თელავის რეგიონალური ტელევიზიის დირექტორი შესაძლოა დააკავონ
რამოდენიმე წუთში თელავის რაიონულ სასამართლოში პროცესი გაიმართება, სადაც თელავის ტელევიზიის „თანამგზავრის“ დირექტორს შესაძლოა წინასწარი პატიმრობა შეუფარდონ. ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ ედავება ენრი კობახიძეს ლუკა რამაზაშვილისთვის გუშინ აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს წვრილმანი ხულიგნობის ჩადენას. არ არსებობს ბრალდების მოწმე.
ამ წუთებში სასამართლოში კახეთის მედია საშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა წარმომადგენელია შეკრებილი. ისინი დღის ბოლოს სამხარეო ადმინისტრაციისა და თელავის რაიონის გამგეობის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ, რასაც ხვალ ამავე ადგილას შიმშილობით განაგრძობენ. მათი მოთხოვნაა, შეწყდეს ჟურნალისტებზე ტერორი, კონკრეტულად კი შეწყდეს თელავის ტელეკომპანიაზე ზეწოლა გოჩა მამაცაშვილის მხრიდან, რაც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ტელევიზიის ხელში ჩასაგდებადაა გამიზნული.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს „თანამგზავრზე“ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან პერმანენტული ზეწოლა ხორციელდება. როგორც, ტელეკომპანიის ჟურნალისტები აცხადებენ, რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს გოჩა მამაცაშვილს ტელეკომპანიის ხელში ჩაგდება სურს.
უნდა აღინიშნოს, რომ ორი დღის წინ ტელეკომპანიის ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი თელავის რაიონის გამგეობის საორგანიზაციო განყოფილების უფროსმა ვინმე ნიკოლოზ ფარადაშვილმა სცემა.
გელა მთივლიშვილი კახეთიდან