კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხმების გადათვლის შემდეგ „ალიანსი საქართველოსთვის“ საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვს

11 ივნისი, 2010
პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ალიანსი საქართველოსათვის“ ფოთის #70-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის მე-14 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობისა და ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სასამართლომ ხმების ხელახლა გადათვლის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე დღესვე, აღნიშნული პარტიის ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენელმა, საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ზვიად შუბითიძემ ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიას მითითებულ უბანზე ხმების გაყალბების საჩივრით მიმართა. შუბითიძის განმარტებით, მე-14 საარჩევნო უბანზე ბიულეტენების დათვლის შემდეგ, „ალიანსიდან“ კომისიის წევრს რუსუდან ცომაიას ტექნიკური ხარვეზების მომიზეზებით არ გადასცეს შემაჯამებელი ოქმი, სადაც დაფიქსირებული გახლდათ შედეგები, მან ხელი ცარიელ ოქმს მოაწერა და მოგვიანებით, მხოლოდ ოქმის მიღებისას აღმოაჩინა, რომ მონაცემები შეცვლილი იყო.

კერძოდ, პარტიას „ალიანსი საქართველოსთვის“ მიღებული პროპორციული ხმების რაოდენობა საგრძნობლად იყო შემცირებული. საჩივარს თან ცომაიას ახსნა-განმარტებითი ბარათიც ერთვოდა. ფოთის საოლქო-საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვისას ეს საჩივარი  არ დააკმაყოფილა, რადგან სხდომაზე მყოფმა კომისიის სხვა წევრებმა აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურეს და საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზაალ კუჭუხიძეც მათ ენდო.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხმები ხელახლა გადაითვალეს და რამდენიმე დარღვევაც აღმოაჩინეს. საბოლოო ოქმში დაფიქსირებულ თავის ხელმოწერას კატეგორიულად უარყოფს კომისიის წევრი ცომაია და ამტკიცებს, რომ იგი გაყალბებულია. „ალიანსი საქართველოსთვის“ ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ზვიად შუბითიძის მტკიცებით, ხმების ხელახლა გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი ხმები შემცირებული, ხოლო „მრეწველების“ გაზრდილი გახლდათ. ამას გარდა, ბათილი ბიულეტენების რაოდენობაც შეცვლილი იყო: „ყველა პარტიის სასარგებლოდ მიცემული ბიულეტენები სუფთა იყო, მხოლოდ ჩვენი მხარდასაჭერი ბიულეტენები გახლდათ გადაჩხაპნილი და „მრეწველების“ სასარგებლოდ  გადაკეთებული. კომისიის წევრებმაც  ამ პარტიის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღეს, ნაწილი კი გააბათილეს. არჩევნების დღესა და დალუქულ ოქმებს შორის დიდი სხვაობაა და ჩვენ ახლა სასამართლოს გზით #14 საარჩევნო უბნის შედეგების გაბათილებასა და, შესაბამისად, ამ უბანზე არჩევნების ხელახლა ჩატარებას ვითხოვთ“.

ინგა გვასალია, სამეგრელო

ახალი ამბები