დაზარალებული მხარე ბასილ მკალავიშვილისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
თბილისი.08.11.04.მედია-ნიუსი. 8 ნოემბერს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ ბასილ მკალავიშვილის სისხლის სამართლის საქმის განხილვა განაახლა.
ბასილ მკალავიშვილს და მისი მრევლის ექვს წევრს ეკუმენური ლოცვის ჩაშლასა და რელიგიური უმცირესობების დარბევაში ედავებიან. განსასჯელები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და აცხადებენ, რომ ისინი კვლავ ამ ხერხებით განაგრძობენ „სატანისტების დევნას.“
სასამართლო პროცესზე ევანგელური ეკლესიის წარმომადგენლები დაიკითხნენ. ისინი, როგორც იეღოველები და ორმოცდაათიანელები, დაზარალებულად არიან ცნობილნი. მათი თქმით, თუ ბასილ მკალავიშვილი საჯაროდ ბოდიშს მოიხდის, საჩივარს უკან გაიტანენ და პრეტენზიები არ ექნებათ.
ბასილ მკალავიშვილი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და აცხადებს, რომ რასაც აკეთებს სამართლიანია და რომ მსგავსი სექტები საქართველოში არ უნდა არსებობდნენ.
სასამართლო პროცესი 9 ნოემბერს გაგრძელდება.