სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელი „ალიას“ ბოდიშის მოხდას სთხოვს
თბილისი.19.07.06.მედიანიუსი. სტუდია „რეპორტიორის“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე გაზეთ „ალიას“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვახტანგ კომახიძემ განაცხადა, რომ გაზეთ „ალიას“ მიერ საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივინფოზე“ დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტელეკომპანია „202“ გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გოგა კოხრეიძემ ფულის გამოძალვის გამო ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე სამსახურიდან გაათავისუფლა, აბსოლუტური სიცრუეა.
ვახტანგ კომახიძის თქმით, საინფორმაციო სააგენტო „ექსკლუზივინფო“ არსად არის რეგისტრირებული და მისი ადგილმდებარეობა უცნობია, რაც ეჭვს იწვევს, რომ სააგენტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის და მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი გურამ დონაძეა. „გურამ დონაძე უკვე დიდი ხანია ჩვენს დისკრედიტაციას ცდილობს, რადგან გადავიღეთ ფილმი „მადლობა პატრულს“, სადაც მისი ნეგატიური მხარე და არაპროფესიონალიზმი იკვეთება. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ გურამ დონაძე სამსახურიდან არ გაუთავისუფლებიათ,“ _ განაცხადა ვახტანგ კომახიძემ.
ჟურნალისტი გაზეთ „ალიას“ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიშის მოხდას თხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში ჩივილს აპირებს.