კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბრალდებები გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ წინააღმდეგ

8 მაისი, 2015
 
ლელა ხეჩოშვილი, კახეთი

გურჯაანის მოსახლეობა „ჯეო ჰოსპიტალსის“ თანამშრომლებს უყურადღებობაში ადანაშაულებს. ისინი რაიონული საავადმყოფოდან გათავისუფლებული ძველი კადრების დაბრუნებას ითხოვენ. არასწორი დიაგნოზი და მკურნალობა, შედეგად რამდენიმე გარდაცვლილი - ეს ის ბრალდებებია, რასაც პაციენტები humanrights.ge -თან საუბრისას ასახელებენ.

გურჯაანის მკვიდრი, 57 წლის ზაურ თოდაშვილი „ჯეო ჰოსპიტალსის“ მცხეთის ფილიალში გაურკვეველი დიაგნოზით გარდაიცვალა, სადაც ის გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალის“ კლინიკიდან 13 აპრილს გადაიყვანეს.

გარდაცვლილის მეუღლის განცხადებით, გურჯაანის კლინიკაში მიყვანისას პაციენტის მდგომარეობა 10 წუთის შემდეგ გაუმჯობესდა, თუმცა ექიმებმა იგი ჟანგბადის უკმარისობის გამო რეანიმაციაში გადაიყვანეს. პაციენტის მოსანახულებლად მისულ ახლობლებს ზაურ თოდაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაში დახვდათ. ახლობლებმა მისი თბილისში გადაყვანა მოითხოვეს, რასაც ექიმების წინააღმდეგობა მოჰყვა. ექიმებმა ასევე უარი განაცხადეს თოდაშვილისთვის ტომოგრაფიის გადაღებაზე, მიზეზად კი, პაციენტის მძიმე წონა დაასახელეს. (იმ დროისთვის პაციენტი 120 კგ-ს იწონიდა) ამის შემდეგ პაციენტის მეუღლეს, ციცინო თოდაშვილს აცნობეს, რომ ზაურ თოდაშვილი, დიალიზის გაკეთების მიზნით, მცხეთის კლინიკაში სასწრაფოდ უნდა გადაეყვანათ. თუმცა, ციცინო თოდაშვილის თქმით, რეანომობილი 12 საათის დაგვიანებით მივიდა. მცხეთის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში შეყვანიდან რამდენიმე წუთში პაციენტი გარდაიცვალა.

„მცხეთაში ექთანს წამოსცდა, პაციენტს შემოყვანისას გვამური ლაქები ემჩნეოდა და პულსის მაჩვენებელი 25 ერთეული იყო, რაც გარდაცვალების ნიშანიაო“, - განაცხადა თოდაშვილის ძმისშვილმა. 

ზაურ თოდაშვილის ახლობლების თქმით, პაციენტის გარდაცვალების მიზეზი გაურკვეველია. იგი საავადმყოფოში ვირუსული ინფექციის დიაგნოზით შეიყვანეს, რეანიმაციაში კი, მისი მდგომარეობა სასიკვდილოდ დამძიმდა. გარდაცვლილის მეუღლე ექიმებს, სადაზღვევო თანხის მოზიდვის მიზნით, დროის გაყვანაში ადანაშაულებს.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანის მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრის მენეჯერის ნიკოლოზ ლომინაძის განცხადებით, გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ რეანიმაციული განყოფილებიდან კატასტროფის ბრიგადას, ხშირ შემთხვევაში, პაციენტები მცხეთის ფილიალში გადაჰყავთ, მიზეზად კი, საჭირო აპარატურის აღნიშნულ ფილიალში არსებობას ასახელებს.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩვენს კლინიკაში 6 პაციენტი გარდაიცვალა, საპირველაპრილო ხუმრობაა. „ჯეო ჰოსპიტალსს“ მაღალკვალიფიციური მედპერსონალი ჰყავს, რომელიც პაციენტებს სათანადო მომსახურებას უწევს. მართალია, ყველა პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი სტატისტიკურად დასაშვებ პროცენტს არ აღემატება“,- განაცხადა გურჯაანის  „ჯეო ჰოსპიტალსის“ მენეჯერმა, ნიკოლოზ ლომინაძემ.

გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის მცხოვრები 59 წლის ტარიელ როსტიაშვილი კიდევ ერთი მათგანია, რომელიც გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკიდან კატასტროფის ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში მყოფი თბილისში, გულსისხლძარღვთა კლინიკაში, გადაიყვანა, სადაც ის, სავარაუდოდ, ინფარქტით გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლები კარდიოლოგ სპარტაკ ლეკვეიშვილს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. ახლობლების თქმით, მათ გაიგონეს, თუ როგორ აღიარა ექიმმა საკუთარი შეცდომა  კოლეგასთან. 

„შემდეგ გვითხრეს, რომ კატასტროფის ბრიგადა გამოიძახეს და პაციენტი თბილისში უნდა გადაეყვანათ. ექიმები დაიმალნენ, მხოლოდ ექიმი რეანიმატოლოგი ზურა  ჯაჯანაშვილი დაგვიდგა გვერდით“,- განაცხადა ტარიელ როსტიაშვილის ახლობლებმა.
 
Humanrights.ge კარდიოლოგ სპარტაკ ლეკვეიშვილს დაუკავშირდა. ექიმმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნული შემთხვევა ვერ გაიხსენა.
 
„ჯეო ჰოსპიტალსის“ გურჯაანის კლინიკის მომსახურებით უკმაყოფილება გამოთქვა ადგილობრივმა ანა გოგიშვილმაც. მისი თქმით, კლინიკის ლაბორატორიაში, ანალიზის გაკეთებისას, ელემენტარულ ჰიგიენურ ნორმებს არ იცავენ. 

„ჯეო ჰოსპიტალსის“ ექიმ ნევროპათოლოგის სამსახურეობრივ გულგრილობაზე საუბრობს გურჯაანის მცხოვრები მაია ფირანიშვილი.

„შაბათს დედაჩემი ინსულტით შევიყვანეთ საავადმყოფოში. ექიმები ადგილზე არ იმყოფებოდნენ. გამოვიძახეთ ნევროპათოლოგი და არ მოვიდა, მიზეზად კი დასვენების დღეები დაასახელა და განგვიმარტა, რომ დასვენების დღეების გამოყენებაში ვერავინ შეედავებოდა“,- განაცხადა მაია ფირანიშვილმა.
 
მაია ფირანიშვილის თქმით, ექიმებმა პაციენტს სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარეს, რის გამოც მან ნუნუ ფირანიშვილი სახლში გადაიყვანა, სადაც მკურნალობის კურსი სხვა ნევროპათოლოგმა ჩაუტარა.

„ჯეო ჰოსპიტალსში“ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გურჯაანის სხვა სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებიც საურბობენ. მათი თქმით, ძველი და გამოცდილი კადრები „ჯეო ჰოსპიტალსმა“ გაათავისუფლა, სანაცვლოდ კი, ახლობლები დაასაქმა.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ მენეჯერის, ნიკოლოზ ლომინაძის განცხადებით, ძველი კადრები პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
 
„თუ ვინმე წავიდა, ალბათ, იმიტომ, რომ ფეხი ვერ აუწყო ახალ გარემოებებს. ამჟამად, თითქმის ყველა კადრი თბილისიდან გვყავს მოწვეული და საავადმყოფო სრული დატვირთვით მუშაობს“,- აღნიშნა ნიკოლოზ ლომინაძემ.

გურჯაანის მოსახლეობა დახმარებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსგან ითხოვს. 

ახალი ამბები