კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„გაყალბების ფაქტებით არც ერთი უწყება არ დაინტერესდა“

4 ოქტომბერი, 2010
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და მთავარი პროკურორი უახლოეს დღეებში რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელისგან წერილს მიიღებენ. საქმე ეხება 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში განხორციელებულ დარღვევებს, რასაც ქუთაისში არჩევნების ტოტალური გაყალბება მოჰყვა. ნატო ქათამაძე იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, ვინც გაყალბების პროცესში უშუალოდ მონაწილეობდა.

„ჩვენს მიერ საარჩევნო უბნებზე კონკრეტული პიროვნებები გამოვლინდნენ. ეს ის ხალხია, ვინც ან პირდაპირ მონაწილეობდა ე.წ. კარუსელში, ან ხელს უწყობდა კარუსელში მონაწილე პირების მისვლას საარჩევნო უბნებზე. რესპუბლიკურმა პარტიამ 31 მაისს საოლქო საარჩევნო კომისიას მიმართა, რომელმაც განგვიმარტა, რომ საჩივარში მითითებული ფაქტები საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას აღემატებოდა“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე ქუთაისელმა “რესპუბლიკელმა”, რომელიც „ალიანსი საქართველოსთვის“ ყოფილი მაჟორიტარია, ქუთაისის პროკურატურას მიმართა და გამყალბებელთა სია კონკრეტულ ფაქტებთან ერთად გადასცა. სია საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო და მასში მხოლოდ გამყალბებელი ამომრჩევლები არ იყვნენ დაფიქსირებული. „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი აცხადებდა, რომ თუ პროკურატურა საქმეს ობიექტურად განიხილავდა, დამნაშავეთა წრე გაიზრდებოდა და შესაბამისად, 5-10 ლარზე გაყიდული რიგითი ამომრჩევლების გარდა ცნობილი გამყალბებლებიც გამოვლინდებოდნენ.

მიმდინარე წლის 21 სექტემბერს რესპუბლიკურმა პარტიამ ქუთაისის პროკურატურიდან 27 ივლისით დათარიღებული წერილი მიიღო. წერილში აღნიშნულია, რომ საქმე განსახილველად ქუთაისის საქალაქო სამმართველოს გადაეცა. პროკურატურის წერილს მალე სამმართველოს წერილიც მოჰყვა, სადაც განმარტებულია, რომ პარტიის მიერ მითითებული ფაქტი არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველს და მასზე 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საკმარისი რეაგირება მოახდინა.

„გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქუთაისის პროკურატურამ და სამმართველომ არის წამახალისებელი გადაწყვეტილება არჩევნების გამყალბებელთათვის. მეტიც, ეს არის სტიმული მათთვის, რათა მომავალი არჩევნების გაყალბების დროს გაცილებით აქტიურნი იყვნენ. ვინაიდან აღნიშნული საქმით ვერცერთი უწყება ვერ დავაინტერესეთ, ამჯერად შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორს მივმართავ. თუ ის ხმაურიანი ტელედაპატიმრებები, რასაც ისინი გვთავაზობენ, არ არის ხელისუფლების პიარაქციები და შოუ, მაშინ პირად კონტროლზე აიყვანონ აღნიშნული საქმე და დასვან იმ პირთა პასუხისმგებლობის საქმე, ვისი უშუალო მონაწილეობითაც გაყალბდა არჩევნები ქუთაისში. თუ ეს ასე არ მოხდება, მაშინ მათი საქციელი უკვე იქნება ოფიციალური დასტური იმისა, რომ აღნიშნული უწყებები (შ.ს სამინისტრო და მთავარი პროკურატურა) თავად იყვნენ ამ გაყალბების ორგანიზატორი“, - აცხადებს ნატო ქათამაძე.

მისივე განმარტებით, თუ შინაგან საქმეთა მინისტრისა და მთავარი პროკურორის სახელზე გაგზავნილ მიმართვას სათანადო რეაგირება არ მოჰყვა, რესპუბლიკელები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ. გარდა ამისა, ისინი სარჩელს ქუთაისის საქალაქო სასამართლოშიც შეიტანენ.

ახალი ამბები