რუსთავის №6 საპყრობილეში გამართული მრგვალი მაგიდა პატიმართა უფლებებს მიეძღვნა
თბილისი.14.07.05.მედიანიუსი. რუსთავის №6 საპყრობილეში, სადაც ევროკავშირის TACIS-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარე რეკონსტუქცია დასასრულს უახლოვდება, გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე “ციხე - პატიმარი - საზოგადოება.” შეხვედრა შედგა ევროკომისიისა და გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პენიტენციალურ სისტემასა და პატიმართა უფლებებზე” ფარგლებში, რომელსაც ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი” ახორციელებს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ეკა ტყეშელაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში ოლავი ისრაელი, ევროკავშირის პროექტის წარმომადგენელი ქეთევან ხუციშვილი, “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” წევრები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ეკა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საპყრობილე არამარტო საერთაშორისო სტანდარტებით იქნება აღჭურვილი, არამედ დაინერგება მართვის ახალი მოდელი. თანამშრომელთა ხელფასები გაიზრდება, გაუმჯობესდება პატიმართა კვება, იქნება დაცვის უკეთესი საშუალებები. საპყრობილე 800 ადამიანზეა გაანგარიშებული. ტყეშელაშვილის განცხადებით, ამ საპყრობილის თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან და შემდგომში სპეციალურ მომზადებას გაივლიან. საპყრობილის ამოქმედება, სავარაუდოდ, წლეულს ოქტომბერში გახდება შესაძლებელი. მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ისაუბრეს პატიმართა უფლებებსა და საზოგადოებასთან მათი ინტეგრაციის პრობლემაზე, სასჯელაღსრულების სისტემის საერთაშორისო სტანდარტებზე და ა.შ.