საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს მეტი მუშაობა მოუწევთ – ფიქრობენ “ჰუმან რაითს ვოთჩში”
ამა წლის 9 დეკემბერს, “ჰუმან რაითს ვოთჩმა” სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ განცხადება გაავრცელა. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში აღნიშნულია‚ რომ ადამიანთა წამების ფაქტებთან დაკავშირებით ევროკავშირმა საქართველოზე‚ აზერბაიჯანსა და სომხეთზე ზეგავლენა უნდა მოახდინოს.
ვარდების რევოლუციის შედეგად სახელმწიფოს სათავეში მოსულმა მთავრობამ მართალია ამბიციური რეფორმები ჩაატარა, თუმცა ადამიანის უფლებები ჯერ კიდევ ბევრ სფეროში ირღვევა.
2004 წლის განმავლობაში მიღებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა სასამართლო სისტემაზე პრეზიდენტის ზეგავლენა მნიშვნელოვნად გაზარდა, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. პრეზიდენტის სპეციალური დადგენილების საფუძველზე, აპრილში მოსამართლეების მნიშვნელოვანი რაოდენობა დაუსაბუთებელი მიზეზების გამო დაითხოვეს.
მიუხედავად იმისა, რომ მედია ამ დროისათვის შედარებით თავისუფალია საქართველოში, იგი მთავრობის მიმართ ნაკლებად კრიტიკულია, რის გამოც შესაძლებელია მედიაზე მთავრობის ზეგავლენის გაზრდაზე ვისაუბროთ.
საქართველოს მთავრობამ წამების დასამარცხებლად გარკვეული ნაბიჯები გადადგა, თუმცა წამებისა და ადამინის უფლებების დარღვევის ფაქტები თავს მაინც იჩენს. იძულებით დევნილები, განსაკუთრებით ჩეჩენი ლტოლვილები კვლავ პოლიციის და სხვა მაღალჩინოსნების ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.
“ევროკავშირმა მხოლოდ ისეთ სამოქმედო გეგმებს უნდა დაუჭიროს მხარი, რომელიც ადამიანის უფლებების სფეროში კონკრეტულ მიმართულებებსა და მდგომარეობის გამოსწორების კონკრეტულ ვადებს ასახელებს,”- აცხადებს “ჰუმან რაითს ვოთჩის” კოორდინატორი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ჰოლი კარტნერი, - “ევროკავშირმა მკაცრად უნდა განსაზღვროს ის შედეგები, რაც შეიძლება ამ პირობების შეუსრულებლობას მოჰყვეს”.