სიღნაღელები, რომლებსაც ქალაქის რეაბილიტაციის შემდეგ საკუთრება წაართვეს, საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელთან საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავენ.
როგორც დაზარალებულებმა გვითხრეს, მას შემდეგ რაც ჩინოვნიკებმა მათ ძალადობითა და თავისუფლების აღკვეთის მუქარით საკუთრება წაართვეს, ისინი საცხოვრებელი სახლების და შემოსავლის გარეშე დარჩნენ.
საკუთრების წართმევის რამდენიმე ფაქტზე, დაზარალებულების წარმომადგენლის მოთხოვნით, გენერალურ პროკურატურაში გამოძიებაც დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. დაზარალებულებმა დახმარებისათვის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს გია არსენიშვილსაც მიმართეს, მაგრამ არსენიშვილმა მათ მომხდარით დაინტერესებაზე უარი უთხრა.
წინასწარი ინფორმაციით, დაზარალებული სიღნაღელები საქართველოს პარლამენტის შენობის შესასვლელთან საპროტესტო აქციას სამშაბათს, 30 სექტემბერს დაიწყებენ. აქციის მონაწილეებს კახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
გელა მთივლიშვილი, კახეთი