07:25, Thursday, 28.05.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ჩოჩელების ახალი ბიზნესი საგურამოში

07.11.2011

მანანა ვარდიაშვილი,
მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში ახალი ლუდსახარში საწარმო შენდება. ქარხანა, რომელიც ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ახალგორში არსებულ „ლომისის“ ლუდის საწარმოს ჩაანაცვლებს, მცხეთა - მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმას, იაგო ჩოჩელს ეკუთვნის. ლუდის ახალი ქარხნის მშენებლობაში 27 მლნ ევროს ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.

ლუდის ახალი ქარხანა სს „ქართული ლუდის კომპანიას“ ეკუთვნის. იაგო ჩოჩელმა სამ პარტნიორთან ერთად კომპანია 2011 წლის 9 ივნისს დააფუძნა.

ლუდის ახალი საწარმო ალკოჰოლური სასმელების გარდა სუსტალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების, მათ შორის ხილის წვენების წარმოებასაც გეგმავს. ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 400 000 ჰექტოლიტრი ლუდისა და 300 000 ჰექტოლიტრი ლიმონათის წარმოებაზეა გათვლილი. საწარმოს ხელმძღვანელობა პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც აპირებს. ქარხანა ჩეხურმა კომპანიამ „ZVU POTEZ“-მა დააპროექტა. მშენებლობას ქართული კომპანიები ახორციელებენ. ლუდის ახალი ქარხნის მშენებლობა 2012 წლის მარტში დასრულდება. სამეწარმეო რეესტრში არსებული ჩანაწერების თანახმად, საწარმოს დირექტორი მინდია გუმბარიძეა.

ლუდის წარმოება ჩოჩელებისთვის კარგად აპრობირებული საქმეა. აგვისტოს ომამდე ახალგორში ლუდის ქარხანა ფუნქციონირებდა, სადაც ქართული ლუდი „ლომისი“ ისხმებოდა. „ლომისის“ საწარმო მცხეთა - მთიანეთის ამჟამინდელი გუბერნატორის, ცეზარ ჩოჩელის მიერ იყო დაარსებული. „ლომისის“ ლუდის ქარხანა მუშაობას მას შემდეგაც აგრძელებდა, რაც ახალგორი რუსული მხარის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა. ოსური მედიის ინფორმაციით, „ლომისის“ ყოფილ ქარხანაში სამი სახეობის ლუდი - „ალუტონ“, „ჟიგულევსკოე“ და „კარლოვ მოსტ“ ჩამოასხეს. თუმცა, ამჟამად ეს საწარმო დალუქულია.

ლუდის ქარხანა „ნატახტარი“ კი იაგო ჩოჩელს ეკუთვნოდა. „ნატახტარი“ მან რამდენიმე წლის წინEfes Beer International-ს მიჰყიდა. Efes-თან დადებული კონტრაქტის საფუძველზე, ჩოჩელს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ლუდის ბიზნესში შესვლის უფლება არ ჰქონდა. Efes Beer International-თან დადებული კონტრაქტის ვადის გასვლის შემდეგ, იაგო ჩოჩელმა 3 პარტნიორთან ერთად სს „ქართული ლუდის კომპანია“ დააფუძნა.

გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის თითქმის მთელი ქონების განმკარგავი მისი ძმა იაგო ჩოჩელია. ცეზარ ჩოჩელს 2011 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ მისი მოძრავი და უძრავი ქონების მართვისა და განკარგვის უფლება მინდობილობით საკუთარ ძმას მისცა. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, იაგო ჩოჩელს გადაეცა განსაკარგავად 6 მილიონ 400 ათასი დოლარის ოდენობის თანხაც.

ცეზარ ჩოჩელი - ღარიბი რეგიონის მდიდარი გუბერნატორი

ცეზარ ჩოჩელი მცხეთა - მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე 2008 წლის თებერვლიდან მუშაობს. ჩოჩელი ხელისუფლებაში ბიზნესიდან მოვიდა. მცხეთა - მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გუბერნატორის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ ცეზარ ჩოჩელმა ფირმა „ლომისი“ 1991 წელს ჩამოაყალიბა. მისი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მას დიდი ქონება აქვს დაგროვილი. საქართველოს ხელისუფლებაში ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია.

ცეზარ ჩოჩელს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2011 წლის 20 მაისს აქვს შევსებული. ამ დეკლარაციის მიხედვით მას ორი საცხოვრებელი სახლი აქვს: 1 600 კვ. მ ფართის სახლი სოფელ დიღომში და 100 კვ.მ ფართის სახლი ახალგორში. ცეზარ ჩოჩელსვე ეკუთვნის 180 კვ.მ ფართის ბინა თბილისში, ტაშკენტის 23 ნომერში.

ცეზარ ჩოჩელის მეუღლის, სვეტლანა ჩოჩელის სახელზე მიწის 6 ნაკვეთია რეგისტრირებული. ექვსივე ნაკვეთი სოფელ დიღომში მდებარეობს. მათი საერთო ფართი 7 939კვ.მ-ია.

გუბერნატორის მეუღლეს ეკუთვნის 1 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაბა ახალგორში და 31 270 დოლარის ღირებულების სააქციო საზოგადოება „კედარის“ ფასიანი ქაღალდებიც.

დეკლარაციის თანახმად, ცეზარ ჩოჩელს ორი ძვირადღირებული ავტომობილი აქვს: 2008 წელს გამოშვებული „LEXSUS 570“, სახელმწიფო ნომრით FOO 001 და ასევე 2008 წელს გამოშვებული „LEXSUS 4601“, სახელმწიფო ნომრით OOE 001.

ცეზარ ჩოჩელს „თიბისი ბანკში“ საკრედიტო ბარათზე 4 160 დოლარი აქვს, ხოლო საკრედიტო ანაბარზე 2 254 ლარი. ამავე ბანკში გახსნილ სახელფასო ბარათზე კი 2 360 ლარი ერიცხება.

გუბერნატორის მეუღლეს „პროკრედიტ ბანკში“ ორი ანაბარი აქვს: 7 397.51 დოლარის და 4 855 ევროს ოდენობით.

დეკლარაციის თანახმად, ცეზარ ჩოჩელს ნაღდი ფულის სახით 205 000 ლარი აქვს, მის მეუღლეს კი 8 000 ლარი.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შპს „ინტერპლასტის“ ერთ-ერთი პარტნიორია. თუმცა, ჩოჩელი დეკლარაციაში უთითებს, რომ ამ საწარმოდან მას შემოსავალი მიღებული არ აქვს.

ცეზარ ჩოჩელს სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობისთვის 2010 წელს ხელფასის სახით 35 ათას 555 ლარი აქვს აღებული.

გუბერნატორი დეკლარაციაში განმარტავს, რომ შპს „ინტერპლასტს“ 2008 წლის 30 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 19 197 ლარი ასესხა. გასესხებული თანხიდან სარგებლის სახით ჩოჩელს 4 132 ლარი აქვს მიღებული.

ჩოჩელს დეკლარაციაში შეტანილი აქვს ნასყიდობის ხელშეკრულებაც. ამ ხელშეკრულების თანახმად, გუბერნატორმა კორპორაცია „რემაქს ენდ კოს“ შპს „ინტერპლასტის“ წილი მიჰყიდა. ამ გარიგებიდან, ჩოჩელს 1 წლის განმავლობაში 7 მილიონ 13 ათას 907 ლარი უნდა მიეღო (ხელშეკრულება 2009 წლის 29 იანვარს არის დადებული და მისი ვადა 2012 წლის 29 იანვარს იწურება). დეკლარაციაში მითითებულია, რომ ამ გარიგებიდან ჩოჩელს შემოსავალი მიღებული არ აქვს.

ცეზარ ჩოჩელს ქონების მართვის უფლება მინდობილობით საკუთარ ძმაზე, იაგო ჩოჩელზე აქვს გადაფორმებული. დეკლარაციაში მითითებულია, რომ იაგო ჩოჩელმა შპს „მიქსორსა“ და შპს „ლარმაქსში“ კუთვნილი წილი ცეზარ ჩოჩელს დაუთმო შპს „ინტერპლასტის“ 9,9992% წილის სანაცვლოდ.

ცეზარ ჩოჩელს 2010 წლის 15 ოქტომბერს„ თიბისი ბანკიდან“ 400 000 დოლარის ოდენობის სესხი აქვს გამოტანილი. გასულ წელს მას პროცენტის სახით 10 696 ლარი აქვს გადახდილი.

ჩოჩელს კიდევ ერთი საკრედიტო ბარათი აქვს „თიბისი ბანკში“. ბარათზე მას 10 000 დოლარი აქვს. ამ საკრედიტო ბარათის გამოყენების გამო გუბერნატორს პროცენტის სახით 191.17 დოლარი აქვს გადახდილი.

2010 წელს შვილებს, შალვა და რამზეს ჩოჩელებს ცეზარ ჩოჩელმა სწავლის გადასახადის სახით 4 ათას-4 ათასი ევრო გადაუხადა. 4 ათასი ევროს ოდენობით სწავლის გადასახადი გასულ წელს საკუთარი თავისთვის გუბერნატორსაც გადაუხდია.

2010 წელ ანაბარზე დარიცხული პროცენტის სახით ცეზარ ჩოჩელს 3 272 ევრო და 545 ათასი ლარი აქვს მიღებული, ხოლო მის მეუღლეს 1398 დოლარი და 1355 ევრო.

2011 წლის დეკლარაციის მიხედვით ცეზარ ჩოჩელს ხელფასის სახით 35 ათას 555 ლარი აქვს მიღებული.

სახელმწიფო რწმუნებულის 2011 წლის ქონებრივ დეკლარაციაში აღარ ჩანს 2010 წლის დეკლარაციაში მითითებული „თიბისი ბანკში“ გახსნილი უვადო ანაბარი, რომელზეც ჩოჩელს 1 მილიონი დოლარი ჰქონდა შეტანილი და საიდანაც მან 2009 წელს სარგებლის სახით 7 237 დოლარი მიიღო.

წლევანდელ დეკლარაციაში აღარც „თიბისი ბანკში“ გახსნილი ის ანაბარი ჩანს, რომელზეც გუბერნატორს 398 ათასი ევრო ჰქონდა შენახული.

2011 წლის დეკლარაციაში „გამორჩენილია“ მიწის ის ნაკვეთიც, რომელიც გუბერნატორმა 2010 წელს 100 ათას ლარად შეიძინა. წლევანდელ დეკლარაციაში არც ის საცხოვრებელი სახლია შეტანილი, რომელიც ჩოჩელმა 2010 წელს მილიონ ნახევარ ლარად ააშენა და რომლისთვისაც 232 ათასი ლარის ავეჯი შეიძინა.

მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტოები


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
სახელი: ნინო
2012-04-15 07:16
კარგად უძოვიათ!
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC