ადამიანის უფლებები და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტის მოთავსება და მკურნალობის პირობები
მომდინარე წლის 22 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განხილულ იქნა სახალხო დამცველთან არსებული მონიტორინგის საზოგადოებრივი საბჭოს შედეგები. აღნიშნული საბჭოს წევრი ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრიც არის.
ყურადღება, ძირითადად, გამახვილდა გლდანის რაიონში მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე, სადაც უაღესად სავალალო მდგომარეობაა.
გამოსავალის ძიებისას დაისვა ფსიქიატრიული დახმარების შესახებ სახელმწიფო კონცეფციის ჩამოყალიბების საკითხი, სადაც დაწვრილებით გაიწერება შესაბამისი რეფორმის გატარების პრინციპები. გიგი წერეთლის განმარტებით, რეფორმის გატარებას ხელისუფლება უკვე იწყებს და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეფორმა, რომლის პირველი ნაბიჯია ფსიქიატრიულ დახმარებაზე თანხის გაზრდა. წლევანდელი წლის ბიუჯეტში, ექვსი ლარის ნაცვლად, საავადმყოფოში მყოფ თითო დაავადებულზე გათვალისწინებულია ცხრა ლარზე ოდნავ მეტი. დაახლოებით ერთი კვირის წინ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო გლდანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს ყოფილი უშიშროების აკადემიის შენობაში გადატანის გადაწყვეტილება, სადაც ბევრად უკეთესი პირობები იქნება. ყოფილი ფსიქიატრიულის ადგილზე კი აშენდება საპყრობილე.
რაც შეეხება საავადმყოფოების პერსონალის გადამზადების საკითხს, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, პერსონალის გადამზადებაზე თანხები გამოყოფილი არ არის და, სავარაუდოდ, არც იქნება.
მონიტორინგის შედეგების ანგარიში იხილეთ: http://www.humanrights.ge/files/monitoring%20report_february.pdf