დღეს, 18:00 საათზე აჭარის მთავრობის სახლთან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, სტუდენტები ერთად გამართავს საპროტესტო აქციას. აქციის სლოგანია „ნუ აყალბებთ“.
აქცია შეეხება 28 მარტს, ბათუმში მომხდარი ინციდენტის _ საიას წარმომადგენლებსა და აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს ვალერი თელიას შორის, საქართველოს შსს გენინსპექციის მიერ მომზადებულ დასკვნას.
შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე განთავსდა გენერალური ინსპექციის დასკვნა: „გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება, რის შედეგადაც ,,ავერსი"-ს აფთიაქის ვიდეომეთვალყურეობის კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერითა და გამოკითხული პირების ახსნა-განმარტებებით არ დადასტურდა ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა“.
გენინსპექციის დასკვნას სრულად იზიარებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე: „დეტალები სრულად არ ვიცი, მაგრამ ეს დასკვნა, რეალურად უნდა იყოს სამართლიანი. შესაბამისად, ამ დასკვნას ვენდობი“.
მაკა მალაყმაძე, აჭარა