2006-10-03. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია უკვე დაინტერესდა აბაშის რაიონის სოფელ მარანთან 3 ოქტომბერს მომხდარი ინციდენტით, როდესაც პოლიციამ ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფის ოპერატორი გია დვალიშვილი დააკავა.
„იმედი“ ადგილობრივი მოსახლეობის საპროტესტო აქციას აშუქებდა.
ტელეკომპანიის ცნობით, თავდაპირველად სამართალდამცავები ოპერატორისთვის კამერის წართმევას შეეცადნენ, შემდეგ ის დააკავეს, თუმცა, მალევე გაანთავისუფლეს.
ტელეკომპანია „იმედი“ „შეახსენებს სამართალდამცავებს, რომ მსგავსი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, რაც 154-ე მუხლის მეორე პუნქტშია მითითებული: „ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარა ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება ისჯება ჯარიმით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დატოვებით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3 წლამდე ვადით“.