კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

"ერეკლეს ხიდმა" შესაძლოა ხალხი შეიწიროს

13 სექტემბერი, 2007

ასპინძის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი, შესაძლოა, რაიონულ ცენტრს მოწყდეს. ივერია, ორგორა, ძველი, საყუდაბელი, ჭობარეთი - ეს ის სოფლებია, რომლებიც ასპინძას ერთადერთი გზით - "ერეკლეს ხიდით" უკავშირდებიან. ამჟამად ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და მასზე გავლა სახიფათოა.

"ერეკლეს ხიდით" ივერიის, ორგორის, ძველის, საყუდაბელის, ჭობარეთის მოსახლეობა ასპინძას, ხოლო ასპინძელები სათიბ-საძოვრებს, ტყეს უკავშირდებიან.

,,არც კი ვიცი რა გითხრათ, ყველაზე ცუდი ის არის, რომ ბავშვები დადიან ხიდზე. უფროსებმა შეიძლება როგორღაც თავს უშველონ მაგრამ პატარები რას იზამენ? მოგვხედოს ვიღაცამ, ეს ხიდი გაგვიკეთოს. რა დიდი ფული ამას უნდა? ან რა ფულით იყიდი ადამიანის სიცოცხლეს", - ამბობს სოფელ საყუდაბელის მკვიდრი ნაზი ბერიძე.

ხიდის მშენებლობა 1967 წელს დაიწყო და რვა წელიწადს გაგრძელდა. ხიდი "ერეკლეს ნახიდართან", ანუ იმ ადგილას არის აგებული, სადაც რამდენიმე საუკუნის წინ ერეკლე მეფემ ასპინძის ბრძოლა გამართა. ამის გამო მოსახლეობა მას "ერეკლეს ხიდს" უწოდებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიის მკვიდრის თამაზ ღორჯომელაძის თქმით, მძიმეწონიან ავტომანქანებს ხიდი დიდხანს ვეღარ გაუძლებს.

"ხიდი შესაკეთებელი რომ არის, ამას ყველა ხედავს. ფეხით სავალი საერთოდ გაფუჭებული და ჩატეხილია, მოაჯირებიც მორღვეული და დამტვრეულია. ხიდზე ბევრი ორმო და ამოშვერილი რკინაა, რომელიც მანქანის საბურავებს აზიანებს".

სხვა საშიშროებაზე საუბრობს ამავე სოფლის მცხოვრები რომან სურმანიძე. ის ამბობს, რომ ნასვამ მდგომარეობაში ხიდზე ფეხით გავლა სიცოცხლისთვის საშიშია და ადამიანმა არ უნდა გარისკოს.

"წვიმასა და თოვლში დიდი შანსია, მანქანა მოცურდეს. ხიდზე შემოსვლამდე ცუდი მოსახვევია. თუ ვერ მოზომე და ავტომანქანა მოგიცურდა, შეიძლება მტკვარში აღმოჩნდე. ავტომობილის სავალ გზაზე მეტად ფეხით სავალი ნაწილია შესაკეთებელი", - ამბობს რომან სურმანიძე.

ხიდი რომ შესაკეთებელია, ამას ასპინძის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი როსტომ წიკლაურიც ადასტურებს. მისი თქმით, ხიდის ჩამონგრევის საშიშროება არ არსებობს, თუმცა სავალი ნაწილი რამდენიმე ადგილას დაზიანებულია და აუცილებელია ხიდის რეაბილიტაცია.

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის ბესიკ სანდოძის განცხადებით, ხიდი სამანქანო გზებს აკავშირებს ერთმანეთთან, ის ადგილობრივი მნიშვნელობის არ არის და მასზე საგზაო სამმართველომ უნდა იზრუნოს: "მუნიციპალიტეტს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები მხოლოდ იმ ხიდების ასაშენებლად და შესაკეთებლად შეუძლია გამოყოს, რომელსაც თვითონ ააშენებს ან აუშენებია, დანარჩენი ხიდები და გზები საგზაო სამმართველოს კომპეტენციაა".

სანამ ადგილობრივი ჩინოვნიკები გაარკვევენ, ვინ უნდა იზრუნოს ხიდის რეაბილიტაციაზე, ისტორიული ხიდი, შესაძლოა, ისევე მოულოდნელად ჩაინგრეს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ ბახმაროში მოხდა.

გულო კოხოძე, ასპინძა

ახალი ამბები