კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მინისტრმა ამერიკულ პეპელას ვერაფერი დააკლო

13 ივლისი, 2006

მინისტრმა ამერიკულ პეპელას ვერაფერი დააკლო

სოფლის მეურნეობის მინისტრის ა. სიმონიშვილის სამეგრელოში ვიზიტისას პომპეზურად ჩამოტანილი უცხოური აპარატურით ზუგდიდის ქუჩებსა და სოფლებში განხორციელებულმა შეწამვლამ ამერიკულ პეპლებს ვერაფერი დააკლო. საავტომობილო გზიდან, აპარატით გადმოფრქვეულმა შესაწამლმა კვამლისებრმა მასამ მხოლოდ გზის განაპირას მდებარე მწვანე ნარგავებამდე თუ მიაღწია. ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი კი ხელშეუხები დარჩა. ყოველივეს თან წვიმაც დაერთო და ღამის განმავლობაში მოსულმა ნალექმა ამერიკული პეპლების განადგურების თუნდაც უმნიშვნელო შანსიც გააქრო.
  
მოსახლეობა ამ აქციით უკმაყოფილო დარჩა, რადგან მათი უმეტესობის აზრით განხორციელებული სამუშაოები აარაეფექტურია.
სოფიო ანჩაბაძე: „ეს აპარატი ჩემს ქუჩაზეც ჩამოატარეს. იმ კვამლს ჩემი ჭიშკრიდან ბოსტნამდე ოცი მეტრია და იქამდეც კი არ მოუღწევია. შედეგიც არანაირი არ არის. ეს პეპლები ისეა მოდებული ამ ადგილებში, არ ვიცი თუ რამე უშველის“.
 
ჟორა შელია: „ამ აპარატზე და წამალზე დახარჯული ფული მოსახლეობისთვის რომ დაერიგებინათ, ჩვენ უფრო ხარისხიანად გავაკეთებდით ყველაფერს. ყველა თავის ეზოს მიხედავდა და შეწამლავდა. ამათ კი უხარისხოდ მოისტუმრეს ყველაფერი. გუშინ შეწამლეს აქაურობა და თვითონ ნახეთ თუ ეტყობა რამე. ან არადა, გავიგე რომ ჩამოიტანეს ის წამალი, რომელიც ერთი ლიტრი 12 დოლარი ღირსო“.
 
ზუგდიდში ამერიკულ პეპელასთან ბრძოლის საქმიანობებს მოსახლეობისგან განსხვავებით, ეფექტურს უწოდებს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის წარმომადგენელი ზურაბ ლიპარტია. მისივე განცხადებით, სამეგრელოში ამ სამუშაოების ჩატარებასა და შესაწამლი ნივთიერების - ინსექტიცილი დეცისის შესაძენად წლეულს არაფერი დახარჯულა (დახარჯული თანხების ოდენობის დადგენა, ჩვენდა გასაკვირად, ძალიან გაგვიჭირდა).

ზურაბ ლიპარტია: „ჩვენს სამსახურთან საგანგებო სიტუაციების სარეზერვო სალიკვიდაციო ფონდი ფუნქციონირებს. შარშან ამ ფონდიდან იქნა შეძენილი ეს მედიკამენტი და დაახლოებით 120 000 ლარი დაიხარჯა. ჩვენ წარმატებით ჩავატარეთ ამერიკული თეთრი პეპელას შესაწამლი სამუშაოები და ახლა მეორე საინკუბაციო თაობის შესაწამლად ვემზადებით, აგვისტოს ბოლოსთვის. მოსახლეობას ჩვენ უფასოდ ვემსახურებოდით“.
  
ლიპარტიამ უარყო ის ფაქტი, რომ მოსახლეობისგან მომსახურების თანხებს ითხოვდნენ და სოფლების გამფებლებისაკენ გადაგვამისამართა, საწვავის თანხებს ისინი აგროვებდნენ და ჩვენს მიერ მიცემული მედიკამენტით შეწამვლას საკუთარი ძალებით აწარმოებდნენო.
  
მოსახლეობის ნაწილი კი ზუსტად ასახელებს მომსახურე პერსონალისათვის გადახდილი თანხის ოდენობა, რაც უმეტეს შემთხვევაში 10 ლარია. სოფლებში მათ უჭირთ იმის თქმა, თუ კონკრეტულად ვის გადაუხადეს მომსახურების ფული, რადგან მათი ნაწილი ხელს სამსახურის მუშებისკენ, ნაწილი კი სოფლის გამგებლებისკენ იშვერს.

ჯონი მიშველია-სოფელ განმუხურის გამგებელი: „ჩვენ ბენზინზე მომუშავე აგრეგატი და წამალი დაგვიტოვა. შეგვპირდა თუ მიმსახურების ხარჯებს გავწევდით, აგინაზღაურებთო. მოსახლეობა ერთ ან ორ ლარს აგროვებს და თვითონ წამლავს საკუთარ ნაკვეთებს. ადგილობრივ ბიუჯეტში ეს თანხები გათვლილი არ იყო და მისი გაღება ხალხს მოუხდა მოსახლეობას დახარჯული თანხა შეპირებისამებრ თუ აუნაზღაურდა, კარგი იქნება. თუმცა ჯერ-ჯერობით ასეთი რამ არ მიმხდარა“.
  
მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა მომსახურების თანხის გადახდა ვერ შეძლო და ამ და სხვა მიზეზების გამო საკუთარი ეზოების შეწამვლა ვერ შეძლეს. სოფელ რუხში კი, მიუხედავად მოსახლეობის მზადყოფნისა, მომსახურების ფული გადაიხადოს, შესაწამლი სამუშაოები ჯერაც არ ჩატარებულა. შეუწამლავი დარჩა ზუგდიდის ბევრი ქუჩა. შეიძლება ითქვას, რომ ამ ადგილებში შეწამვლა უკვე ძალიან დაგვიანებულია, რადგან მავნებელმა უკვე მოახერხა მოსახლეობის ჭირნახულის განადგურება. განსაკუთრებული ზიანი სიმინდის ყანებსა და თხილის პლანტაციებს მიადგათ.
 
აქვე შევნიშნავთ, რომ ზარ-ზეიმით ჩამოტანილი, ნაქები აგრეგატი ჩამოტანიდან მესამე დღეს მწყობრიდან გამოვიდა, რამაც შეწამვლის პროცესი ისევ შეაჩერა.
  
მოსახლეობა უმეტეს შემთხვევაში შიშველი ხელებით განაგრძობს ამერიკულ პეპელასთან ბრძოლას, რაც ძირითადად ხეების დაავადებული ტოტების ჭრასა და სალიარით გაჯერებული ცეცხლმოკიდებული ტილოებით მავნებლების საბუდარების მოწვას გულისხმობს.

მათი აქტიურობის მიუხედავად მავნებელი ინკუბაცია-გამრავლებას უსწრაფესად ახერხებს და თუ მათი გამრავლების პროცესი ამ ტემპით გაგრძელდა, წინასწარი ვარაუდით სამეგრელოს რეგიონის მწვანე საფარის მესამედს გაანადგურებს. აღარაფერს ვამბობთ მოსახლეობის ჭირნახულზე.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები