10:32, Sunday, 31.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სახალხო დამცველის განცხადება

15.11.2007
საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ 7 ნოემბრის სასტიკი დარბევის შემდეგ გრძელდება ტერორი და დევნა იმ მოქალაქეებისა, რომელთაც ხელისუფლებისაგან განსხვავებული აზრი აქვთ, გრძელდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტებისა და უბრალოდ აქციებში მონაწილე რიგითი ადამიანების დევნა.

7 ნოემბრის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატმა ძალიან ბევრი საქმე შეისწავლა, რომლებიც ამ დევნის ფაქტებს ასახავს.

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს გენერალურ პროკურორს სასწრაფოდ შეისწავლონ აღნიშნული ფაქტები და მოახდინონ შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. თუმცა, სახალხო დამცველს არ აქვს იმედი, რომ ამ ფაქტების ობიექტურად გამოიძიებენ და ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს სასწრაფოდ შეწყდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებეის გამო ადამიანების დევნა და მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ტერორი.

ამავე დროს სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ადამიანის უფლებათა დამცველ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მიაწვდინონ ხმა საქართველოს ხელისუფლებას, რათა საქართველოში შეწყდეს განსხვავებული აზრის გამო ადამიანები დევნა.

ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ აღდგეს იმ რადიო და ტელეკომპანიების საქმიანობა, რომელთაც უკანონოდ შეუწყდათ მაუწყებლობა, ესენია: რადიო და ტელეკომპანია “იმედი”, ტელეკომპანია “კავკასია”, ტელეკომპანია “25-ე არხი” (ბათუმი).

გოჩა ბაძგარაძის საქმე

გოჩა ბაძგარაძე თანასწორობის ინსტიტუტის იმერეთის ბიუროს თავმჯდომარეა. 2007 წლის 9 ნოემბერს მან ახსნა-განმარტება მისცა სახალხო დამცველის რწმუნებულებს. მის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 8 ნოემბერს, დილის დაახლოებით 9:30 საათზე მის წინ გაჩერდა რენოს მარკის მოწითალო ფერის ავტომობილი, საიდანაც გადმოვიდა სამხედრო ფორმაში ჩაცმული ოთხი ნიღბიანი პირი. მათ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ძალის გამოყენებით გოჩა ბაძგარაძე ჩასვეს ავტომობილში. მერე კი დაახრევინეს თავი, რათა ვერ გაეგო, თუ რა მიმართულებით მიჰყავდათ. მას სცემდნენ და ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. ეუბნებოდნენ, რომ თუ პოლიტიკურ აქტიურობასა და ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს გააგრძელებდა, აუცილებლად მოკლავდნენ. ცოტა ხნის შემდეგ, ის ხელფეხშეკრული დატოვეს მისთვის უცნობ ადგილას.

რამდენიმე ხნის შემდეგ გოჩა ბაძგარაძემ მოახერხა ხელ-ფეხის გახსნა და წამოდგა. ის იმყოფებოდა წყალტუბო-ქუთაისის გზაზე მდებარე სასაფლაოს ტერიტორიაზე.

შორენა შელიას საქმე

დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგისას სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და ესაუბრნენ ერთ-ერთ დაკავებულ ქალბატონს, შორენა შელიას. მისი განმარტებით, 2007 წლის 8 ნოემბერს იმყოფებოდა ქ.თბილისში, ქიზიყის ქ.7ა-ში მდებარე ჯიხურში, სადაც იგი მუშაობს გამყიდველად. შუადღისას მასთან მივიდა უბნის ორი ინსპექტორი, რომლებმაც უთხრეს, რომ ჯარიმა, რომელიც ადრე ჰქონდა დაკისრებული და გადახდილი, ბანკის მიერ არ ფიქსირდებოდა და საკითხის გასარკვევად უნდა გაყოლოდა მათ პოლიციის განყოფილებაში.
ის მივიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაიგო, რომ იყო დაკავებული, ვინაიდან 2007 წლის 7 ნოემბერს მიტინგზე დააფიქსირეს კამერებმა. შედგა მისი დაკავების ოქმი, ხოლო თავად გადაყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ქ.თბილისის 2 იზოლატორში.

ოთარ მუჯირიშვილისა და ლევან მოსაშვილის საქმე

2007 წლის 8 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ქ.თბილისის 2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს იქ განთავსებულ დაკავებულებს: ოთარ მუჯირიშვილს და ლევან მოსაშვილს.

ოთარ მუჯირიშვილის განმარტებით, 2007 წლის 7 ნოემბერს იგი უნდა შეხვედროდა მეგობარს დიღომში. ვინაიდან გზა იყო გადაკეტილი, ჩამოვიდა ტაქსიდან დიღმის მასივის ტერიტორიაზე და გადაწყვიტა ფეხით წასულიყო. მისი განმარტებით, საავადმყოფოებთან მას თავს დაესხნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები და დაუწყეს ცემა, შემდეგ გაათრიეს ტელეკომპანია იმედის ტერიტორიაზე და იქ გააგრძელეს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ო.მუჯირიშვილი აღნიშნავს, რომ მას ერთ-ერთმა სპეც.რაზმელმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას დანა, ხოლო მუჯირიშვილის უარყოფითი პასუხის შემდეგ, უთხრა - ”მე რაც მომინდება, შენ ჯიბეში ის იქნება“. იგი ხელბორკილით მიაბეს უცნობ პიროვნებას, რომელთან ერთადაც თითქოს მან ჩაიდინა დანაშაული. ამის შემდეგ ჩასვეს მანქანაში, მიიყვანეს დამტვრეულ მანქანასთან და ერთმანეთთან საუბრის შემდეგ წაიყვანეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში.

დაკავებულ ო.მუჯირიშვილს ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანებები, კერძოდ: შუბლზე მარცხენა მხარეს სიწითლე, მარჯვენა თვალთან სიწითლე და შელურჯება, თავზე სისხლნაჟღენთი, ზურგის არეში სიწითლე ზოლების სახით.

ლევან მოსაშვილის განმარტებით, 2007 წლის 7 ნოემბერს იგი იმყოფებოდა მის კუთვნილ ბინაში (ქ.თბილისი, დიღმის მასივი, მე-4 კვ. კორპ. 5ა), დაახლოებით 23 საათზე მას შემოესმა ხმაური, გადაიხედა აივნიდან და დაინახა გარკვეული რაოდენობის ადამიანები (დაახლოებით 150-200), რომლებიც სკანდირებდნენ სიტყვას “საქართველო”, იგი ჩამოვიდა ეზოში, სადაც იყვნენ ახალგაზრდები, რომლებსაც ეჭირათ ბოთლები, ქვები და იმუქრებოდნენ პატრულის ა/მანქანების დაზიანებით. მისი განმარტებით, მან მოახერხა, რომ ამ ახალგაზრდებს გადაეყარათ აღნიშნული ნივთები. დაახლოებით 5-7 წუთის შემდეგ, ტელევიზიის მხრიდან გამოჩნდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მომიტინგეების მხარეს ისროლეს ცრემლსადენი ყუმბარები, რის შემდეგაც მომიტინგეები დაიშალნენ. იგი აღნიშნავს, რომ რამდენიმე მეზობელთან ერთად დარჩა ეზოში, რა დროსაც მათ მიუახლოვდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები და დაუწყეს ცემა ხელკეტებით. იგი უხსნიდა, რომ იყო უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, რამაც სპეც.რაზმის თანამშრომლები უფრო გააღიზიანა, დაადეს ხელბორკილები და პატრულის მეშვეობით გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.

ვლადიმერ ხუციშვილის საქმე

სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებულები 2007 წლის 12 ნოემბერს იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ქ.თბილისის ¹2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს იქ განთავსებულ ვლადიმერ ხუციშვილს.

ვლადიმერ ხუციშვილის განმარტებით, იგი მიიყვანეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სავარაუდოდ მეოთხე ან მეხუთე სართულის ერთ-ერთ ოთახში. პოლიციის თანამშრომლებმა 7 ნოემბერს რიყეზე მიმდინარე მოვლენების ამსახველი ვიდეო ფირი ჩართეს. ჩანაწერში დაფიქსირებულია ვლადიმერ ხუციშვილი რეზინის ხელკეტით. მისი განმატებით, აღნიშნული ხელკეტი მან აქციის დარბევის დროს ერთ-ერთ ნიღბიან სპეცრაზმელს წაართვა, რომელიც მოქალაქეებს სცემდა. დაახლოებით 5-6 პოლიციელი მას 5 წუთის განმავლობაში აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. კერძოდ, მთელ სხეულზე ხელებით და ფეხებით სცემდნენ, რის გამოც სხვა ფიზიკურ დაზიანებებთან ერთად, ჩაემტვრა რამდენიმე კბილი. ცემისას პოლიციელები მოითხოვდნენ ეთქვა ვისთან ერთად იყო აქციაზე. ამის შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა უბრძანა დანარჩენებს შეეწყვიტათ მისი ცემა. ვლადიმერ ხუციშვილის განმარტებით, მან თავი დაარტყა ოთახში მდგარ მინის მაგიდას, რის შემდეგაც სამმა პოლიციელმა იგი ჩაიყვანა ფოიეში, ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს თბილისის შს მთავარ სამმართველოში.

ელიზბარ ბასიშვილის საქმე

2007 წლის 7 ნოემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტში, სადაც გაესაუბრნენ და შესაბამისი ახსნა-განმარტება ჩამოართვეს დაკავებულ ელიზბარ (კახა) ბასიშვილს. მისი თქმით, ამა წლის 7 ნოემბერს, დილის 8:00 საათისათვის იმყოფებოდა პარლამენტს შენობის წინ გამართულ მშვიდობიან აქციაზე, მოშიმშილეებთან ერთად. ის თავადაც შიმშილობდა სამი დღის განმავლობაში. ამ დროს გამოჩნდნენ სამართლადამცავი ორგანოების თანამშრომლები, რომლებმაც დაიწყეს აქციისა და მოშიმშილეების დარბევა და ცემა. დაკავებულის განმარტებით, პოლიციელებმა ის დააგდეს ასფალტზე და ცემეს, რა დროსაც მიიღო დაზიანება მარცხენა ფეხის კოჭთან. მარცხენა ქვედა კიდურზე მას აღენიშნება შეშუპება. მისი განცხადებით, პოლიციელები მას ხელებითა და ფეხებით ურტყამდნენ თავის არეშიც. ელიზბარ ბასიშვილის თქმით, მისი და აქციის დანარჩენი მონაწილეების მხრიდან პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია. ის ძალის გამოყენებით გაიყვანეს რუსთაველის გამზირზე, ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და გადაიყვანეს ნარკოლოგიურ განყოფილებაში. ელიზბარ ბასიშვილმა უარი განაცხადა შარდის ჩაბარებაზე, რის გამოც დაუდგინეს კლინიკურად ნარკოტიკული ზემოქმედება, რასაც აპროტესტებს.

დაჩი ბერიძის საქმე

სახალხო დამცველის აპარატის რწმუნებულები 2007 წლის 12 ნოემბერს იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს ქ.თბილისის ¹2 დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს იქ განთავსებულ დაჩი ბერიძეს. მისი განმარტებით, ამა წლის 7 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათისათვის იმყოფებოდა მეტროსადგურ ”ავლაბრის“ წინ მდებარე გაჩერებასთან და ცდილობდა გაეჩერებინა ტაქსი. ამ დროს, იქვე მდგომი თეთრი ფერის ავტობუსიდან გადმოვიდნენ ყვითელ საწვიმრებში ჩაცმული პოლიციელები. დაჩი ბერიძის განმარტებით, ერთ-ერთმა მათგანმა მას თავში რეზინის ხელკეტი ჩაარტყა, რის შემდეგაც ირგვლივ შემოეხვივნენ დანარჩენები. დაკავებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მას არ ახსოვს, თუ როგორ აღმოჩნდა თეთრი ფერის ავტობუსში. აღნიშნული ტრანსპორტით ის გადაყვანილ იქნა პარლამენტის შენობასთან, სადაც ის გადასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და წაიყვანეს ¹2 დროებითი მოთავსების იზოლატორში.

დაჩი ბერიძეს თავზე აღენიშნება სისხლნაჟღენთები და შეშუპება. პოლიციელთა განმარტებით, მისი დაკავების საფუძველია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევა.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციის სამმართველო

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC