მართლმსაჯულება
27 მაისი, 2009
სიღნაღის პოლიცია "ალიანსი საქართველოსთვის" რაიონული შტაბის წარმომადგენლებს და ოპოზიციის მხარდამჭერებს დევნის. სამართალდამცავებმა ილია ხუციშვილი, ზაზა ფხოველიშვილი, ომარ და თემურ ტალიაშვილები პარასკევს, 22 მაისს, საღამოს დააკავეს. ისე, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებულთათვის დაკავების მიზეზი არ განუმარტავთ, ისინი 5 საათის განმავლობაში შს სიღნაღის რაიონული სამმართველოს წნორის ქვეგანყოფილებაში ამყოფეს. ამ ხნის მანძილზე სამართალდამცავებმა დაკავებულებს არც იმის საშუალება მისცეს, რომ ხუციშვილს, ფხოველიშვილს და ტალიაშვილებს ადგილსამყოფელის შესახებ ოჯახის წევრებისთვის ეცნობებინათ. გათავისუფლებამდე პოლიციის თანამშრომლები დაკავებულებს დაემუქრნენ, რომ ამჯერად მათ ავტომანქანაში ნარკოტიკები არ აღმოჩნდა, მაგრამ თუ ისინი ოპოზიციის მხარდაჭერას არ შეწყვეტენ, ნარკოტიკებს აღმოუჩენენ.
22 მაისი, 2009
ეს ამბავი კრიმინალურ ისტორიასაც ჰგავს, მძაფრსიუჟეტიან საექიმო სერიალსაც, ერთი თაღლითობის ისტორიასაც, აბსურდის დრამასაც... ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად. მასში აბსურდის კვანძი მოგვიანებით, სასამართლო დარბაზებში, შეიკვრება, წინაისტორია კი სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო ჰგავს. ყველაფერი ერთი დისერტაციის ისტორიით დაიწყო. თბილისელმა მეცნიერმა ყირგიზეთში მეცნიერული კვლევა ჩაატარა. იგი, ექიმ-გინეკოლოგი, ამ მუსლიმანურ ქვეყანაში მოგროვილ ემპირიულ მასალაზე სტერილიზაციის, ანუ შობადობაზე კონტროლის პრობლემას, შეისწავლიდა. ეს თითქმის ისევე ძნელი იქნებოდა, როგორც არქტიკაში ჟირაფების შობადობაზე ან მწერების მიმიკრიაზე დაკვირვება, რადგან სტერილიზაცია ქირურგიული ჩარევის შედეგად გამრავლების უნარის დაკარგვას ნიშნავს და მუსლიმანურ ქვეყნებში ადათით, რელიგიით და, მათგან გამომდინარე, კანონითაც პირდაპირ ან ირიბად იკრძალება. მეცნიერმა ემპირიული მასალა მაინც მოიპოვა, კვლევაც ჩაატარა და დისერტაციაც დაიცვა. ყირგიზეთის მთავრობასთან არსებულმა სადისერტაციო კომისიამ მას სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიანიჭა. ეს 1985 წელი იყო - ისტორიის დასაწყისი. შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა.