მართლმსაჯულება
30 ივნისი, 2009
შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გამომძიებლებმა რესპუბლიკური პარტიის წევრის და „ალიანსი საქართველოსთვის“ ყვარლის რაიონული შტაბის უფროსის, ვანო ლომიძის მიმართ გამოძიება დაასრულეს. ლომიძეს ბრალი ცრუ დასმენასა და თაღლითობის მომზადებაში ედება, რაც 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასწარი გამოძიების დროს ლომიძემ დანაშაული აღიარა. მან განაცხადა, რომ საკუთარი ავტომანქანა პიარის მიზნით დაწვა, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ლომიძე ამჟამად დანაშაულს არ აღიარებს და ამის შესახებ განცხადების გაკეთებას სასამართლო პროცესზე გეგმავს. ბრალდებულის ადვოკატი ვაჟა ვარადაშვილი ვარაუდობს, რომ გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე, შესაძლოა, ზეწოლა მანამდე განხორციელდეს, სანამ ყვარლის სასამართლო მის საქმეს განიხილავს.