სტატია
18 ივნისი, 2010
ახალგორის ადმინისტრაციულ
საზღვართან რუსი სამხედროები, ყავისფერლაქებიან-ხაკისფერ ვაგონთან ერთად,
აკურატულად გამოიყურებიან. თუკი თვალწინ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის
დღეები გაგირბენს და გაგახსენდება, როგორი დაფეთებით ელოდა თბილისი რუსული
ტანკების ქალაქში შემოჭრას, ავტომატურად იგულისხმებ, რომ აქაც, ახალგორის
რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, სასტიკი სახის რუსები უნდა იდგნენ... მაგრამ
საქმე მთლად ასე არაა. 18-20 წლის ცხვირპაჭუა რუსი წვევამდელები ისეთი
სახით დგანან, თითქოს ავტომატის ნაცვლად, ხელში სათამაშო ეჭიროთ. ისინი
ახალგორსა და მიმდებარე სოფლებში მიმავალ მგზავრებს თავაზიანი ღიმილით
არეგისტრირებენ. ეტყობათ, ბრძანება აქვთ ასეთი.