თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმრობაში დატოვეს
თბილისი.30.03.05.მედიანიუსი. თბილისის საოლქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა თავდაცვის სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილის ზურაბ ხუციშვილის ადვოკატის მოთხოვნა მისთვის სამთვიანი წინასწარი პატიმრობის მოხსნის შესახებ.
გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ხუციშვილი გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინათ დააკავა და მას ყაზარმების რემონტის დროს თაღლითობის გზით ფულის მითვისებაში ედება ბრალი. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა სასამართლომ 25 მარტს შეუფარდა.
ამავე ბრალდებით დაკავებულია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის ხარისხის კონტროლისა და კომუნალური უზრუნველყოფის სამმართველოს ყოფილი ინსპექტორი გია ხელოიშვილი, რომელსაც წინასწარი სამთვიანი პატიმრობა სასამართლომ 28 მარტს შეუფარდა.