22:21, Saturday, 19.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პატიმრების წამების შემზარავი ფაქტები ციხიდან

19.09.2012

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

18 სექტემბერს ტელეკომპანიებმა - „მაესტრომ“ და „მეცხრე არხმა“ მე–8 საპყრობილეში პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელეს. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლები პატიმრებს ცემენ, არაადამიანურად ეპყრობიან და ცოცხით აუპატიურებენ.

ტელეკომპანიების მიერ ამ ვიდეომასალების გავრცელებამდე პატიმრების წამების ფაქტზე განცხადება შს სამინისტრომ გაავრცელა. შსს–ს ცნობით, პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ორგანიზებაში „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატის მამა, კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი, თამაზ თამაზაშვილი ფიგურირებს.
 
შსს-ს დეტექტივის ნიკა კობახიძის განცხადებით, მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგინდა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისთვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისგან მიიღეს.
 
„ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით“, – აღნიშნა კობახიძემ.
 
როგორც შსს-ში აცხადებენ, მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსის, ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს ვარაუდი, რომ ფირზე ასახული ფაქტის გარდა ჩადენილია სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.
 
გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად ცნეს და დააკავეს გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გამოძიება გრძელდება.
 
შსს-ს ცნობით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო.
 
შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებდა, რასაც ვიდეოფირზე იღებდნენ.
 
ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში მედიის წარმომადგენლებს პატიმართა ცემის ამსახველი ვიდეომასალის ნაწილი გადაეცათ.
 
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შოთა ხიზანიშვილმა ჟურნალისტებს განუმარტა, აღნიშნული ვიდეომასალა წარმოადგენს შედარებით მსუბუქ მასალას იმასთან შედარებით, რაც გამოძიებას გააჩნია.
 
მისივე თქმით, აღნიშნული ვიდეოს ბავშვებისათვის ჩვენება რეკომენდირებული არ არის. ამასთან, ხიზანიშვილმა ჟურნალისტებთან პირად საუბარში განმარტა, რომ თამაზ თამაზაშვილის აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმა სავარაუდოდ ემსახურება ხელისუფლებისა და სასჯელაღსრულების დისკრედიტაციას, თუმცა ამის მიზეზს გამოძიება მომავალში დააზუსტებს.
 
18 სექტემბერს საღამოს სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გათავისუფლდა.
 
პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელებას საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები ხათუნა კალმახელიძის გადადგომასთან ერთად მთავარი პროკურორის და შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ითხოვენ.
 
გამთენიისას საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
 
„ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი ადამიანის უფლებებისა და ღირსების წინააღმდეგ. ყველა, ვინც ამის ორგანიზატორი და განმახორციელებელია, ყველა ვინც ეს ჩაიდინა და დაუშვა, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს. პოლიციას დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. შსს ადგენდა კავშირებს კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებსა და დამნაშავეებს შორის. ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლს მინდა ვუთხრა, რომ საქართველო, რომელსაც მე ვაშენებ ყველასთან ერთად, არ მოითმენს არც მსგავს დანაშაულს და არც რაიმე კლიმატს, რომელმაც რამე ამასთან მიახლოებული მოვლენა შეიძლება გამოიწვიოს, არ მოითმენს სისასტიკეს, თავგასულობას, იმას, რაც სამწუხაროდ ყველამ ერთად ვიხილეთ. იმისთვის არ გვიბრძოლია ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ, რომ ამ ყველაფრის შემდეგ, მას შემდეგ რაც პოლიციაში ამოვძირკვეთ წამება, ახლა უკვე პენიტენციურ სისტემაში ვინმე კრიმინალური სამყაროდან აფათურებდეს ხელს ან პენიტენციური სისტემის კრიმინალებად ქცეული თანამშრომლები მონაწილეობდნენ ამგვარი აქტის ჩადენაში. ის, ვინც პასუხისმგებელი იყო, რომ ამგვარი ფაქტები არ დაეშვა, ყველა გათავისუფლდება სამსახურიდან, ხოლო ის, ვინც ეს ჩაიდინა, გაძლევთ სიტყვას, მრავალ წელს გააატარებს ციხეში“, - აცხადებს პრეზიდენტი.
 
მისივე თქმით, ახალი საქართველოს მთელი იდეა არის გამიჯვნა იმ ძალადობისგან, რაც წარსულში ხდებოდა დამნაშავეების და სახელმწიფოს მხრიდან. „ჩვენ ეს ყველაფერი მოვიტოვეთ უკან და არ მოვითმენ, რომ რაიმე ფორმით ახალ საქართველოში ეს ხელახლა განმეორდეს. დავავალე შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ სწრაფად, დაადგინონ ყველა დამნაშავე, დააკავონ, დააპატიმრონ, მისცენ პასუხისგებაში, გამოიყვანონ სააშკარაოზე და ჩვენს საზოგადოებას სრულად წარუდგინონ ინფორმაცია, რომელიც ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ სამართლიანად ითხოვს პასუხს სახელმწიფო ორგანოებისგან. პირადად უზრუნველვყოფ, რომ ამ სისტემაში დაცული იყოს ადამიანის უფლებები, როგორც კრიმინალებისგან, ასევე სისტემის ისეთი თანამშრომლებისგან, რომლებიც ნამდვილი მაფიის წევრებივით მოქმედებენ. ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, ყველას აქვს უფლება სამართლიანი და ღირსეული მოპყრობის, ადამიანური უფლებების ელემენტარული პატივისცემის, სახელმწიფოს მხრიდან მისი ადამიანობის მიმართ ფაქიზი დამოკიდებულებით. ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეფუძნება ადამიანის უფლებების და ღირსების განუხრელ პატივისცემას და ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ ძალადობას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
დილითვე სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ განცხადებით მიმართა პრემიერ–მინისტრს და თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა.
 
ვიდეომასალა შეიცავს შემზარავ კადრებს, რის გამოც მისი ნახვა ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის.







Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მომზადებული შეხვდა თუ არა ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას?
დიახ არა ნაწილობრივ

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC