თბილისი.09.09.07.მედიანიუსი. დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის გურამ ვახტანგაშვილის განცხადებით, თუკი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საქმეთა წარმოება ოსურ ენაზე დაიწყება, შედეგი `ძალიან ცუდი იქნება~, რასაც იგი აუცილებლად გააპროტესტებს.
როგორც "მედიანიუსს" გურამ ვახტანგაშვილმა განუცხადა, დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენლის ურუზმაგ ქარქუსოვის ინიციატივა - საქმეთა წარმოებაში და სკოლებში ოსური ენის შემოღების შესახებ, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია და მსგავსი ფაქტის დაშვება არ უნდა მოხდეს.
"ქარქუსოვის თქმით, ის ხალხი, რომლებსაც არ ეცოდინება ოსური ენა, სამსახურს ვერ მიიღებს. ეს კი ყოვლად დაუშვებელია. ბოლოს და ბოლოს, თავად ოსური მოსახლეობა რუსულ ენაზე საუბრობს", -განაცხადა გურამ ვახტანგაშვილმა.
მისივე თქმით, დროებითი ადმინისტრაციის იურისდიქცია ვრცელდება დიდი და პატარა ლიახვის 21 სოფელზე, ფრონეს ხეობის ორ სოფელზე და ახალგორის რაიონის თითქმის 80 პროცენტზე.