებს კანონიერად შეძენილი ქონება ეგონათ, ადგილობრივი ტრადიციების თანახმად, სულაც არ იყო კანონიერად შეძენილი, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.

სამწუხაროა, რომ ამ განცხადების ხელისმომწერთა შორის არის "ტრანსპარენსი ინტერნეშენალიც". რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სხვა ქვეყნებში ამ ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ჩინოვნიკების მხრიდან ძალადობისაგან პატიოსანი მეწარმეების დაცვა წარმოადგენს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ მიზნებს ამ ორგანიზაციის საქართველოს ფილიალიც იზიარებს.
და ბოლოს, რასაკვირველია, ყველა არასამთვრობო ორგანიზაციას აქვს სრული უფლება ჩაატაროს საკუთარი გამოძიება და გაავრცელოს ნებისმიერი განცხადება, და თუ ისინი ამგვარ სურვილს გამოთქვამენ, ჩვენ სიამოვნებით მივაწვდით მათ ამ საქმეზე ჩვენს ხელთ არსებულ დამატებით ინფორმაციას.

ახალი ამბები