საქართველოს პირველი პრეზიდენტის ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია ცოტნე გამსახურდიას მონახულების ნებართვის თხოვნით სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ ხათუნა კალმახელიძეს მიმართავს.
არჩვაძე-გამსახურდიას განცხადებით, 25 მაისს დილიდან მინისტრთან ან მის რომელიმე მოადგილესთან შეხვედრას უშედეგოდ ცდილობს.
„პასუხის ნაცვლად საპატრულო პოლიცია გამოიძახეს და ძალით გაგვიყვანეს სამინისტროს ტერიტორიიდან. ასეთი დაცინვისა და დანაშაულის გამო სააკაშვილი, მერაბიშვილი და კალმახელიძე დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ“, - აღნიშნა არჩვაძე-გამსახურდიამ.
მისივე თქმით, წუხელ, პარლამენტის შენობაში ყოფნისას მასთან პარლამენტარი ეკა ხერხეულიძე მივიდა და უთხრა, რომ სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელებთან შეთანხმებული ჰქონდა, რომ ცოტნე გამსახურდიას შეახვედრებდა.
„სამკურნალო დაწესებულებაში ხერხეულიძესთან ერთად გავემგზავრეთ. ხერხეულიძე შენობაში შევიდა, სადაც დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში დარჩა. შემდეგ გამოვიდა, მისთვის ჩვეული სიტყვებით შეურაცხყოფა მოგვაყენა. გვითხრა, რომ არაფერს დაგვპირებია და დაცვის თანხლებით ტერიტორია დატოვა“, - განაცხადა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ.
მანანა არჩვაძე-გამსახურდია შვილის - ცოტნე გამსახურდიას მონახულების ნაბერთვის მოთხოვნით 24 მაისს პარლამენტის შენობაში მივიდა და პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან შეხვედრას მოითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, თავის დაწვით იმუქრებოდა.
„ინტერპრესნიუსი“