გვირაბი რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში
ოპერატიული ღონისძიებების შედეგად რუსთავის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში აღმოჩენილია 57 მეტრიანი გვირაბი.
რუსთავის მკაცრი რეჟიმის მე-2 დაწესებულებაში დეპარტამენტისა და დაწესებულების თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად მსჯავრდებულთა მიერ გათხრილი 57 მეტრიანი გვირაბი აღმოაჩინეს.
როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე შოთა კოპაძემ განაცხადა, რუსთავის მე-2 კოლონიაში გვირაბის შესაძლო არსებობის შესახებ ინფორმაცია რამოდენიმე თვის წინ მიიღეს, ხოლო მისი შესწავლის შედეგები სახეზეა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, არსებობენ კონკრეტული ეჭვმიტანილებიც. არ გამორიცხავენ თანამდებობის პირთა უკანონო გარიგებას პატიმრებთან. როგორც დეპარტამენტში ირწმუნებიან, ამის დამტკიცების შემთხვევაში, რეაგირება უმკაცრესი იქნება.
რუსთავის მკაცრი რეჟიმის მე-2 დაწესებულებაში ამჟამად სასჯელს 736 მსჯავრდებული იხდის.