ლევან მამალაძე შეიძლება დაუსწრებლად გაასამართლონ
თბილისი.18.08-04.მედია-ნიუსი. ქვემო ქართლის გუბერნატორის ლევან მამალაძეს ბრალდება უკვე 32 ეპიზოდში აქვს წაყენებული, ამათგან 31 ქრთამის აღებას, ხოლო ერთი საარჩევნო ბიულეტინების განადგურების ორგანიზებას ეხება,-აცნობეს სააგენტო „მედია-ნიუსს“ თბილისის პროკურატურაში, სადაც მამალაძის მიმართ აღძრული საქმის გამოძიება მიმდინარეობს.
მამალაძის მიერ გამოძალული ქრთამის ოდენობა, გამოძიების მონაცემებით, 600 ათას ლარს აღემატება.
მამალაძეზე სასამართლოს ბრძანებით ძებნაა გამოცხადებული. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველები მამალაძის დაკავებას ვერ მოახერხებენ, მისი გასამართლება, დღევანდელი კანონმდებლობით, დაუსწრებლადაც შეიძლება.
რაც შეეხება მამალაძის ადვოკატის ალექსანდრე ალადაშვილის პოზიციას, იგი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებებში მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და პროკურატურას მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია.