კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საპროტესტო აქცია „თელასთან“

19 ოქტომბერი, 2012

ინტერპრესნიუსი

19 ოქტომბერს „თელასის“ აბონენტთა მომსახურების ცენტრების თანამშრომელთა ნაწილმა ცენტრალურ ოფისთან გამართულ აქციაზე კომპანიის კომერციული დირექტორის, ზურაბ არსოშვილის გადადგომა მოითხოვა. აქციის მონაწილეთა ცნობით, გაფიცული არიან „თელასის“ 15 ფილიალის თანამშრომლები. აქციაზე, ასევე, იმყოფებოდნენ ორი თვის წინ გათავისუფლებული თანამშრომლები, რომლებიც სამსახურში აღდგენას ითხოვდნენ.

ისნის აბონენტთა მომსახურების ცენტრის ყოფილმა უფროსმა, ლაშა კვაჭაძემ განაცხადა, რომ კომერციული დირექტორის ზურაბ არსოშვილის დანიშვნის შემდეგ სამსახურიდან 150-მდე ადამიანია გათავისუფლებული, რომლებიც ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებმა ჩაანაცვლეს.

„თელასის“ გაფიცული და გათავისუფლებული თანამშრომლები, როგორც თავად ამბობდნენ, სტრუქტურაში პოლიციურ სისტემასა და დაბალ ხელფასებს აპროტესტებდნენ.

„თელასის“ თანამშრომელთა ნაწილის მტკიცებით, ცენტრალური ოფისი კონტროლიორებს აბონენტების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას ავალებს. მთაწმინდა-კრწანისის სააბონენტო მომსახურების ცენტრის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ 18 ოქტომბერს „თელასის“ ცენტრალური ოფისიდან ყველა ფილიალში მივიდა ბლანკი, სადაც მითითებული იყო, თუ რა ინფორმაციის მოძიება ევალებოდათ თანამშრომლებს.

მათივე მტკიცებით, კონტროლიორებს დაევალათ ინფორმაციის მოძიება აბონენტების პირადი ნომრების, ტელეფონების, იმეილისა და სამუშაო ადგილის შესახებ. აღნიშნული დავალება 19 ოქტომბერს თათბირზე უნდა გახმოვანებულიყო, მაგრამ იმის გამო, რომ თანამშრომლებსა და ფილიალის მენეჯერს, გიორგი გომართელს შორის შელაპარაკება მოხდა, თათბირი აღარ გაგრძელდა.

„თელასის“ კომერციულმა დირექტორმა ზურაბ არსოშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას უარყო ინფორმაცია, რომ სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების პროტესტს მთაწმინდა-კრწანისის ბიზნესცენტრის მოქმედი თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

„თელასის" კომერციული დირექტორი კომპანიის ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს სპეკულაციას უწოდებს. მისი თქმით, „თელასიდან“ უკანონოდ არავინ გათავისუფლებულა და პრეტენზიას ის პირები აცხადებენ, ვინც „პატიოსნად მუშაობა არ ისურვა“.

„ჩვენი მოსვლის შემდეგ ყველა თანამშრომელს, მათ შორის - მაღალი თანამდებობის პირებსაც, შევთავაზეთ, უარი ეთქვათ კორუფციულ გარიგებებზე და მოეყვანათ წესრიგში თავიანთი ქსელი და არასანქცირებული მიერთებები. ბევრმა თანამშრომელმა მიიღო ჩვენი შეთავაზება და ფეხი აუწყო ახალ მიდგომებსა და მოთხოვნებს. მცირე ნაწილმა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, პატიოსნად მუშაობა არ ისურვა. თუ ადრე ვინმე აბონენტს ფულს ართმევდა, მასზე ჯარიმას ვეღარ გამოწერდა. აქედან გამომდინარე, მათმა ნაწილმა საკუთარი სურვილით და განცხადების საფუძველზე დატოვა სამსახური. მეორე მცირე ნაწილი კი, ვისი შედეგებიც არადამაკმაყოფილებელი იყო, ჩვენც გავუშვით სამსახურიდან“, - განაცხადა არსოშვილმა.

მისივე განმარტებით, არადამაკმაყოფილებელი შედეგების მქონე თანამშრომლები პერიოდულად სამსახურიდან თავისუფლდებიან და ამის უფლება მას, როგორც კომერციულ დირექტორს, აქვს.

„რაც შეეხება პოლიტიკურ შეხედულებებზე აქცენტის გაკეთებას, ეს არის სპეკულაცია, რადგან „თელასში“ დღესაც მუშაობენ სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანები და ხვალაც აუცილებლად იმუშავებენ. ნინო ტივაძე, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობს, მთელს კოლექტივს თავს აცნობდა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და დღეს, როგორც ჩანს, ეს მოდაში აღარ არის. რაც შეეხება პოლიტიკურ ანგარიშსწორებას, ესეც აბსურდია, რადგან ტივაძის და - თამარი დღესაც მუშაობს „თელასში“ საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე“, - აღნიშნა ზურაბ არსოშვილმა.

ახალი ამბები